სიახლეები

კვლევა: დღევანდელი საარსებო მინიმუმი რეალურზე ორჯერ დაბალია

23.05.2014 • 1541
კვლევა: დღევანდელი საარსებო მინიმუმი რეალურზე ორჯერ დაბალია

“კონკრეტულად აჭარის მნაცემებზე დაყრდნობით და ბათუმის ბაზრების შესწავლისას დავადგინეთ, რომ საარსებო მინიმუმი აჭარაში შრომისუნარიან მამაკაცისთვის შეადგენს  305 ლარს” – ამბობს როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტი რამაზ გერლიანი.

ცენტრის თანამშრომლება კვლევა დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წარადგინეს. “ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის ქეთევან კრიალაშვილის განმარტებით, მათ აღმოაჩინეს მეთოდოლოგიური ხარვეზები სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დაანგარიშებულ საარსებო მინიმუმში, რის გამოც საქართველოში საარსებო მინიმუმი ორჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე უნდა იყოს – ” საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს ძველი მეთოდოლოგიით ითვლის, ჩვენ კი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გამოვიანგარიშეთ ეს ციფრი”.

როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტი რამაზ გერლიანი განმარტავს, მათ კვლევა 70 საკვები პროდუქტის ფასებზე აწარმოეს, მაშინ როცა სტატისტიკის ეროვნული ცენტრი, კვლევას საერთო ჯამში 40 საკვებ პროდუქტის ფასების მიხედვით აწარმოებს და მაშინ როცა ახლა, შრომისუნარიან მამაკაცზე საარსებო მინიმუმად დღეში 2300 კილო კალორიაა დადგენილი, “ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის” კვლევების მიხედვით, შრომისუნარიან მამაკაცზე საარსებო მინიმუმი დღეში 2500 კილოკალორიაა.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, კვლევა რვა რეგიონში – თბილისში, თელავში, მარეულში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში აწარმოა, მაშინ როცა სტატისტიკის ეროვნული ცენტრი, კვლევას საქართველოს მხოლოდ ხუთ ბაზარზე აწარმოებს.

რამაზ გერლიანისა და ქეთევან კრიალაშვილის თქმით, ინფლაციის დონისა და სხვა ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, მათი საკვლევი მეთოდოლოგია თითქმის სრულად შეესაბამება დღევანდელ რეალობას და სასურველია კვლევის ეს მეთოდები სახელმწიფომაც გაითვალისწინოს.

თვის ბოლოს ორგანიზაცია კვლევის პრეზენტაციას თბილისშიც გეგმავს, სადაც რამაზ გერლიანის თქმით მოწვეული იქნება სახელისუფლებო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

გადაბეჭდვის წესი