მთავარი,სიახლეები

ვინ ხარჯავს ყველაზე მეტ საწვავს უმაღლეს საბჭოში

10.05.2017 • 4836
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტ საწვავს უმაღლეს საბჭოში

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შემდეგ, დეპუტატებს შორის ყველაზე მეტ საწვავს დავით ბაციკაძე ხარჯავს, ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარას“ ხელმძღვანელი. იგი რომელიმე კომისიის თავმჯდომარე არ არის. პირველ ოთხ თვეში მან ზუსტად 1578 ლიტრი საწვავი დახარჯა.

„გასდიოდა მანქანას, ამიტომ გამოვიდა ამდენი,“ – გვითხრა დეპუტატმა. დავით ბაციკაძის განმარტებით, ავტომანქანას ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, რაც ახლა დაფიქსირდა და შემდეგ თვეებში ამ რაოდენობის საწვავს აღარ დახარჯავს: „სულ ვამბობდი, რატომ იხარჯება ამდენი-მეთქი და მპასუხობდნენ, რომ ძველია მანქანა და ამიტომ ხდებაო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ გასდიოდა.“

კითხვაზე, ვინ აგებს პასუხს, როცა 5 თვის განმავლობაში ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობის გამო ზედმეტი საწვავი იხარჯებოდა? – დავით ბაციკაძისგან ასეთი პასუხი მივიღეთ: „რა ვიცი, ვინ აგებს პასუხს… ხანდახან ხდება ასეთი რამ“.

დავით ბაციკაძის შემდეგ ადგილს ვლადიმერ მგალობლიშვილი იკავებს. 2017 წლის პირველ ოთხ თვეში მან 1517 ლიტრი დახარჯა. მესამე ადგილზეა ვახტანგ წულაძე, მან 1321 ლიტრი საწვავი გახარჯა პირველ კვარტალში.

დეპუტატებს შორის ყველაზე ნაკლებს ხარჯავს ნინო ჩხეტია – იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. მან 4 თვეში მხოლოდ 584 ლიტრი საწვავი მოიხმარა, მაშინ, როცა 359 ლიტრი მოიხმარა გასული წლის მხოლოდ ერთ თვეში –  დეკემბერში.

როგორ შეამცირა საწავავის ხარჯვა დეპუტატმა? – ნინო ჩხეტიას ძველი მძღოლი გაუთავისუფლებია და ახალ მძღოლად მეზობელი აუყვანია იმისთვის, რომ აკონტროლოს. „დეკემბრის ბოლოს მძღოლი, რომელიც მანამდე ხელშეკრულებით იყო აყვანილი, გავათავისუფლე, რადგან ვერ მივიღე პასუხი კითხვაზე, რაში დაიხარჯა ამდენი საწვავი. მხოლოდ საქმიან შეხვედრებზე დავდივარ მანქანით, არ ვიყენებ უქმეებზე და მძღოლი მყავს მკაცრად გაფრთხილებული, რომ თავის ყოფით და ოჯახურ საქმეებზე უმაღლესი საბჭოს მანქანით არ ივლის,“ – გვითხრა ნინო ჩხეტიამ.

უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატს 18 ავტომანქანა ემსახურება, აქედან „ტოიოტა კამრი“ და „ტოიოტა ლენდ კრუიზერი“ – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დავით გაბაიძემ  ორივე მანქანისთვის 2522 ლიტრი საწვავი დახარჯა.

2017 წელს უმაღლეს საბჭოს საწვავისთვის 128 250 ლარი აქვს გათვალისწინებული.

18432

უმაღლესი საბჭოს ავტომანქანები.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: