მთავარი,სიახლეები

განათლების მინისტრი: სკოლებში მალე არჩევითი გაკვეთილები გაჩნდება

08.05.2017 • 5413
განათლების მინისტრი: სკოლებში მალე არჩევითი გაკვეთილები გაჩნდება

საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დღეს, 8 მაისს, აჭარის მაღალმთიანეთის სკოლის პედაგოგებს შუახევის კულტურის ცენტრში შეხვდა. მინისტრმა პედაგოგებთან შეხვედრაზე სამინისტროს მიერ დაგეგმილ და განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.

მინისტრმა განაცხადა, რომ სკოლების საათობრივ ბადეში მალე არჩევითი გაკვეთილები გაჩნდება, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს მათთვის სასურველი საგანი აირჩიონ. არჩევითი საგნები, მინისტრის თქმით, სპორტისა და ხელოვნების სფეროებს მოიცავს.

მინისტრმა მცირეკონტიგენტიანი სკოლების რეაბილიტაცია და პედაგოგთა საბაზისო ანაზღაურებისა და დანამატის ზრდაც  დააანონსა და მთაში  პედაგოგთა დეფიციტის შესავსებად დაგეგმილი პროგრამების ამოქმედებაზეც ისაუბრა.

„პედაგოგების დეფიციტის შესავსებად ვაპირებთ, რომ სტუდენტებს შევთავაზოთ მთაში გარკვეული პერიოდით მუშაობა და ვაპირებთ ჩამნაცვლებელი პროგრამის შემუშავებას, რაც  ასაკოვან პედაგოგს შესაძლებლობას მისცემს, თვითონ შეარჩიოს თავისი შემცვლელი პედაგოგი და ეტაპობრივად გადააბაროს თავისი საათები. ამის გარდა ვმუშაობთ, რომ სოფლის მცირე სკოლების შემთხვევაში, პედაგოგის სკოლაში შესასვლელად საკვალიფიკაციო მოთხოვნები სოფლის სკოლის შემთხვევაში მცირედით დავწიოთ“, – განაცხადა შეხვედრაზე განათლების მინისტრმა.

მინისტრთან შეხვედრაზე პედაგოგებმა მოითხოვეს სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატება, სკოლების შესაბამისი ტექნიკითა და ლაბორატორიით აღჭურვა და პენსია სტაჟის მიხედვით.

„ხშირად ისმის, რომ სოფლის სკოლის მოსწავლეები უფრო დაბალ დონეს აჩვენებენ, ვიდრე ქალაქის სკოლის მოსწავლეები,  ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს ინტერნეტთან მიუწვდომლობა, შეიძლება შუქიც გაითიშოს“, – თქვა სოფელ ხაბელაშვილების სკოლის პედაგოგმა რეზო ზოიძემ მინისტრთან შეხვედრაზე.

მინდია  ფუტკარაძე, კერძო სკოლის პედაგოგი: „ტექნიკის პრობლემებია სკოლებში, ერთი წელია ვმუშაობ და ჩემი ხელფასი ტექნიკის შეძენას მოვახმარე. მე, როგორც პრაქტიკოსი მასწავლებელი, ვისურვებდი სკოლა აღიჭურვოს კომპიუტერებითა და შესაბამისი ტექნიკით“.

„სკოლის ადმინისტრაციაში დასაქმებული თანამშრომლების ანაზღაურება დაბალია, ხომ არ ფიქრობთ ხელფასების მატებას ამ კუთხით?“ – იკითხა კვიახიძეების სკოლის დირექტორმა,  თამაზ დიასამიძემ.

„ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ, რომ პირველ ეტაპზე  მსხვილ სკოლებში გვქონდეს სრულფასოვანი ლაბორატორია, მცირე სკოლებში გვქონდეს ვირტუალური ლაბორატორიები, ანუ შეეძლებათ ვიდეოგაკვეთილებით აჩვენონ მოსწავლეებს ექსპერიმენტები. ამ მიმართულებით დროებითი კომპენსაცია ეს იქნება. მომავალში, როცა საშუალება გვექნება, ყველა სკოლაში იქნება ლაბორატორია.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ამ მიმართულებით ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, დღეს ჩვენ  გვაქვს 70 მილიონი ლარი სკოლების ინფრასტრუქტურაზე გაწერილი. რაც უფრო მაღალმთიანი, მცირეკონტიგენტიანია სკოლა, ვაპირებთ მეტი ინვესტიცია ჩავდოთ თუნდაც კომპიუტერის, ინტერნეტის და სასწავლო გარემოს შესაქმნელად. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ საბაზო ანაზღაურებაც გაიზრდება ეტაპობრივად და დანამატებიც“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ალექსანდრე ჯეჯელავას შეხვედრა პედაგოგებთან

ალექსანდრე ჯეჯელავას შეხვედრა პედაგოგებთან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: