მთავარი,სიახლეები

ელექტროგადამცემი ხაზის გამო აჭარაში უკვე 270 კუბ/მ წითელი ნუსხის ხე მოიჭრა

08.05.2017 • 3346
ელექტროგადამცემი ხაზის გამო აჭარაში უკვე 270 კუბ/მ წითელი ნუსხის ხე მოიჭრა

ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო, აჭარის ტერიტორიაზე 4200 კუბ/მ სხვადასხვა სახეობის ხე-ტყეა მონიშნული, რომელიც უნდა მოიჭრას. აჭარის სატყეო სააგენტოს მონაცემებით უკვე მოჭრილია 1550 კუბ/მ სხვადასხვა სახეობის და 270 კუბ/მ წითელი ნუსხის ხე-ტყე.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სახელმწიფო კომპანიას – „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, პერიოდულად ეძლევა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების სხვადასხვა სახეობები. აჭარის ტერიტორიაზე ეს სახეობებია ძირითადად, კოლხური მუხა, ჩვეულებრივი წაბლი, კაკლის ხე, უთხოვარიდა სხვ.

აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ჯუმბერ აბულაძის განცხადებით: „სპეციალური დანიშნულებით ხე-ტყის მოჭრის სამუშაოები გრძელდება, თუმცა შესაძლოა არ მოიჭრას იმ რაოდენობით, რაც მონიშნულია“.

ზემოთაღნიშნული რაოდენობის ხე-ტყე ჯერჯერობით მხოლოდ ბათუმის, ხელვაჩაურის, ქედისა და ნაწილობრივ შუახევის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მოიჭრა. ხაზის მშენებლობა კი შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე გაგრძელდება.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ვალდებულია, მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.

რაც შეეხება დასაწყობებულ მერქანს, აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით ის აუქციონის წესით უნდა გასხვისდეს. ჯუმბერ აბულაძის თქმით, ამ ეტაპზე სააგენტო ელოდება სამხარაულის ექსპერტიზის პასუხს, რომელმაც უნდა შეაფასოს მერქანი და შესაბამისად უნდა განისაზღვროს აუქციონზე საწყისი ფასი. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, არსებული კანონმდებლობისა და ხის სახეობების შესაბამისად, 1 კუბ/მ საშეშე მასალის საწყისი ფასი საშუალოდ 100 ლარამდეა, საბაზრო ფასი კი 80-90 ლარია. „დაველოდებით ექსპერტიზის დასკვნას და შემდეგ დავიწყებთ აუქციონის გამოცხადებას,“ – ამბობს ჯუმბერ აბულაძე.

„საქართველოს წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მერქნიანი მცენარეების სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების [მოჭრის] უფლების მინიჭების წესი და საკომპენსაციო საფასური, საქართველოს მთავრობამ 2016 წლის მაისში განსაზღვრა.

ამ წესის მიხედვით, მაგალითად, მუხის მოჭრისთვის [შესაბამისი  ნებართვით] 1 კუბ/მ-ზე გადასახადი 75 ლარია. კოლხური მუხის შემთხვევაში კი, რომელიც წითელ ნუსხაშია, ეს საფასური ოთხმაგდება. ანუ, „ელექტროსისტემას“, რომელმაც 1500 ძირზე მეტი კოლხური მუხა უნდა მოჭრას, 1 კუბ/მ მერქანზე 300 ლარი მაინც უნდა გადაეხადა, თუმცა, ის, რატომღაც ამ საფასურის გადახდისგანაც გაათავისუფლა მთავრობამ. ამ მცენარის მერქანს კი შეშად მთავრობა გაცილებით დაბალ ფასად გაყიდის.

აჭარაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, ახალციხე-ბათუმის 220 კილოვოლტიან ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში, ინდური კომპანია KEC-ი ააშენებს. ელექტროგადამცემი ხაზი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაივლის.

ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა / ეკა ბარამიძის ფოტოები

ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა / ეკა ბარამიძის ფოტოები

220

გადაბეჭდვის წესი


ასევე: