სიახლეები

36 ახალი სადარბაზო კარი ძველ ბათუმში

28.05.2014 • 5478
36 ახალი სადარბაზო კარი ძველ ბათუმში

 

 

ახალი სადარბაზო კარი ჟორდანიას ქუჩაზე
ახალი სადარბაზო კარი ჟორდანიას ქუჩაზე

სამუშაოებს ბათუმის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ორი კომპანია ასრულებს. შპს „რეალი“ ხელშეკრულების საფუძველზე კარების გამოცვლა-რესტავრაციას აწარმოებს, შპს „დია ამო“ კი _ სადარბაზო ჭიშკრების დამზადება-მონტაჟს.

 

 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით 13 ქუჩაზე (ერთ ქუჩაზე რამდენიმე ნომერში),  უნდა გამოიცვალოს  36 სადარბაზო ხის კარი, ცხრა ქუჩაზე რესტავრაცია ჩაუტარდეს 16 კარს, ხოლო 12 ქუჩაზე დამონტაჟდეს 37 ჭიშკარი.

 

 

როგორც ბათუმის განვითარების ფონდის თამჯდომარე ავთანდილ დარჩია ამბობს, პროექტი ექვსი თვეა მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის ჩასმულია 24 ჭიშკარი და 12 სადარბაზო კარი. სამუშაოები 7 ივნისს უნდა დასრულდეს.

 

 

„ტენდერში განსაკუთრებული მოთხოვნები იყო ჩადებული, მასალად ყოფილიყო გარკვეული ჯიშის ხეები გამოყენებული, ამჯერად შერჩეულია წაბლი. სადარბაზო კარები მაღალი ხარისხით – დაპრესვის მეთოდითაა გაკეთებული. ძირეული ხე იჭრება ოთხ ნაწილად და საპირისპირო მიმართულებით იპრესება. გამოყენებულია ახალი მეთოდი და გათვალისწინებულია ტემპერატურის ცვალებადობა. ხის მასალას გარანტია აქვს ხუთი წელი, საღებავს კი _ ერთი წელი. გამოყენებული დეტალები, მაგალითად, ანჯამები, სახელურები თითბრისგანაა დამზადებული და ხელნაკეთია.“

 

ავთანდილ დარჩიას თქმითვე კომპანიას ვალდებულება არის ასევე ზღურბლის გაკეთება გრანიტით ან მარმარილოთი. 

 

ჩასატარებელი სამუშაოები ბათუმის განვითარების ფონდში სპეციალურად შექმნილმა „ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ჭიშკრებისა და სადარბაზოების კარებების მდგომარეობის შემსწავლელმა კომისიამ“ შეისწავლა, რომელსაც ქალაქის მთავარი არქიტექტორი გია რამიშვილი ხელმძღვანელობდა. კომისიის დასკვნის საფუძველზე სამუშაოები ოთხ ტიპად დაიყო: კარები, რომელსაც  მინიმალური შეკეთება სჭირდება, ექვემდებარება რემონტს, ექვემდებარება რესტავრაციას და მთლიანად შესაცვლელია ახლით.

 

 

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად ერთი კარის გამოცვლის საერთო ღირებულება საშუალოდ 7870 ლარია. ხოლო ერთეული კარის ღირებულება 1600 ლარი.

 

გადაბეჭდვის წესი