სიახლეები

საქართველო ადრეულ ასაკში ქორწინების მაჩვენებლით მეორეა აღმოსავლეთ ევროპაში

26.05.2014 • 2724
საქართველო ადრეულ ასაკში ქორწინების მაჩვენებლით მეორეა აღმოსავლეთ ევროპაში

 

 

არსებული სტატისტიკით, საქართველოში მცხოვრები ქალების 17% დაქორწინდა 18 წლის შესრულებამდე. ადრეული ქორწინების საკითხი გაშუქდა სახალხო დამცველის 2012 და 2013 წლების ანგარიშებში. ამ საკითხზე საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ მხარდაჭერით 2013 წელს ჩაატარა ადრეული ქორწინების შესახებ სიტუაციური ანალიზი, გამოიკვეთა პრობლემები და შემუშავდა რეკომენდაციები.

 

 

სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშის მონაცემებს, გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევის შედეგებსა და რეკომენდაციებს სახალხო დამცველის ოფისი წარადგენს შეხვედრაზე, რომელიც ხვალ გაიმართება თბილისში. შეხვედრა, რომლის სახელწოდებაც არის  – “ადრეული ქორწინების პრევენცია – გენდერული თანასწორობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის” – გაუძღვება მანანა კობახიძე, საქართველოს პარლამეტის ვიცე-სპიკერი და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე.

 

 

სახალხო დაცველის ოფისის ცნობით, შეხვედრაზე გამომსვლელთა შორის არიან: უჩა ნანუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი; ნილს სკოტი, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი, რატი ბრეგაძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

 

 

 შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანია ადრეული ქორწინების პრობლემით დაინტერესებულ უწყებათა დიალოგის ხელშეწყობა, პრობლემის არსის, მიზეზებისა და შედეგების წარმოჩენა და რეკომენდაციების შემუშავება სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისათვის.

 

 

 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ქორწინება დასაშვებია 18 წლის ასაკიდან. 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დასაშვებია მშობლების ან მზრუნველის თანხმობით. ადრეული ქორწინებისას, 16 წლამდე ასაკში, ქორწინება არ რეგისტრირდება; საერთაშორისოდ მიღებული განმარტებების მიხედვით, ტერმინი ადრეული ქორწინება აღწერს ორ ადამიანს შორის იურიდიული ქორწინების ან ჩვეულებითი კავშირის შემთხვევებს, როცა ერთი ან ორივე მეუღლის ასაკი 18 წელზე ნაკლებია . ადრეულ ქორწინებას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „იძულებით ქორწინებას”, ან „ბავშვთა ქორწინებას”, რადგან ბავშვებს, თავისი ასაკიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ მისცენ ქორწინებაზე თავისუფალი, წინასწარი და ინფორმირებული თანხმობა. ადრეული ქორწინება ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის დარღვევაცაა (მუხლი 16 (2), სადაც განცხადებულია, რომ „დაქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე მექორწინე მხარის თავისუფალი და სრული თანხმობისას”.

 

გადაბეჭდვის წესი