მთავარი,სიახლეები

რა თემებს განიხილავენ ევროპის კულტურის პარლამენტის ქართველი წევრები როტერდამში

13.05.2017 • 2169
რა თემებს განიხილავენ ევროპის კულტურის პარლამენტის ქართველი წევრები როტერდამში

ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში, ევროპის კულტურის პარლამენტის სესიები მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოდან დელეგატები: ლევან ხეთაგური და ნათია სირაბიძე, ასევე ახალგაზრდული ქსელის წარმომადგენელი, ლევან დვალი ესწრებიან.

ნათია სირაბიძის თქმით, სესიების მთავარი მთავარი თემაა ევროპაში ემიგრანტების შემოსვლის საკითხი, კერძოდ, რამდენად დიდ როლს თამაშობს დღევანდელი ევროპის კულტურის შექმნაში ემიგრანტების კულტურა: „ერთ-ერთი კარგი მაგალითი იყო, ევროპულ ქალაქებში არქიტექტურის განვითარება და ცვლილება, რადგან დევნილების დასახლებები თავის კვალს ტოვებს ყველა ქვეყანაში.“
ნათია სირაბიძემ ვორქშოპზე  – „კრეატიული პროცესი“ – აჭარაში არსებულ ინკლუზიურ ცენტრებზე ისაუბრა: „ჩვენთან საკმაო პროგრესია ინკლუზიური ბავშვების ხელოვნებაში ჩართვის. არაჩვეულებრივ ხელნაკეთ ნივთებს ქმნიან ბავშვები და ეს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციასაც ემსახურება. მეორე მხრივ, იმდენად დიდ ენერგიას და სიკეთეს დებენ ინკლუზიური ცენტრის ბავშვები მათ ნახატებში და ისეთ განწყობას უქმნიან მნახველს, რომ ეს შეიძლება განკურნების ეფექტის მატარებელიც გახდეს. შშმ ბავშვები გაცილებით უფრო კრეატიულები არიან, ვიდრე ჩვენ და კარგი იქნება მათი ღონისძიებებში ჩართვა, მათ შორის დისკუსიებში“ – ამბობს ნათია სირაბიძე „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, როტერდამში სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა ვორქშოპი და პანელური დისკუსია გაიმართება, რომელთა შორის აღსანიშნავია არქიტექტურის და ურბანული დაგეგმარების მნიშვნელობა, დღეს კი  პარლამენტარების წინაშე ლევან ხეთაგური წარმოადგენს გასული წლის ანგარიშს და სამომავლო გეგმებს კულტურის აკადემიის საქართველოში შექმნასთან დაკავშირებით.

 „კულტურული აკადემია მოიცავს კულტურულ დიპლომატიას, სადაც საერთაშორისო დიპლომატები, საგარეო საქმეთა მინისტრები, ელჩები და ხელოვანები შეხვდებიან მსმენელებს და ჩაუტარებენ ლექციებს. აკადემიის შემადგენლობა ყოველ წელს გაიზრდება უცხოელი სტუდენტების ხარჯზე, შესაბამისად,  ქართველი სტუდენტებისთვის გაფართოვდება პროფესიული ქსელი. ბათუმს აქვს შესაძლებლობა, მომავალ წელს გახდეს აკადემიის მასპინძელი,“ – ამბობს ნათია სირაბიძე.

ნათია სირაბიძე ევროპის კულტურის პარლამენტის შესარჩევმა კომიტეტმა პარლამენტის ახალ წევრად 2017 წლის იანვარში დაამტკიცა. ევროპის კულტურის პარლამენტმა გასულ წელ გასვლითი სხდომა საქართველოში, ბათუმში ჩაატარა. ორგანიზაცია აერთიანებს 160 წევრს ევროპის 43 ქვეყნიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: