სიახლეები

გამგებლისა და მაჟორიტარობის კანდიდატები ქედაში „ქართული ოცნებიდან“

28.05.2014 • 1608
გამგებლისა და მაჟორიტარობის კანდიდატები ქედაში „ქართული ოცნებიდან“

 

 ქედის სასპორტო სკოლაში გამართულ საარჩევნო სუბიექტების წარდგენას სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა ესწრებოდა. შეხვედრაზე განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეები აქტიურობდნენ.

 

ამომრჩეველს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტარმა,  ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ფატი ხალვაშმა. მან მოსახლეობას გამგებლობის კანდიდატად დავით დუმბაძე წარუდგინა და მათ კოალიციის  მიერ წარდგენილი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

 

თავად  გამგებლობის კადიდატმა, დავით დუმბაძემ კი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ტარიელ მანველიძე,  გურამ ანანიძე, გიორგი ბერიძე, რაინდი ლორთქიფანიძე, რეზო თურმანიძე, როლანდ დუმბაძე, ზურაბ დევაძე, რომან ბედინაძე და ნარგიზ დიასამიძე წარუდგინა მოსახლეობას და ქედის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

 

„აქ ძირითადი პრობლემა დასაქმება და ხშირი მეწყრული მოვლენებია. მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდთან ერთად მიზნად დავისახეთ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება. ჩემი მუშაობის გეგმა იყო და იქნება ის, რომ ქედელი კაცი სამუშაოდ საზღვარგარეთ არ უნდა მიდიოდეს, ამისათვის აქტიურად ვმუშაობდი ინვესტორების მოძიებაზე, მოვიძიეთ ინვესტორი, რომელიც ქედაში სამკერვალო ფაბრიკას გახსნის. შენდება ღვინის საწარმო, ვიწყებთ მინერალური წყლების ჩამოსხმას. მოეწყობა თამბაქოს  ქარხანა და მშრალი გაყინვის საწყობი“ – უთხრა ამომრჩეველს გამგებლობის კანდიდატმა დავით დუმბაძემ.

 

„მოსახლეობას ვპირდები, დავიცავ მათ უფლებებს, ვერ მივცემ ისეთ დაპირებას, რაც ჩემი ფუნქცია არ იქნება და ჩემს ძალებს აღემატება“ – განაცხადა ს დაბა ქედის მაჟორიტარმა ნარგიზ დიასამიძემ.

 

საარჩევნო სუბიექტების წარდგენას ქედაში პარტიის აქტივისტებთან ერთად მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე და ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი ვლადიმერ ბალაძე ესწრებოდნენ.

 

 

გადაბეჭდვის წესი