სოფელ ვაიოში მცხოვრები: ელექტროსისტემა ჩემი საკუთრების უკანონოდ გამოყენებას ცდილობს

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში მცხოვრები ჯამბულ მახაჭაძე ამბობს, რომ კომპანია ელექტროსისტემა მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის გამოყენებას უკანონოდ ცდილობს.

„როცა სოფელში ელექტროგადამცემი ხაზის დამპროექტებელი ჩამოვიდა, ვუთხარი, რომ წინააღმდეგი ვიყავი ანძა ჩემს ნაკვეთში განთავსებულიყო.  მითხრეს, აგაცილეთ და თქვენთან შეხება არ გვექნებაო. ანძა მეზობლის ნაკვეთში ჩასვეს, აღმოჩნდა, რომ ჩემს ნაკვეთში უნდა გავიდეს ელექტროგადამცემი ხაზი, რეალურად დაფარვის ზონაში აღმოვჩნდი და რაც ხეხილი  მაქვს, უნდა გაიჩეხოს, მართალია, ის ტერიტორია, სადაც ანძა განათავსეს,  მათია და წინააღმდეგი ვერ წავალ, მაგრამ სადენების გაყვანით მე ზიანი არ უნდა მომადგეს.

კომპანიის წარმომადგენლებმა პირველად ჩემს ნაკვეთში შემოსვლა 31 მარტს სცადეს, როცა გავაპროტესტე და მედიამ გააშუქა ეს ამბავი, ყველა წავიდა, მას შემდეგ არავინ გამოჩენილა, დღეს კი  მოვიდა რამდენიმე მუშა, არ მივეცი მუშაობის უფლება, გადაურეკეს მათ უფროს, დღის განმავლობაში ამოვალთო მითხრეს და წავიდნენ.

4000 მეტრამდე ნაკვეთი მიწა, რომელიც სადენებით უნდა გადაიფაროს, ჩემი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. ამ ნაკვეთზე ბოსტნეულიც მომყავს და მრავალწლოვანი ხეხილიცაა გაშენებული. თუ არ შემითანხმდებიან, არ მივცემ უფლებას ხეხილი გამიჩეხონ, მიწა ჩემი საკუთრებაა და არავის არ აქვს უფლება უკანონოდ, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე გამოიყენოს,“- ამბობს ჯამბული.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის პროექტების, ნებართვებისა და ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსი ლევან გოგინიძე ადასტურებს, რომ მახაჭაძეების მიწის ნაკვეთზე ელექტროგადამცემი ხაზი გავა და დასძენს, რომ მუშაობის მცდელობა მახაჭაძეების ნაკვეთში შეთანხმების გარეშე არ ყოფილა:

„მიწის ნაკვეთის აღწერა მოხდა, დავითვალეთ ნაკვეთზე არსებული ხე-მცენარეები, კვადრატულობა, ის,  რომ ყველაფერი აღირიცხა და აღიწერა, მეტყველებს იმაზე, რომ ოჯახთან შეუთანხმებლობა არ ყოფილა. ჩვენ გვქონდა სიტყვიერი შეთანხმება, შეთავაზებული თანხის ოდენობაც იცის, მხოლოდ ხელშერულება არ გვქონია გაფორმებული, მზად ვართ ორშაბათს გავუფორმოთ ხელშეკრულება, რაც შეეხება შეთავაზებული თანხის ოდენობას, მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე უფლება არ მაქვს დავასახელო.“

სოფელ ვაიოს მოსახლეობამ, კომპანია საქართველოს ელექტროსისტემას, სოფლის გზა პირველად 31 მარტს გადაუკეტა და სპეციალური ტექნიკა სოფელში არ შეუშვა, მოსახლეობა მაშინ კომპანიას იმ სამედიცინო დასკვნას სთხოვდა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ვაიოში, მაღალი ძაბვის, 220 – კილოვოლტიანი ხაზის გაყვანა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას არ გამოიწვევდა. მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობისთვის სოფელ ვაიოში ერთი ოჯახის განსახლება დარჩა საჭირო. ანძა აქ რამინ მახაჭაძის საცხოვრებელ სახლის მიმდებარედ დაიდგა, ხოლო ეხსან, თეიმურაზ, მაია, ჯიმშერ და ჯონი გორგილაძეების საკუთრებაში არსებული ქონება უკვე დაექვემდებარა ექსპროპრიაციას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი