მთავარი,სიახლეები

დეპუტატები უმაღლესი საჭოს 2018 წლის ბიუჯეტზე იწყებენ მუშაობას

13.05.2017 • 2014
დეპუტატები უმაღლესი საჭოს 2018 წლის ბიუჯეტზე იწყებენ მუშაობას

უმაღლესი საბჭო თავისი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს. დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ ბიუროს განსახილველ საკითხთა შორისაა. ბიუროს სხდომა მიმდინარე წლის 15 მაისს არის ჩანიშნული.

უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიამ საბჭოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე უკვე იმსჯელა. კომისიის თავმჯდომარის, გიორგი რომანაძის თქმით, არსებული პროექტით, რომელიც ჯერ მხოლოდ სამუშაო ვერსიაა, მიმდინარე წელთან შედარებით უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი მომავალი წლისთვის უმნიშვნელოდ მცირდება.

„ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, პროექტის იმ მუშა ვერსიით, რაც გვაქვს, იგიგივე რჩება, თუმცა ხელფასების მუხლი მცირდება იქედან გამომდინარე, რომ საბჭოში შევქმენით ნაკლები ფრაქცია ვიდრე იყო შესაძლებელი, ანუ დაფინანსებაც მეტი იყო გათვლილი. აღარ იქნება მოწვეული სპეციალისტების ხელფასებიც; ამასთან, ვალდებულება აქვს საბჭოს, რომ თუ ვინმეს საცხოვრისი არ აქვს, დეპუტატებია მხედველობაში, მათთვის ბინის დაქირავების თანხა ყოფილიყო და ამასაც ამოვიღებთ,“ – ამბობს გიორგი რომანაძე.

უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელსაც ბიუროზე ორშაბათს გაიტანენ, შესაძლოა 100%-ითაც კი შეიცვალოს, ვიდრე საბოლოო სახეს მიიღებს. ამისთვის კი დეპუტატებს, რომლებიც თავად ამტკიცებენ საკუთარ და მთლიანად აჭარის ბიუჯეტს, დრო მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე აქვთ.

მიმდინარე 2017 წელს, უმაღლესი საბჭოს მთლიანი ბიუჯეტი 4 მილიონ 846 ათას 800 ლარია, აქედან ხელფასებსა და პრემიებში 3 მილიონ 464 ათას ლარი დაიხარჯება.

უმაღლეს საბჭოში 125 ადამიანია [წევრების ჩათვლით] დასაქმებული. მათი შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა კი წელს შემდეგნაირად გადანაწილდება:

[checklist]

  • თანამდებობრივი სარგო – 1 943 520 ლარი;
  • პრემია – 24 600 ლარი;
  • დანამატი – 930 080 ლარი;
  • კომპენსაცია [სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელება] – 565 800 ლარი.

[/checklist]

გარდა ამისა, წელს, უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებისთვის მთელი წლის განმავლობაში ჯამში 735 200 ლარია გათვალისწინებული, რომელიც ასე გადანაწილდება:

[checklist]

  • ფრაქციების აპარატები – 545 600 ლარი;
  • მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლები – 97 200 ლარი;
  • სხვა შტატგარეშე მოსამსახურეები – 92 400 ლარი.

[/checklist]

უმაღლესი საბჭოს ბიურო მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გარდა, ორშაბათის სხდომაზე შემდეგ საკითხებსაც განიხილავს:

[checklist]

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური შესრულების მიმოხილვა;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე [ინიც. მთავრობის თავმჯდომარე];
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

[/checklist]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: