სიახლეები

შშმ პირები ბათუმში მათი უფლებების დარღვევაზე საუბრობენ

29.05.2014 • 2561
შშმ პირები ბათუმში მათი უფლებების დარღვევაზე საუბრობენ

 

თომა კაკაბაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ თომა კაკაბაძემ კონკრეტულ ფაქტზე ისაუბრა და თქვა, რომ მძღოლმა მას ავტობუსი არ გაუჩერა:

 

„გუშინ ვმგზავრობდი #16 ავტობუსით. როცა მძღოლს პანდუსის გაშლა ვთხოვე. შეყოყმანდა და სხვას სთხოვა პანდუსის გახსნა. ვინც მახლდა, იმან არ იცოდა პანდუსის გახსნა. მძღოლი იძულებული გახდა, ჩამოსულიყო პანდუსის გასახსნელად. გაჩერებაზე ბარდიულთან მოუხერხებლად გააჩერა, ისე, რომ ოთხი ადამიანი დამჭირდა პანდუსზე ჩამომევლო. უკან დაბრუნებისას იგივე მძღოლი დამხვდა იმავე ავტობუსით. მგზავრებმა მძღოლს უთხრეს პანდუსი გაეხსნა. მძღოლმა ხელი აიქნია და წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში არსებობს ადაპტირებული საზოგადოებრივი ავტობუსები და მძღოლები, რომლებმაც ტრენინინგის საფუძველზე იციან როგორ უნდა მოემსახურონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მაინც ირღვევა შშმ პირთა უფლებები,“ – განაცხადა  თომა კაკაბაძემ.

 

თომა კაკაბაძე აღნიშნულ  ფაქტზე ბათუმის ავტოტრასპორტისგან რეაგირებას მოითხოვს:

 

„ეს იყო დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი. ამ ფაქტზე დავრეკე ცხელ ხაზზე, ვესაუბრე მენეჯერს და იმედი მაქვს, მოყვება სერიოზული რეაგირება. მოვითხოვ ავტოტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელობისგან გადამზადდნენ მძღოლები, ან უფრო კომპეტენტური მძღოლებით შეცვალონ, ან დაამატონ მძღოლებთან ერთად თანმხლები პირები, ვინც შეძლებს მძღოლის ჩამოსვლის გარეშე თვითონ მოემსახუროს და გახსნას პანდუსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ეტლით მოსარგებლე ადამიანისთვის“.

 

ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორი პაატა დუმბაძე ადასტურებს, რომ გუშინ ცხელ ხაზზე საჩივარი დაფიქსირდა. ის ამბობს, რომ მძღოლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მგზავრების მომსახურების ვალდებულებით მუშაობენ. გუშინდელი ფაქტი კი გაუგებრობა იყო და მძღოლმა იმიტომ არ გააჩერა ავტობუსი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გაჩერებაზე არ იდგა.

 

„ტექნიკურმა ჯგუფმა მძღოლებს ტრენინგი ჩაუტარა და ყველა,  ვინც ამ ავტობუსებზე მუშაობს, საქმის კურსშია. საჩივრის დაფიქსირების შემდეგ მოკვლევა გავაკეთეთ. გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. შშმ პირი მგზავრი არ იდგა გაჩერებაზე, ხოლო მას, ვინც ახლდა, იმან მძღოლს ვერ გააგებინა რა სურდა“.

 

მსავსი ფაქტის გამეორების შემთხვევაში თომა კაკაბაძე აპირებს სასამართლოს გზით დაიცვას მისი უფლებები.

გადაბეჭდვის წესი