რას ნახავთ ღამე ბათუმის მუზეუმებში

27 მაისს აქციის – „ღამე მუზეუმში“ – ფარგლებში ბათუმის ორ მუზეუმში თეატრალიზებული პერფორმანსები გაიმართება „არგონავტების“ მოტივებზე.

ღონისძიებას სახელწოდებით – „ბერძნების დიდი მოგზაურობა კოლხეთში“ – ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში 20:00 საათზე, ბსუ-სა და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები წარადგენენ. იმავე თემაზე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის წარმოდგენის ნახვა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმშიც იქნება შესაძლებელი.
პერფორმანსი, სახელწოდებით „მედეა“ 20:00 საათზე გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალშიც გაიმართება.

27 მაისს, 21 საათზე, აქციის – „ღამე მუზეუმში“ – ფარგლებში ასევე იგეგმება ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის ნორჩ ლაურეატთა კონცერტი, რომელიც ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ჩატარდება.

ამავე დღეს იგეგმება ფრანკ მაისლერის ნამუშევრების გამოფენა აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში, ასევე, გალერეის მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის დეკორირება.
აქცია – „ღამე მუზეუმში“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით საქართველოში წელს მეორედ ჩატარდება. აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი ღამის პირველ საათამდე დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს.

აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი მუზეუმები თბილისისა და რეგიონის მასშტაბით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მუზეუმების გაერთიანების სამი მუზეუმი, რეგიონული მუნიციპალიტეტის მუზეუმები, ორი უწყებრივი მუზეუმი – ქართული სპორტის მუზეუმი, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მუზეუმი და კერძო მუზეუმი – ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების გალერეა.

აქციას – „ღამე მუზეუმში“  საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გულნარა კაკაბაძე