სიახლეები

რომელ სკოლაში გაგრძელდება პირველკლასელთა რეგისტრაცია

01.06.2014 • 3007
რომელ სკოლაში გაგრძელდება პირველკლასელთა რეგისტრაცია

 

პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება, მაგალითად, ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში. ამ სკოლას წელს 7 პირველი კლასი ექნება, სადაც 175 ბავშვი შეძლებს სწავლას. აქ პირველკლასელები მეორე ცვლაში ისწავლიან. წინა წლებთან შედარებით მეტი პირველკლასელის მისაღებად მზად არიან: მე-3, მე-10, მე-14, მე-15 სკოლები, ასევე 22-ე სკოლა, რომელიც ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, შარაბიძეებში მდებარეობს.

 

 

2014-2015 სასწავლო წლისათვის სკოლებმა პირველკლასელთა მიღების კვოტა, მთლიანობაში, 2166 ბავშვით განსაზღვრეს (გასულ წელს ბათუმის სკოლებში 1750 პირველკლასელი იყო). ეს იმას ნიშნავს, რომ წელს, შარშანდელისგან განსხვავებით, 416 მოსწავლით მეტის მიღებას გეგმავენ საჯარო სკოლები. წელს ბათუმიდან საქართველოს განათლების სამინისტროს დაბალი ასაკობრივი კატეგორიის 460 სასკოლო მერხიც მოსთხოვეს დამატებით.

 

 

„წელს ბათუმის საჯარო სკოლებმა, თავიანთი მატერიალურ ტექნიკური ბაზიდან გამომდინარე, 91 პირველი კლასის გახსნა გადაწყვიტეს. ჯამში 2166 მოსწავლეს მიიღებენ“, – ამბობს ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე.

 

 

პირველკლასელთა კვოტის გაზრდის პარალელურად ცალკეულმა სკოლებმა მისაღები კონტინგენტი შეამცირეს, მაგალითად, ბათუმის პირველმა და  მეორე სკოლამ მხოლოდ 125-125 მოსწავლე მიიღო, ხოლო მესამე საჯარო სკოლამ -175  მოსწავლე.   მაშინ, როცა, მაგალითად, შარშან პირველ საჯარო სკოლას 180 პირველკლასელი ჰყავდა. 

გოჩა დავითაძის თქმით,  „პირველი და მეორე სკოლების შემთხვევაში შემცირება გამოიწვია იმან, რომ წელს პირველ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა იყოს 25-ზე მეტი. გასულ წელს ზღვარი იყო 30 მოსწავლე. ამანაც გამოიწვია კონტინგენტის შემცირება.“

 

 

ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, ერთ კლასში 25 ბავშვზე მეტი არ უნდა იყოს.  სკოლებს ამ გადაწყვეტილებამ მთელი რიგი პრობლემები შეუქმნა. იმის გამო, რომ ახალი კლასები ვერ გახსნეს, მისაღები კონტინგენტი შეამცირეს. 

 

 

რაც შეეხება პირველკლასელთა რეგისტრაციას, ის სამ ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპი 2 მაისს დასრულდა. პირველ ეტაპზე საჯარო სკოლებში დარეგისტრირდნენ ის მოსწავლეები, რომელთა და-ძმაც სწავლობს კონკრეტულ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია, რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 20 მაისს დაიწყო და 20 ივნისს უნდა დასრულდეს. 

 

 

მესამე ეტაპზე განხორციელდება იმ მოსწავლეების რეგისტრაცია, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I და II ეტაპზე და წარადგენენ შესაბამის დოკუმენტებს. მესამე ეტაპის რეგისტრაცია  10 ივლისს  დაიწყება და 18 ივლისს დასრულდება. 

 

 

კითხვაზე, კლასებში მოსწავლეთა შეზღუდული რაოდენობის გამო ხომ არ დარჩება რომელიმე ბავშვი სკოლის მიღმა, ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პასუხობს:

 

 

„მართალია, ბათუმში რამდენი პირველკლასელია, ზუსტი მონაცემი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ არც ერთ სკოლაში პრობლემა არ შეგვექმნება. ზოგიერთ სკოლას, თუ საჭირო იქნება, გაეზრდება კონტინგენტი, თუ შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აქვს და საკლასო ოთახი“.

 

 

არსებული მონაცემი არ არის საბოლოო. ცნობილია, რომ ბათუმის ბაღების გაერთიანებამ გასულ სექტემბერში ბაღის ასაკის ყველა ბავშვის მიღება ვერ შეძლო უადგილობის გამო. შესაბამისად, ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი პირველკლასელი იქნება წელს ბათუმში, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პირველკლასელთა რეგისტრაცია დასრულდება.

პირველკლასელთა რეგისტრაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვეგვერდზეა _ www.mes.gov.ge  შესაძლებელი, ასევე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე:www.registration.emis.ge სპეციალური სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით.

 

გადაბეჭდვის წესი