მთავარი,სიახლეები

ოთხი ახალი უვადო მოსამართლე აჭარაში

12.05.2017 • 3220
ოთხი ახალი უვადო მოსამართლე აჭარაში

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ქვეყნის მასშტაბით 64 მოსამართლე უვადოდ გაამწესა. მათ შორის 4 – აჭარაში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში უვადო მოსამართლეებად დაინიშნენ: თამარ ბეჟანიშვილი და ლევან გელოვანი. ადმინისტრაციულ კოლეგიაში – ლაშა თავართქილაძე.

ლევან გელოვანს მოსამართლის გამოცდილება არ აქვს. ის მოსამართლის მანტიას პირველად ბათუმის სასამართლოში მოირგებს. ლევან გელოვანი აქამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. ბოლოს იგი მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის უფროსი კონსულტანტი ყოფილა.

უვადოდ დანიშნული თამარ ბეჟანიშვილი 2012 წლიდან განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. 2007-2009 წლებში იგი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო, 2009-2011 წლებში ყვარლის სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2011-2012 წლებში სოხუმის და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა.

კიდევ ერთი ახალი მოსამართლე – დავით გელაშვილი უვადოდ ხელვაჩაურის რაიონულ სასმართლოში დაინიშნა. დავით გელაშვილი ბათუმელებისთვის ნაცნობი მოსამართლეა. იგი 2007-2009 წლებში მუშაობდა ბათუმის სასამართლოში. შემდეგ წლებში კი, ახალქალაქის, წალენჯიხის და ზუგდიდის სასამართლოებში მუშაობდა მოსამართლედ. ამჯერად დავით გელაშვილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრანტი მოსამართლე იქნება ქედის მუნიციპალიტეტში.

ხელვაჩაურის სასამართლოდან მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი ამბროლაურში გადავიდა. უვადოდ მოსამართლედ იგი ონის მუნიციპალიტეტში გამწესდა მაგისტრანტი მოსამართლის სტატუსით. ხელვაჩაურის სასამართლოში ლეილა გურგუჩიანი მოსამართლედ 2012 წლიდან მუშაობდა. მანამდე ორი წელი ადვოკატობდა. ადვოკატობამდე კი, ზუსტად 20 წლის განმავლობაში გურგუჩიანი ცაგერის სასამართლოს მოსამართლე იყო.

ამავე თემაზე:

ვინ დანიშნეს 11 მაისს სასამართლო სისტემაში?

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: