მთავარი,სიახლეები

ივლისიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 50 ხანდაზმულს თავშესაფრითა და მკურნალობით უზრუნველყოფს

09.05.2017 • 2714
ივლისიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 50 ხანდაზმულს თავშესაფრითა და მკურნალობით უზრუნველყოფს

წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიკური პრობლემების მქონე ხანდაზმული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფას გეგმავს. ამის შესახებ  8 მაისს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, სადაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2018-2021 წწ. საშუალოვადიანი გეგმა განიხილა.

ქვეპროგრამა ხანდაზმული ასაკის, ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა რეაბილიტაციას, მკურნალობას, მათ სოციალურ და მორალურ მხარდაჭერას გულისხმობს.

ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ბენეფიციართა უზრუნველყოფა 24-საათიანი თავშესაფრით, სამჯერადი კვებითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით. ქვეპროგრამის მოსარგებლეები – 65 და მეტი ასაკის პირები იქნებიან, მათ შორის ისეთი დაავადებების მქონე, როგორიცაა: დემენცია, ალცჰაიმერი და სხვა, ასაკის მატებასთან ერთად გამოწვეული დაავადებები.

ქვეპროგრამა 50 ბენეფიციარზეა გათვლილი.  მომსახურების ღირებულება თითოეულ ბენეფიციარზე  დღეში 15 ლარი იქნება. ხარჯების 100 პროცენტს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დაფარავს.

სამინისტროში ამბობენ, რომ ქვეპროგრამის ამოქმედება სამინისტროში მსგავს სამედიცინო სერვისზე მომართვიანობის შედეგად გადაწყდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის სამსახურის უფროსის, ინდირა ნაკაიძის თქმით, პროგრამის დაწყება წელს, ივლისში იგეგმება. უკვე ცნობილია პროგრამის ბიუჯეტიც – 273 750 ათასი ლარი, თუმცა სამინისტროში ჯერ არ იციან, კონკრეტულად რომელ სამედიცინო დაწესებულებებში იქნება შესაძლებელი პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო სერვისების მიღება.

„სპეციფიკიდან გამომდინარე, რთულია ამ დაავადებების ოჯახში მკურნალობა. პროგრამის განხორციელებას ახლა ვიწყებთ და დარწმუნებული ვარ, 2018 წლიდან უფრო დახვეწილად წარვმართავთ პროგრამას. თუ საჭირო გახდება დამატებითი ლაბორატორიული გამოკვლევები, ბენეფიციარები ამ მომსახურებას მიიღებენ, რადგან ისინი ისედაც ჩართულნი არიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და პროგრამით გათვალისწინებული ყველა სერვისი მიეწოდებათ,“ – ამბობს ინდირა ნაკაიძე.

სამედიცინო სერვისები ბენეფიციარებმა აჭარაში უნდა მიიღონ,  თუმცა, მოთხოვნის შემთხვევაში აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო  პაციენტთათვის თავშესაფრით უზრუნველყოფას საქართველოს სხვა რეგიონებშიც არ გამორიცხავს.

მთავარ ფოტოზე: აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2018-2021 წწ. საშუალოვადიანი გეგმის განხილვა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: