წარმატებული მასწავლებლები ეროვნულ ჯილდოს მიიღებენ

კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ერთობლივ, „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს“ აწესებენ, რომელიც წელიწადში ერთხელ გაიცემა.

რა პრინციპით მოხდება პედაგოგების შერჩევა და რამდენი იქნება საპრიზო ფონდი, მსგავსი ტექნიკური დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თუმცა, როგორც  „ბათუმელებს“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში უთხრეს,  მსგავსი ტექნიკური დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა პრიზის მისაღებად კონკურსი გამოცხადდება.

„ამ დროისთვის ვერც იმას ვიტყვით, წელიწადში რამდენი მასწავლებელი აიღებს „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს“- აცხადებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი მონაწილეობას მიიღებს მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს მისაღებ კონკურსში, რომელიც ყოველწლიურად დუბაიში ტარდება.

„ამ კონკურსში აქამდე ქართველი პედაგოგები არ მონაწილეობდნენ, წელს პირველად დაუშვეს საქართველო.  ჩვენ ეროვნულ ჯილდოს ვაწესებთ, მაგრამ ეროვნული ჯილდოს მფლობელის აპლიკაცია გაიგზავნება მსოფლიო ჯილდოზე მონაწილეობის მისაღებად.

მასწავლებლის მსოფლიო ჯილდო (Global Teacher Prize)  იმ პედაგოგებს გადაეცემათ, რომლებიც კრეატიულობით, განსხვავებული, წარმატებული სწავლის მეთოდებით გამოირჩევიან.

ცენტრის ინფორმაციით, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ არის გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას და  წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com