მთავარი,სიახლეები

სოფელი, რომელიც მეწყერს მიაქვს

11.05.2017 • 3839
სოფელი, რომელიც მეწყერს მიაქვს

გზაზე ოთხი კაცი მოდის დაღლილი ნაბიჯებით, მხარზე თხილამურები აქვთ გადებული. ისინი ქვედა თხილვანას გუშაგები არიან. დილიდან გადიან სოფლიდან ორ კილომეტრს და კიდევ უფრო მოშორებით  არსებულ მთას უცქერიან. მთას ნაპრალები ემჩნევა და ალაგ-ალაგ ჩამოშლილია. თუ მთის ფერდობი, ნახევარ მილიონ კუბურ მეტრზე მეტი მიწის მასა, დაიძვრება, გუშაგებმა სოფელს უნდა შეატყობინონ, რომ მეწყერი მოდის და თავს უშველონ. უკვე ორი თვეზე მეტია ხულოს მუნიციპალტეტის სოფელი ქვედა თხილვანა ასე, მეწყრის შიშის ქვეშ ცხოვრობს.

ანზორ ქამადაძე დღეს გუშაგი იყო. ახლა დაბრუნდა სახლში, გათოშილი ღუმელს ეფიცხება და მიყვება, რომ მთას, რომელიც სოფელს ემუქრება, მოსახლეობა რიგრიგობით ყარაულობს.

„საგუშაგო სოფლიდან ორ კილომეტრშია, თხილამურების გარეშე იქ ასვლა შეუძლებელია, ახლა თოვლის საფარი დიდია, ორ მეტრს აჭარბებს. მიგვაქვს საჭმელ-სასმელი და ერთმანეთს ვანაცვლებთ, რთულია მთელი დღე, ან მთელი ღამე იქ გაჩერება, სიცივეა, მტაცებლების დასაფრთხობად და გასათბობად ცეცხლს ვანთებთ და შევცქერით მთას. თუ შევნიშნავთ, რომ დაიძვრება, ტელეფონებით უნდა ვუთხრათ სოფელს, რომ უსაფრთხო ადგილზე გაიქცნენ“.

საშიშროების მიუხედავად, თხილვანელები სოფელში რჩებიან. მათ შორის არიან მოხუცები და ბავშვები, რომლებსაც შეშინებული მშობლები თავდაპირველად სკოლაში არ უშვებდნენ. როდის დაიძვრება მეწყერი და მოასწრებენ თუ არა სოფლის მცხოვრებლები სამშვიდობოს გასვლას, ამაზე გეოლოგებს პასუხი არ აქვთ.

თხილვანელები მეწყერს დარაჯობენ.

თხილვანელები მეწყერს დარაჯობენ.

17103759_1745938972385144_8654904530884448351_n

მაყვალა ჯაიანის სახლი ზუსტად იმ მთის მოპირდაპირე მხარესაა, რომლის ჩამოშლასაც გეოლოგები ვარაუდობენ.

ჯაიანების ოჯახში 10 იანვრის შემდეგ მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, ოთხი წლის ნიკო დედასთან ერთად დროებით ქალაქში, ნათესავთან გაუშვეს. ახლა ჯაიანები განსაკუთრებთ 21 წლის ინეზაზე ღელავენ, რომელსაც სმენის პრობლემა აქვს.

„მას შემდეგ, რაც მეწყრის ამბავი გავიგეთ, ინეზას წუთით აღარ ვტოვებთ, არ ესმის და საშიშროებასაც ვერ მიხვდება. წელს, 17 იანვარს, მიწისძვრა რომ მოხდა ხულოში, ჯერ ინეზას ჩავჭიდე ხელი და მერე ვიყვირე, რომ უნდა გავქცეულიყავით. ოთხი წლის ნიკა და მისი დედა ბათუმში გავუშვი, გულმა არ მიქნა, ბავშვი აქ დამეტოვებინა. ჩვენ რომ რამე მოგვივიდეს, ბავშვი მაინც გადარჩეს. გვეშინია არ წაგვლეკოს, როგორც ეს წაბლანაში მოხდა (1989 წლის 19 აპრილს მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა ხულოს ერთ-ერთ სოფელში, წაბლანაში – ავტორის შენიშვნა), როცა მეწყერმა 19 ოჯახი დამარხა“, – მიყვება მაყვალა.

სოფელ თხილვანას ორ ნაწილად ხევი ჰყოფს, რომელიც მალე თოვლის დნობისას მთიდან ჩამოსული წყლით აივსება. ხევის ერთ მხარეს 31 ოჯახი ცხოვრობს, მეორე მხარეს კი – ოთხი სახლია. ხევს იქეთ და ხევს აქეთ სოფელს ხის საცალფეხო ხიდი აკავშირებს, რომელსაც დამცავი ბადეებიც კი არ აქვს. სოფელში ამბობენ, რომ როცა თოვლი დნობას იწყებს, ხევში წყალი ადიდებულ მდინარესავით მოედინება და საცხოვრებელ სახლებთანაც კი აღწევს.

სახიფათო „ბეწვის ხიდს“ 25 წლის ნინო ქამაშიძე ყოველდღიურად გადის, ორი წელია მეზობელი სოფლის სკოლაში მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. ნინოს მეწყრისა და ადიდებული მდინარის ძლიერი შიში ბავშვობიდან აქვს:

„ბებიას შეშინებული თვალები ჩემი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება, პირველი ემოციები და შიში ამ ხევში მთიდან ჩამოსულმა წყალმა დამიტოვა. მახსოვს, ხუთი წლის ვიყავი, როდესაც ბებიამ დაიძახა გავიქცეთო, ერთი ხელი ხელჯოხს ჩაჰკიდა, მეორე მე და ბაბუასთან ერთად სახლიდან გავიქეცით. ავედით ფერდობზე და რამდენიმე საათი იქ ვიყავით, ველოდებოდით მთიდან წყლის ჩამოცლას. ხმაური, ადიდებული მდინარე და ბებიას შეშინებული თვალები ახლაც მახსოვს“.

„ბეწვის ხიდი“. ეკა ბარამიძის ფოტო

„ბეწვის ხიდი“. ეკა ბარამიძის ფოტო

როგორ დაიძრა მთა თხილვანაში

მთელი სოფელი რომ მეწყერმა შეიძლება წაიღოს, ამის შესახებ თხილვანაში 10 იანვარს გაიგეს. მაშინ რამდენიმე ოჯახს სოფელში სასმელი წყალი შეუწყდა და წყლის შესაკეთებლად, სოფლის თავში, მთაში ასულ თხილვანელებს მთა მორღვეული დახვდათ. 12 იანვარს თხილვანაში ასულმა გეოლოგებმა მოამზადეს დასკვნა, რის მიხედვითაც მეწყრული მასა შეიძლება ნებისმიერ დროს დაიძრას. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოსახლეობა მაღალი რისკის ზონაშია და მიზანშეწონილია მათი განსახლეობა.

68 წლის დავით ქამადაძე ამბობს, რომ მეწყრული პროცესები ქვედა თხილვანაში ჯერ კიდევ 1989 წელს დაიწყო.

„989 წელს დაიწყო პატარ-პატარა მეწყრები, რასაც სოფლიდან ოჯახების მიგრაცია მოჰყვა. წლების წინ ამ ხევის ადგილას პატარა მდინარე ჩამოდიოდა, სოფლის მეორე მხარეს ამ მდინარეზე გადებული ძელით გავდიოდით. ხევი თანდათან გაღრმავდა. მე სიარული მიჭირს, ამ ტყემლის ხეს ხომ ხედავ? თუ მეწყერი წამოვა, ალბათ, ამ ხემდე გასვლას მოვასწრებ მხოლოდ“, – ცრემლი ერევა დავითს და სახლიდან რამდენიმე მეტრში მდგარ ხეს მაჩვენებს.

DSCN1189

ქვედა თხილვანაში მეწყრის გააქტიურებას 2005 წელს მომზადებულ გეოლოგიურ დასკვნაშიც პროგნოზირებდნენ, რასაც მიგრაციის კიდევ ერთი ტალღა მოჰყვა; ქვედა თხილვანაში მიგრაციამ პიკს 2008-2009 წლებში მიაღწია, როცა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სოფელ ქვედა თხილვანიდან 50 ოჯახი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში ჩაასახლეს. თუმცა, სახელმწიფო პროგრამით ჩასახლებული 50 ეკომიგრანტიდან 20-ზე მეტი ოჯახი თხილვანაში დაბრუნდა. ისინი უკუმიგრაციის მიზეზად მარნეულში არსებულ მდგომარეობას ასახელებენ. ამბობენ, რომ არ ჰქონდათ სასმელი და სარწყავი წყალი, სახნავ-სათესი მიწები, გათბობა და ულუკმაპუროდ დარჩენას სიცოცხლისთვის საშიშ სოფელში დაბრუნება არჩიეს.

ბოლო მონაცემებით, ქვედა თხილვანაში 102 სახლი დგას, აქედან 38 დაკეტილია. სოფელში მხოლოდ 64 ოჯახი ცხოვრობს, მათგან 31 საშიში ხევის მიმდებარედ. სასწრაფო გასახლებას სწორედ ისინი საჭიროებენ.

რას ამბობენ გეოლოგები

2017 წლის 10 იანვარს ქვედა თხილვანაში განვითარებული მეწყრული პროცესები ორმა გეოლოგმა – მამუკა ფუტკარაძემ და ოსმან თურმანიძემ შეისწავლა. გეოლოგების დასკვნაში ვკითხულობთ:

„ხეობაში განვითარებული სტიქიურ-გეოლოგიური პროცესები იმყოფება აქტიურ ფაზაში და მეწყრული მასის დაძვრა მოსალოდნელია ადრე გაზაფხულზე, თოვლის დნობის თუ წვიმის პერიოდში; პროცესები იმდენად გააქტიურებულია, რომ მეწყრულ-ღვარცოფული მასის დაძვრა მოსალოდნელია გაზაფხულამდეც, ნებისმიერ დროს. აღნიშნულის ზუსტი პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია“.

გეოლოგი მამუკა ფუტკარაძე ამბობს, რომ მეწყრული მასა, რომელიც მდინარის კალაპოტშია ჩახერგილი, აუცილებლად დაიძვრება:

„ყველაზე კარგ ვარიანტში ღვარცოფულმა მასამ უნდა გაიაროს მდინარის კალაპოტში, მაგრამ ცუდ ვარიანტში ეს მასა შეიძლება გადმოვიდეს კალაპოტიდან და წავიდეს საცხოვრებელი სახლებისკენ“.

გეოლოგის თქმით, მეწყერსაშიში კერების თვალსაზრისით, აჭარაში ყველაზე საშიში დასახლება ახლა სწორედ სოფელი ქვედა თხილვანაა. მეწყრული პროცესები საფრთხეს არ უქმნის მეზობელ სოფლებს – ბაკი-ბაკოს, ზედა თხილვანასა და მთისუბანს, რადგან ამ სოფლებში მცირე მეწყრული კერები, ძირითადად, მდინარის სანაპიროზეა, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს.

გეოლოგ ოსმან თურმანიძის განმარტებით, მეწყრულ პროცესებს მთიან აჭარაში ჭარბწყლიანობა, მიწისძვრები და გზების გაყვანა იწვევს.

„მთას, რომელიც სოფელს ახლა ემუქრება, ნიადაგი გამორეცხილი აქვს და ნელ-ნელა დაიძრა. მეწყრული პროცესების გაგრძელების ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, რა სისწრაფით წამოვა მეწყერი. მასა დიდია, შეიძლება პროცესი ერთ, ორ ან სამ წელს გაგრძელდეს“, – ამბობს ოსმან თურმანიძე. რა იქნება სამი წლის შემდეგ, უსაფრთხო იქნება თუ არა სოფელში ცხოვრება – ამ კითხვაზე გეოლოგებს ზუსტი პასუხი არ აქვთ.

მეწყრული მასა ქვედა თხილვანაში

მეწყრული მასა ქვედა თხილვანაში

მთავრობის შეთავაზება

აჭარის მთავრობა მეწყრის განვითარებიდან დღემდე თხილვანელების განსახლებას ცდილობს. ხელისუფლებამ მოსახლეობას ჯერ სამი თვით საცხოვრებელი ბინების დაქირავება შესთავაზა, მათთვის საცხოვრებლის გადაცემის შესწავლის პირობით. ამ წინადადებას მოსახლეობა არ დათანხმდა.

მოგვიანებით აჭარის მთავრობა ქვემო თხილვანელებს ხულოში, სოფელ ვაშლოვანში მდებარე სოციალურ სახლში ბინებს დაჰპირდა, იმ პირობით, რომ მათ ქვემო თხილვანაში მიწის ნაკვეთები დარჩებოდათ საკუთრებაში. ამაზე მხოლოდ ორი ოჯახია თანახმა. მათგან ერთ-ერთი ქამადაძეების ექვსსულიანი ოჯახია. ქამადაძეებმა ჯერ არ იციან, როგორ უნდა ირჩინონ თავი სოციალურ სახლში, რადგან იქ გადასვლამდე იმ სამი ძროხის გაყიდვაც მოუწევთ, რომელთა რძის ნაწარმითაც სამი მცირეწლოვანი ბავშვი იკვებება.

„ძროხებს იქ ვერ წავიყვანთ, იძულებული ვართ, გავყიდოთ. არ ვიცი რა იქნება, მაგრამ აქ, შიშით ცხოვრებას, ხულოს სოციალურ სახლში გადასვლა ჯობია“, – ამბობს ხათუნა ქამადაძე.

სოფელსა და ხელისუფლებას შორის შუამავლის როლი მამუკა ქამაშიძეს აქვს, გამგებლის წარმომადგენელს თხილვანის თემში. მამუკა თვითონაც ქვედა თხილვანაში ცხოვრობს და მას ეს პრობლემა ისევე აწუხებს და ეხება, როგორც სხვა ოჯახებს. მამუკა ოჯახთან ერთად სოფელში რჩება და მოვლენების შესახებ ინფორმაციას, ფოტოებთან ერთად, ყოველდღიურად ხულოს გამგეობასა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს აწვდის.
მთავრობის ბოლო შეთავაზება, რომელიც ამჟამად განიხილება, თხილვანელების ეკომიგრანტების პროექტში ჩართვაა. პროექტის ფარგლებში თითოეული ოჯახი 25 000 ლარს მიიღებს. ასევე შეინარჩუნებენ სახლსა და სახნავ-სათეს მიწებს თხილვანაში.

თეიმურაზ ქამადაძე სოფელ ქვედა თხილვანის საჯარო სკოლაში საქართველოსა და მსოფლიო ისტორიას ასწავლის. თეიმურაზი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად 2009 წელს მარნეულში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ თხილვანაში ზუსტად ერთ თვეში დაბრუნდა. იგი ახლა სახლს ეძებს, რომ სახელმწიფო პროგრამით შეისყიდოს. ამბობს, რომ 25 000 ლარად ჯერ ვერაფერი იპოვა.

„ვითხოვდით, რომ 25 000 ლარი პირად ანგარიშზე ჩაგვრიცხოდა, რამდენიმე ოჯახი ერთად ავაშენებთ სახლს და ასე უფრო ნაკლები დაგვიჯდება. გვითხრეს, რომ პირად ანგარიშზე თანხა არ დაირიცხება. სოფელმა რამდენჯერმე განიცადა მიგრაცია, უკუმიგრაცია, მეც ამ პროცესის მონაწილე ვარ და აქედან ვეღარ წავალ, თუ ისევ იმ გაჭირვების გადატანა მომიხდება, რაც ერთხელ გადავიტანე. ვინც მეწყერთან არ ასულა და არ უნახავს ის საფრთხე, რაც გვემუქრება, ის მარტივად უყურებს ამ საკითხს. იქ ნანახზე ოჯახშიც კი არ ვსაუბრობთ“, – ამბობს თეიმურაზი.

მიუხედავად იმისა, რომ მეწყრის გააქტიურება ყოველდღეა მოსალოდნელი, აჭარის მთავრობას სოფლის განსახლება ორი თვის შემდეგაც არ დაუწყია.

„რეგისტრაცია გაიარა 105-მა ოჯახმა (მაშინ, როცა თხილვანაში 64 ოჯახი ცხოვრობს). მათგან არიან ისეთებიც, რომლებიც ბათუმში ფლობენ სახლს. მათი საბუთების დახარისხება, რეესტრში გადაგზავნა, დროს მოითხოვს. ამიტომ ვთავაზობდით სამი თვით ბინის ქირაობას, რადგან სამი თვეა საჭირო ამ ყველაფრისათვის. ერთ დღეშიც შეიძლება გააკეთო, მაგრამ შეიძლება ისეთი შეცდომა დავუშვათ, რომლის გამოსწორება გაგვიჭირდება,“ – ამბობს რამაზ ჯინჭარაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. მისი თქმით, მთავრობა დაეხმარება მხოლოდ იმ ოჯახებს, რომელთაც წინა წლებში სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართობი არ მიუღიათ.

რა პირობით ჩართავენ თხილვანელებს ეკომიგრანტების პროგრამაში? – ამ კითხვის პასუხად რამაზ ჯინჭარაძე ამბობს:

„ბენეფიციარსა და ხულოს გამგეობას შორის მემორანდუმი გაფორმდება, რომ არ მოხდეს შესყიდული სახლის გაყიდვა ან გასხვისება. თხილვანელებს სახლი და მიწა სოფელში შეუნარჩუნდებათ. მთავარია, ოჯახები უსაფრთხო ადგილზე გავიყვანოთ“.

სოფლის გზაზე. თებერვალი, 2017 წელი.

სოფლის გზაზე. თებერვალი, 2017 წელი.

არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკა და რეკომენდაციები

ხელისუფლების პოლიტიკას ეკომიგრაციის მიმართულებით კრიტიკულად აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“. ეს ორგანიზაცია ორი წლის მანძილზე სწავლობდა ამ საკითხს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, არჩილ ხახუტაიშვილის შეფასებით, თუკი სახელმწიფო ეკომიგრაციის მონიტორინგის სისტემას არ შეიმუშავებს, რამდენიმე წლის შემდეგ თხილვანას, შესაძლოა, ისევ ჰყავდეს უკუმიგრანტები, როგორც ეს მოხდა წინა წლებში და სტიქიის ხელახალი განვითარების შემთხვევაში ხელისუფლებას ისევ გამოსავლის ძიება მოუწიოს.

„თხილვანაში მცხოვრებ ზოგიერთ ოჯახს საცხოვრებელი სახლი მიღებული აქვს წინა წლებში. პრობლემა არის ის, რომ არავის შეუსწავლია, თუ რატომ ვერ დამკვიდრდა მოსახლეობა იქ. ეკომიგრანტისთვის სახლის ყიდვისას წინასწარ არ შეუსწავლიათ რისკები – შეძლებს ოჯახი ახალ გარემოში ადაპტირებას? რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ მინიმალური საარსებო გარემო შეიქმნას? შეიძლება სახლი საცხოვრებლად მდგრადია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო იქ არ იცხოვრება? ჩვენი ორგანიზაციის რეკომენდაციაა, უკუმიგრაციის რისკები შეისწავლონ. არ შეიძლება პროგრამა გააგრძელო ისე, რომ მასზე მონიტორინგი არ განახორციელო: საცხოვრებელი სახლები გარკვეული პირობით უნდა გადაეცეთ. მექანიზმია შესამუშავებელი, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ეკომიგრანტის დამკვიდრებას ახალ საცხოვრებელ გარემოში, მეორე მხრივ – მოქალაქეს აღარ დაუტოვებს განცდას, რომ 2-3 წლის მერე უკან დაბრუნდება. უკანდაბრუნება საკანონმდებლო დონეზე უნდა შეიზღუდოს“, – ამბობს არჩილ ხახუტაიშვილი.

სანამ აჭარის მთავრობა თხილვანელთა განსახლების დეტალებს ადგენს, მთებში თოვლი დნება და მეწყრული ზონა აქტიურდება. თხილვანაში ამბობენ, რომ გაზაფხულზე აჭარის მთაში ოჯახების მთავარი შემოსავლის წყაროს – კარტოფილის დათესვას გეგმავენ, მანამდე კი ყოველ დილას საღამომდე და ყოველ საღამოს – დილამდე, ქვედა თხილვანიდან რამდენიმე კაცი ორ კილომეტრს გადის ფეხით, მთაზე ადის, ცეცხლს ანთებს და სოფელს დარაჯობს.

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელების“ მარტის ნომერში.  

განახლება: სოფელში დღემდე რჩება მოსახლეობა. ბოლო დღეებში თხილვანელები ამბობენ, რომ მეწყერის გააქტიურება სოფელში სულ უფრო შესამჩნევი ხდება. 

თხილვანა

თხილვანა, 5 მაისი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: