„ჰილტონ ბათუმი“, რვაფეხა და ოფშორი

 

 

„ჰილტონ ბათუმის“ მშენებელი კომპანია „ტურინვესტი“, რომელიც ბათუმის ზღვისპირა პარკში 5000 კვ/მეტრ მიწის ნაკვეთს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით ითხოვს, რუსეთის მოქალაქის მიერ ოფშორშია დარეგისტრირებული. 

 

აპრილის ბოლოს ბათუმის საკრებულომ ბულვარის მერიის მართვაში დაბრუნებაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ამ პროცესის წამოწყებიდან ორ კვირაში კი ბულვარის ტერიტორიიდან 5 000 კვ/მ მიწის ნაკვეთი, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე, მისი გასხვისების მიზნით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს  საკუთრებაში ისე გადასცა, ინვესტორის ვინაობით არ დაინტერესებულა. ამ საკითხის განხილვისას საკრებულოს სხდომაზე ძირითადად მოთხოვნილ ტერიტორიაზე განთავსებული კაფე „რვაფეხას“ შენობის ბედითა და გასხვისების პირობებით დაინტერესდნენ.

 

 

„პირდაპირი წესით საკუთრებაში გადაცემის მიზნით“, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ჯერ კიდევ მშენებარე სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ არსებული ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემის თხოვნით ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს 2014 წლის პირველ აპრილს მიმართა. მინისტრმა ტერიტორიის საკუთრებაში დარეგისტრირების მოთხოვნა „ჰილტონის“ მენეჯმენტის შეთავაზებით დაასაბუთა:

 

 

„ჰილტონი დაინტერესებულია მოაწყოს მაღალი დონის საზოგადოებრივი დანიშნულების ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებასა და მომსახურების სფეროში ადგილობრივთა დასაქმებას“, – ნათქვამია მინისტრის წერილში.

 

 

ჰილტონი ბათუმში
ჰილტონი ბათუმში

 

ტერიტორიაზე, რომლის ათვისებითაც „ჰილტონის“ მენეჯმენტი დაინტერესდა, კაფე „რვაფეხას“ შენობაა განთავსებული, რომელიც დიდი ხანია უფუნქციოდაა. სწორედ ეს შენობა გახდა სამინისტროს მხრიდან პროექტის გადახედვის მიზეზი:

 

 

„კომპანიამ შემოგვთავაზა რვაფეხას სხვაგან გადავიტანთო. ეს შენობა ძეგლი არ არის, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ მის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, კომპანიისგან ახალი პროექტის წარმოდგენა მოვითხოვეთ, იმის გათვალისწინებით, რომ რვაფეხა დარჩება და პირვანდელი ფუნქცია აღუდგება, ახლა ველოდებით ახალ პროექტს“ – განაცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში.

 

 

რა პირობით აპირებს აჭარის მთავრობა ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე 5 ათასი კვ/მეტრი ტერიტორიის გასხვისებას, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს არ აქვს: `„ტერიტორია, რომელიც გადავეცით, არის მოუწესრიგებელი. ისინი ამბობენ, რომ მოაწყობენ ტურისტულ ინფრასტრუქტურას. ბულვარის მერიის მართვაში დაბრუნების პერსპექტივა დროშია გაწერილი, ამიტომ ვფიქრობ, რომ საკრებულოს მხრიდან ეს გადაწყვეტილება იყო გონივრული. რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის კომპანიის მფლობელი, ნამდვილად არ მახსოვს და არც არის აუცილებელი მახსოვდეს. ჩემთვის მთავარია ინვესტიცია და ის, რომ გადაიხდიან ქონების გადასახადს ბიუჯეტში“, – თქვა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

 

 

მინისტრ დავით ბალაძის განმარტებით, სამინისტრო ტერიტორიას არ ასხვისებს, განიხილება გრძელვადიანი იჯარის ფორმა, ხელშეკრულების დეტალებზე კი მას შემდეგ შეთანხმდებიან, რაც კომპანია სამინისტროს „რვაფეხას“ ადგილზე დარჩენის პირობით ახალ პროექტს წარუდგენს.

 

 

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანია  სამინისტროს 9 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას, ორი საცურაო აუზის მოწყობასა და მცენარეებით გამწვანებული ხიდის მშენებლობას სთავაზობს.

 

 

„ტურინვესტის“ მიერ მოთხოვნილი ტერიტორია თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკუთრება იყო, თუმცა ის სიპი „ბათუმის ბულვარის„ შემადგენლობაშია, ბათუმის ბულვარი კი ძეგლის სტატუსის მატარებელია. ამიტომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობის წამოწყება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვას საჭიროებს.

 

 

სააგენტოს ხელმძღვანელის ბიძინა აფხაზავას ინფორმაციით, პროექტთან დაკავშირებით ჯერ სააგენტოსთვის ოფიციალურად არ მიუმართავთ.

 

 

„კომპანიის წარმომადგენელი იყო მოსული, გაგვესაუბრა. ჩვენ ვუთხარით, რომ მართალია ჯერ სტატუსი არ აქვს, მაგრამ რვაფეხა ჩვენთვის ძეგლია. ამიტომ მისი გადატანა გამორიცხულია. კი ბატონოო გვითხრა, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ მოუმართავთ.“

 

 

„ჰილტონ ბათუმის“ მშენებელი კომპანია „ტურინვესტი“ რომელიც, ახალი პროექტის წამოწყების მიზნით ბათუმის ზღვისპირა პარკში ხუთი ათას კვ/მ ტერიტორიას ითხოვს, ობშორშია დარეგისტრირებული.

 

 

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია „ტურინვესტის“ 80% წილის მფლობელი შპს „HESTOK LIMITED“-ია. კომპანია დიდ ბრიტანეთშია დარეგისტრირებული, 20%-ის მფლობელი კი ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრიტებული კორპორაცია „ORIX INVESTORS CORP“-ია. დოკუმენტებით ირკვევა, რომ კომპანიის მმართველობის ორგანოს რუსეთის მოქალაქეები ირინა ანტიპოვა და კლიმენტი ქასრაძე აკონტროლებენ, კომპანიის მმართველობის ორგანოს წევრია ლატვიის მოქალაქე ანდრეის მოროზოვიც.

 

 

 

2010 წელს „ტურინვესტის“ 100% წილის მფლობელი „HESTOK LIMITED“-ი იყო. ამ დროს კომპანიის დირექტორად კაიზერ ქასრაძე ფიქსირდება, 2012 წლის მეორე ნახევარში ის გიორგი აბაშიძემ ჩაანაცვლა.

 

 

2014 წლის „ტურინვესტის“ 20% წილი „ORIX INVESTORS CORP“-ზე 10 მილიონ  833 947 ლარად გასხვისდა.

 

 

გიორგი აბაშიძე ამჟამადაც კომპანიის დირექტორია, მან „ბათუმელებთან“ ახალ პროექტზე საუბარი არ ისურვა. „არის რაღაც დეტალები, რაზეც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, როცა შევთანხმდებით, დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ“, – განაცხადა აბაშიძემ.

 

 

„HESTOK LIMITED“-ს ბათუმში კიდევ ერთი კომპანია „ჰესტოკ ბათუმი“ აქვს დარეგისტრირებული. ამ კომპანიამ ბათუმში რამდენიმე პროექტი განახორციელა, მათ შორისაა ბათუმის საბაგირო.

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ცაგო კახაბერიძე