მთავარი,სიახლეები

მიკროავტობუსი მდინარიდან მაშველებმა გამოიყვანეს

11.05.2017 • 2019
მიკროავტობუსი მდინარიდან მაშველებმა გამოიყვანეს

გოდერძის უღელტეხილზე სამგზავრო მიკროავტობუსი მდინარიდან მძიმე ტექნიკის საშუალებით გამოიყვანეს. მიკროავტობუსი ხულოდან ადიგენის მიმართულებით მიდიოდა. ტრანსპორტში, მძღოლის გარდა, ხუთი მგზავრი იყო, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი. მდინარე, საიდანაც მიკროავტობუსი ვეღარ გამოვიდა, გზას კვეთს. სამაშველო სამსახურს დაახლოებით დილის ექვს საათზე ერთ-ერთმა მგზავრმა დაურეკა. მაშველებმა მგზავრებისა და მიკროავტობუსის მდინარიდან გამოყვანა მოახერხეს.

„მანქანა ქვიშა-ღორში იყო გაჩერებული, მძღოლი მდინარიდან გამოსვლას და მგზავრების ნაპირზე გამოყვანას ვეღარ ახერხებდა. მგზავრების ევაკუაცია განახორციელა 10-მა მეხანძრე-მაშველმა, მიკროავტობუსი კი ადიდებული მდინარიდან სააგენტოს მძიმე ტექნიკით გამოიყვანეს,“ – გვითხრა მამუკა თურმანიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ.

ხულოს სახანძრო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ გზაზე ხშირია წყალმოვარდნები, განსაკუთრებით წლის ამ დროს, როცა თოვლი დნება. ამ გზაზე მორიგეობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მძიმე ტექნიკაც, რომელიც ადრე დილით, როცა ეს შემთხვევა მოხდა, ადგილზე არ იმყოფებოდა. სააგენტოს ინფორმაციით, სწორედ გზების დეპარტამენტის ტრაქტორი ეხმარება ხშირად წყალმოვარდნის დროს მდინარეში გაჩერებულ ტრანსპორტს.

როდის გაკეთდება ხულო-ადიგენის გზის მონაკვეთი – ზუსტი პასუხი გზების დეპარტამენტში ვერ მოგვცეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიხარულიძემ გვითხრა, რომ ხულო-გოდერძის მიმართულებით გზის აღდგენაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სამუშაოების მეორე ეტაპი იქნება გზის კეთილმოწყობა გოდერძიდან ადიგენამდე. ამ მიმართულებით ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.

goderzi 3

gofderizi 2

ფოტო: შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: