მთავარი,სიახლეები

ტარიელ ნაკაიძის მიმართვა ბათუმის მეჩეთში: დღეს დაგვირეკა ზურაბ პატარაძემ მეჩეთის თაობაზე

12.05.2017 • 6460
ტარიელ ნაკაიძის მიმართვა ბათუმის მეჩეთში: დღეს დაგვირეკა ზურაბ პატარაძემ მეჩეთის თაობაზე

„იმ ზარის შემდეგ, რომელიც მთავრობის თავმჯდომარის მიერ განხორციელდა ჩვენთან, იმედი მაქვს, რომ კონსტრუქციულად შეიცვლება ეს ყველაფერი და დიდი დავის გარეშე აშენდება მეჩეთი აჭარაში, ბათუმში, ჩვენს საკუთარ მიწაზე. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაცნობებთ რა სახის ღონისძიებები უნდა განვახორციელოთ და როგორ ვიმუშავოთ. საინიციატივო ჯგუფი იკრიბება ლოცვის შემდეგ ამ თემაზე სასაუბროდ და მობრძანდით“, – ასე მიმართა ტარიელ ნაკაიძემ „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ დამფუძნებელმა დღეს, პარასკევის ლოცვაზე შეკრებილ მლოცველებს ბათუმში მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით.

12 მაისი. ლოცვა ბათუმის მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე

12 მაისი. ლოცვა ბათუმის მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე

ტარიელ ნაკაიძის თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, მას დღეს დილით დაურეკა და უთხრა, რომ, როცა ბათუმში ჩამოვა მათ შეხვდება. „თქვა, რომ ერთობლივად მოვაგვარებთ ამ საკითხსო, თუ რა იგულისხმა მოგვარებაში ამაზე დეტალურად არ უსაუბრია“, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე.

ტარიელ ნაკაიძე პარასკევის ლოცვაზე ასევე გამოეხმაურა ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის გუშინ გამოცემულ ბრძანებას, რის მიხედვითაც ბათუმში მეჩეთი ვერ აშენდება. ტარიელ ნაკაიძემ მლოცველებს ჰკითხა, ბათუმში არსებული მეჩეთის გაფართოებას ემხრობიან თუ ახალი მეჩეთის მშენებლობას. ამ კითხვაზე მლოცველებმა ერთხმად დაიძახეს, რომ ემხრობიან ახალი მეჩეთის მშენებლობას.

„მე თქვენ გადაწყვეტილებას მივყვები და ამის მიხედვით ვიმუშავებ. დამერწმუნეთ, რომ ბათუმში ახალი მეჩეთი ძალიან მალე აშენდება. გუშინ, მოხდა ის, რომ ჩავყარეთ საფუძველი ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის და მერიამ სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო, სამწუხაროდ. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი ხელისუფლებასთან თანამშრომლობის, პირიქით – როცა გვქონდა შეხვედრები მთავრობის თავმჯდომარესთან, განვუმარტე ორი რამ – ერთი, რომ ხელისუფლებასთან ერთად, ჩვენს ძმებთან ერთად, მუსლიმთა სამმართველოსთან ერთად, ყველა ერთობლივად გავივლით ამ გზას. ეს არის საუკეთესო და მომავალი თაობებისთვის ისტორიული გზა. მაგრამ თუ ეს არ გამოგვივა, თუ ამაზე ვინმე არ დაგვთანხმდება უკანონოდ, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მეორე გზა – ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანი გზაა. საქართველო ეს არის ჩვენი სამშობლო და საქართველოში არავის აქვს უფლება, მათ შორის არც ხელისუფალს, რომ ხელი შეგვიშალოს მეჩეთის მშენებლობაში“.

ტარიელ ნაკაიძემ ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ჩაერთოს მეჩეთის აშენებისთვის განკუთვნილი თანხების მონიტორინგში: „ვისაც აქვს ეჭვი ჩვენი ფინანსური მხარდაჭერის ნაწილში, ჩვენ მიმართ. მე ვეუბნები ყველას, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს – მოწინააღმდეგეს თუ მოსურნეს, უფლება აქვს შემოგვიერთდეს კომისიაში, რომელიც ითვალისწინებს კონტროლს და ზედამხედველობას. გამოთქვას თავისი აზრი. არ აქვს მნიშვნელობა, ქრისტიანი იქნება ის, მუსლიმი თუ საერთოდ ურწმუნო. ჩაუღრმავდეს და შეისწავლოს, როგორ ვაშენებთ მეჩეთს“.

თავისი მიმართვის დასასრულს ტარიელ ნაკაიძემ კიდევ ერთი მოწოდებით მიმართა ხელისუფლებას და საზოგადოებას: „მხოლოდ მუსლიმებისგან ნუ მოვითხოვთ კონსტრუქციულობას. მხოლოდ მუსლიმებისგან ნუ მოვითხოვთ დათმობებს, მხოლოდ მუსლიმებისგან ნუ მოვითხოვთ საკუთარ უფლებებზე უარის თქმას. ხელისუფლებამ გათვალოს თავისი ქმედება და ის, რაც გააკეთა მოხეში, არ გაგვიკეთოს აჭარაში“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: