სიახლეები

ოჩხამურში მოკლული ქალის შვილებს სახელმწიფო 600-700 ლარს გადაუხდის

22.05.2014 • 1290
ოჩხამურში მოკლული ქალის შვილებს სახელმწიფო 600-700 ლარს გადაუხდის

 

მკვლელობა ოჩხამურში დღეს გამთენიისას  მოხდა. შსს-ს ცნობით ქმარმა ცოლი მოკლა, მოგვიანებით კი თავი ჩამოიხრჩო. მოკლულ ქალს რვა შვილი  ჰყავდა,  მეცხრეზე  კი ფეხმძიმედ იყო.  როგორც „ბათუმელებს“ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსმა თემურ ქარცივაძემ განუცხადა  რვავე ბავშვი გადაუდებლად  მინდობის აღზრდის პროგრამაში ჩაერთო.

 

„ბავშვები უკვე წამოვიყვანეთ სოფლიდან ჩვენს სოცმუშაკთან ერთად და განვათავსეთ წინასწარ მომზადებულ, ადაპტირებულ ოჯახებში.  ოთხ-ოთხი ბავშვი გადავანაწილეთ ორ ოჯახში. სოფლის ტიპის დასახლებაში იცხოვრებენ, ერთმანეთთან ახლოს  და ყოველდღიური კონტაქტი ექნებათ.  ამჟამად ძალიან კარგ პირობებში არიან, დაბანილები, ჩაცმულები და დაპურებულები,“ –  განაცხადა თემურ ქარცივაძემ.

 

მისივე განცხადებით ბავშვები სოციალური მუშაკის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. სასკოლო ასაკი ორი ბავშვისათვის კი შეირჩევა უახლოესი სკოლა და უმოკლეს დროში შეძლებენ სწავლის განახლებას.

 

„სახელმწიფო ამ ბავშვებზე 18 წლამდე იზრუნებს.  სახელმწიფო პროგრამით არანათესავი, მიმნდობი აღმზრდელი ოჯახი თითო ბავშვზე 600-დან 700 ლარამდე თანხას მიიღებს ყოველთვიურად,“ – აცხადებს თემურ ქარცივაძე.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი