სიახლეები

რა ქონებას ფლობენ ბათუმის მერობის კანდიდატები

29.05.2014 • 2037
რა ქონებას ფლობენ ბათუმის მერობის კანდიდატები

 

 

 

გოჩა გუგუნავა, „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა“  

ბათუმის მერობის კანდიდატი გოჩა გუგუნავა ფლობს 40%-იან წილს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება GEO TRANS-ში. რეესტრის მონაცემების თანახმად, საზოგადოების საქმიანობის საგანი არაერთ ეკონომიკურ მიმართულებას მოიცავს, დაწყებული სატრანსპორტო მომსახურებით დასრულებული ხე-ტყის გადამუშავებით. ასეთივე საქმიანობის სფერო აქვს კიდევ ერთ შეზღუდული შესაძლებლობის საზოგადოება – შპს თამერლანს, რომლის დირექტორი  2012 წლის 9 ივლისამდე გოჩა გუგუნავა იყო – ამ პოზიციაზე, რეესტრის მონაცემების მიხედვით, აზერბაიჯანის მოქალაქე ვაგიფ ისაევი დაინიშნა, რომელიც ამავდროულად არის შპს თამერლანის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელიც. გოჩა გუგუნავამ 2013 წლის 7 ოქტომბერს, სხვა 4 პირთან ერთად, დააფუძნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქველმოქმედო ფონდი „ბათუმი“, რომელიც, წესდების მიხედვით, მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას, ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერას და ა.შ. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, გოჩა გუგუნავა ამჟამად ფონდის დირექტორია. გუგუნავა კიდევ ერთი შპს-ის დირექტორი და დამფუძნებელია – შპს აჭარის პოკერის ფედერაციაში ბათუმის მერობის კანდიდატი 40%-იან წილსაც ფლობს. საზოგადოების საქმიანობის საგანი, ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ფსიქოლოგიური სტრესის მოხსნა, ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბება და გარკვეული ფინანსური მოგების მიღებაა. გოჩა გუგუნავა 2010 წლის 5 თებერვალს დარეგისტრირებული შპს აჭარა დისტრიბუშენ 2010-ს 20%-იანი წილის მფლობელიც არის. წესდების მიხედვით, შპს ვაჭრობა-დისტრიბუციასა და სხვა ეკონომიკურ საქმიანობაზეა ორიენტირებული. რაც შეეხება გოჩა გუგუნავას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რეესტრში ამაზე ინფორმაცია არ იძებნება. 

 

გიორგი დიასამიძე, საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

ბათუმის საკრებულოს წევრისა და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმდჯომარის გიორგი დიასამიძის  კანდიდატურა ბათუმის მერობაზე საარჩევნო ბლოკმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა. 2013 წლის 1 ოქტომბერს შევსებული თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის თანახმად,  გიორგი დიასამიძე ბათუმში, კლდიაშვილის ქუჩის 13-ში ფლობს 55 კვ.მ. ფართობის ბინას, მისი მეუღლე ზეინაბ გვარიშვილი კი ავტომანქანას – 1997 წლის ტოიოტა RAV4. ამავე დეკლარაციით ირკვევა, რომ გიორგი დიასამიძემ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეობიდან მიღებული შრომის ანაზღაურების გარდა, შემოსავალი საექიმო საქმიანობიდანაც მიიღო –  2012 წელს დიასამიძემ ბათუმის #1 საქალაქო საავადმყოფოში შრომითი ანაზღაურების სახით 9000 ლარი მიიღო. არც გიორგი დიასამიძე და არც მისი მეუღლე არ ფლობენ წილებს კომპანიაში და არც სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან. 

 

გიორგი ერმაკოვი, საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება“

ბათუმის მერობის კიდევ ერთ კანდიდატს, გიორგი ერმაკოვს, 2014 წლის 11 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, თბილისში, სამტრედიის 2-ში 50 კვ.მ. ფართობის ბინა აქვს, დედას, ლიანა მელაძეს კი ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩაზე 95 კვ.მ. ფართობის ბინა ეკუთვნის. 2013 წელს, ბათუმის მერობის მოვალეობის შესრულებამდე, გიორგი ერმაკოვი შპს „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალის დირექტორი იყო. ამ პოზიციაზე მუშაობის დროს ერმაკოვმა სახელფასო ანაზღაურების სახით 17 ათას ლარზე მეტი მიიღო. საარჩევნო ბლოკ „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი 2004-2005 წლებში მუშაობდა აჭარის შსს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსად, ასევე მოგვიანებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის აჭარის ბიუროს უფროსად. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ერმაკოვი და მისი მეუღლე არ ფლობენ წილს რომელიმე კომპანიაში.

 

მერაბ ხიმშიაშვილი, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობის დარბაზი“

2004 წელს დაფუძნებული გაერთიანება „ერთიანობის დარბაზის“ ბათუმის მერობის კანდიდატი მერაბ ხიმშიაშვილი ამჟამად ბათუმში, მემედ აბაშიძის #50-ში ფლობს 75.21 კვ. მ. ფართობის ბინას. მისი მეუღლე ნინო მიქელაძე 2006 წლის 18 აგვისტოს დარეგისტრირებულიშპს M. TOUR-ის 100%-იანი წილის მფლობელი და ხელმძღვანელი იყო, თუმცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების 100%-იანი წილი და მართვაც 2013 წლის ნოემბერში,რეესტრის მონაცემების თანახმად, გოჩა ხიმშიაშვილს გადაეცა.

 

ალექსანდრე თევზაძე, „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)“

„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ბათუმის მერობის კანდიდატი ალექსანდრე თევზაძე ამჟამად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სულიკოს“ დირექტორია, 100%-იანი წილის მფლობელი კი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დავით ანანიაშვილი. წესდების თანახმად, შპს სხვადასხვა სახის კომერციულ საქმიანობაზეა ორიენტირებული. ალექსანდრე თევზაძის საკუთრებაშია 2505 კვ. მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი ხელვაჩაურში, მწვანე კონცხის ტერიტორიულ ორგანოში (საკადასტრო კოდი 22.21.02.079).

გადაბეჭდვის წესი