ფორმა ორი ახალი გენერლისთვის პირდაპირი შესყიდვით

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 1 798 ლარად გეგმავს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებისათვის ყოველდღიური სამხედრო ფორმის შესყიდვას. ფორმებს სამინისტრო ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვით განახორციელებს, რასაც გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებში გენერალური შტაბის გენერლებისათვის შესაბამისი სამხედრო ტანსაცმლის უქონლობა, უარყოფითად აისახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო იმიჯზე…  ღონისძიებებში გენერალური შტაბის გენერლებისათვის შესაბამისი სამხედრო ტანსაცმლის უქონლობის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება როგორც საქართველოს სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივ ინტერესებს“ – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 28 აპრილის ბრძანებებით, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებს პოლოვნიკ ზაზა ჩხაიძესა და პოლკოვნიკ შალვა ჯაბახიძეს მიენიჭათ ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდება: „აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოსა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია შესაბამისი სამხედრო ტანსაცმლით უზრუნველყოფა. ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების გეგმით გათვალისწინებულია აღნიშნული ტანსაცმლის შესყიდვა სატენდერო პროცედურების მეშვეობით, რაც მოიცავს გარკვეულ ვადებს, დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება“.

აღნიშნული ვითარების აღმოსაფხვრელად, სამინისტროს განცხადებით, საჭიროა მატერიალური ქონების [2 კომპლექტი ყოველდღიური სამხედრო ტანსაცმლის] შეძენა მოხდეს არაუგვიანეს 2017 წლის 25 მაისამდე. ფორმის ერთი კომპლექტში შედის: პიჯაკი – 1 ცალი, შარვალი – 1 ცალი და წინაფრიანი ქუდი – 1 ცალი)  დათანხმდება თუ არა სამინისტროს შესყიდვების სააგენტო, 16 მაისამდე გაირკვევა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com