მთავარი,სიახლეები

„ბათუმის აქციის საქმეზე“ 300 მოწმე დაიკითხება

08.05.2017 • 2443
„ბათუმის აქციის საქმეზე“ 300 მოწმე დაიკითხება

„11-12 მარტის აქციის საქმეზე“ 17 ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა დღეს, 8 მაისს გაიმართა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე ზუსტად 6 საათის განმავლობაში განიხალავდა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს, ასევე იმას, უნდა გათავისუფლებულიყვნენ თუ არა ბრალდებულები პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ. საბოლოოდ, სასამართლომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად მიიჩნია და პატიმრობაც ძალაში დატოვა.

პროკურატურამ ამ საქმეზე 16 ტომი წარმოადგინა. როგორც პროცესზე პროკურორებმა აღნიშნეს, არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენებას 300-მდე მოწმე მისცემს. დაცვის მხარემ მოწმეების ამ რაოდენობაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ კონკრეტულ ბრალდებულებს მხოლოდ პოლიციელები ასახელებენ. დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა პროკურორები და პროკურორებმა ადვოკატები არაერთხელ დაადანაშაულეს იმაში, რომ მათი გამოსვლები დარბაზზე და კონკრეტულად ჟურნალისტებზე იყო გათვლილი.

„საიდან მოახვავეთ ეს სამასი მოწმე? ვინმემ არ დაიჯეროს, რომ რიგითი მოქალაქეები ხელს ადებენ ვინმეს. ან როგორ უნდა ამოეცნოთ, როცა ნიღაბი ეკეთა ადამიანს, ვინც ქვებს ისროდა? ამ სამასიდან მხოლოდ 40 პოლიციელი ადებს ხელს ბრალდებულებს,“ – თქვა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.

ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება აჭარის პოლიციის დეპარტამენტზე გააკეთა, რომელიც გამოძიებას წარმართავს და ამავდროულად საქმეში არაერთი პოლიციელი დაზარალებულად არის ცნობილი. „დაზარალებულად არის მიჩნეული თვითონ კახა ბუხრაძეც. მთლიანად უწყება დაზარალებული გამოდის. როგორ შეიძლება დავიჯეროთ, რომ ეს უწყება ობიექტურად წარმართავდა გამოძიებას?“ – იკითხა ადვოკატმა.

დავით ჩავლეიშვილის პოზიცია სხვა ადვოკატებმაც გააჟღერეს, თუმცა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ იგი არ გაიზიარა: „მხარისგან ველოდები დასაბუთებულ არგუმენტებს… ასე ზოგადად იმის თქმა, რომ მიკერძოებულია და ყველა გამომძიებელი ტენდენციურია, მისაღები არ არის“.

მოსამართლემ დღეს ერთი და იგივე კითხვა დაუსვა თითოეულ ბრალდებულს: „სცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“ 17-დან 10-მა დუმილით უპასუხა. ექვსმა ბრალდებულმა თქვა, რომ არ სცნობს წარდგენილ ბრალს. უცნობია ერთის – მინდია ბერიძის პოზიცია, რომელიც დღეს ჯანმრთელობის პრობლემის გამო სასამართლოს პროცესს ვერ დაესწრო.

„დავაშავე და გთხოვთ, მაპატიოთ“, – ამ სიტყვებით მოსამართლეს ბრალდებულმა ზაზა გოგიტიძემ უპასუხა, თუმცა როცა მას მოსამართლემ დაკონკრეტება მოსთხოვა, აღიარებდა თუ არა წარდგენილ ბრალს, მან დუმილის უფლებით ისარგებლა.

ადვოკატებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ბრალდებულებზეც, ვინც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაასამართლა ამავე საქმეზე ადმინისტრაციული წესით. „როგორ შეიძლება ერთი და იგივე პირის ქმედება თან იყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, თან სისხლისსამართლებრივი?“ – კითხულობს ადვოკატი ზაზა პაპიძე. მისი მტკიცებით, ბრალდებულის საწინააღმდეგო მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებაა, მაგრამ მას ბოლომდე არ უნახავს ყველა ტელევიზიიდან ამოღებული ვიდეო კადრები, რომლებზეც პროკურატურის მტკიცებით თითოეული ბრალდებულის დანაშაულებივი მოქმედებაა ასახული.

მოსამართლემ პასუხი გასცა ბრალდებულ რევაზ ქერქაძის შემთხვევას. ბრალდებული და მისი ადვოკატი ირწმუნებიან, რომ რევაზმა ქართული სრულყოფილად არ იცის, ხოლო გამომძიებელმა იგი ქართულ ენაზე დაკითხა. დღევანდელ სასამართლო პროცესს სპეციალურად ამ ბრალდებულისთვის რუსული ენის მცოდნე თარჯიმანიც ესწრებოდა.

„თარჯიმნის უფლებით სარგებლობა უპირობოდ უნდა იყოს დაცული და ამას პირდაპირ მოითხოვს გამოძიება, მაგრამ გამოსარკვევია, რამდენად ესმოდა კითხვის შინაარსი გამოკითხვის დროს ბრალდებულს, ან გამომძიებლისთვის იყო თუ არა გასაგები, რომ დასაკითხმა პირმა ქართული ენა სრულყოფილად არ იცოდა, ეს არსებითი განხილვის დროს უნდა გაირკვეს“ – განმარტა მოსამართლემ.

„თუკი ქართული იცის, მაშინ დღევანდელ სხდომაზე რისთვის მოიყვანეთ თარჯიმანი?“ – რეპლიკა დაუბრუნა მოსამართლეს ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.

რაც შეეხება წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლას – ადვოკატებმა ამ ნაწილში აქცენტი გააკეთეს მოწმე პოლიციელებზე: „მოწმეები, ვისაც ამ პირების წინააღმდეგ ჩვენება აქვთ მიცემული, პოლიციელები არიან. როგორ წარმოგიდგენიათ, ბრალდებულები პოლიციელებს აიძულებენ ჩვენების შეცვლას?“

„მე მიტინგებსაც არ ველოდები, მაგრამ საფრთხე არსებობს,“ – შენიშნა მოსამართლემ. ვიოლეტა ფორჩხიძემ დაცვის მხარის არც ის არგუმენტი გაიზიარა, რომ  ბრალდებული პირები წარსულში ნასამართლევი არ არიან.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ბრალდებულის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა განაცხადეს, რომ ისინი აუცილებლად გამართავენ საპროტესტო აქციებს. „მოსამართლე კი ელოდება, რომ აქციები არ იქნება, მაგრამ აუცილებლად გავაპროტესტებთ ამას. შეიძლება ჩვენც დაგვიჭირონ, მაგრამ მაინც მოვაწყობთ აქციას. ადვოკატი მთავარ პროკურორთან შეხვედრას დაგვპირდა და ვნახოთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ რევაზ გორგაძემ. ის ბრალდებულ შოთა გორგაძის მამაა.

17 ბრალდებულის პროცესი ორ ნაწილად გაიმართა. პირველი სხდომის დასრულების შემდეგ, ბრალდებულის ახლობლებმა პოლიციის მანქანას ხელები დაუშინეს და წასვლის საშუალება არ მისცეს სასჯელაღსრულების მანქანას, რომლითაც ბრალდებულებს ციხეში აბრუნებდნენ.

IMG_20170508_142929

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: