მთავარი,სიახლეები

ბათუმის ნაგავსაყრელზე ნარჩენების დამუშავების პრობლემა შეიქმნა

08.05.2017 • 5496
ბათუმის ნაგავსაყრელზე ნარჩენების დამუშავების პრობლემა შეიქმნა

მიმდინარე წლის აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში ბათუმის ნაგავსაყრელზე, რომელიც ისედაც არ აკმაყოფილებს არანაირ სტანდარტებს, საგანგებო ვითარება შეიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის კუთხით.

ბათუმის ნაგავსაყრელი / მერიის ფოტო

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების თანამშრომლების მიერ შედგენილ აქტში აღნიშნულია, რომ 28 აპრილის მდგომარეობით ნაგავსაყრელთან მისასვლელ გზაზე, გზის ორივე მხარეს თითქმის 1 კილომეტრის მანძილზე დაყრილი იყო 1080 ტონა ნაგავი, ხოლო საუტილიზაციო მოედანზე მოსასწორებელი იყო 11 420 ტონა ნაგავი. ფაქტობრივად, ხელახალ და დაუყოვნებლივ უტილიზაციას ექვემდებარებოდა 12 500 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

ბათუმის მერიის განმარტებით აღნიშნული სიტუაცია გამოიწვია მერიასა და შპს „აჯაროღლუს“ შორის 2017 წლის 04 იანვარს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტამ, „მიმწოდებლის მიერ აღებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო“. „ბათუმელები“ კომპანია „აჯაროღლუს“ ვერ დაუკავშირდა. ამ კომპანიასთან მერიას ხელშეკრულება 79 650 ლარზე ჰქონდა გამოცხადებული.

ბათუმის მერიასა და შპს „აჯაროღლუს“ შორის ხელშეკრულება ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის ბრძანებით 27 აპრილს შეწყდა. იმ პერიოდისთვის, როგორც მერიაში აცხადებენ, „იკვეთებოდა მეტად არასახარბიელო მდგომარეობა, ნაგავსაყრელზე ყოველდრიურად შედის საშუალოდ 208 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი, რომელიც საჭიროებს ყოველდღიურ უტილიზაციას. დღეის მდგომარეობით დაგროვილია დაახლოებით 13 000 ტონამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენი, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ უტილიზაციას“.

ბათუმის ნაგავსაყრელი / მერიის ფოტო

ბათუმის მერიამ გადაწყვიტა ერთთვიანი ხელშეკრულება გაეფორმებინა შპს „სერვისი-2016“-თან, რადგან აღნიშნული კომპანია მონაწილეობდა შესაბამის ელექტრონულ ტენდერში და სამ პრეტენდენტს შორის დაიკავა მომდევნო მეორე ადგილი [„აჯაროღლუს“ შემდეგ]. ერთთვიანი მომსახურების ღირებულება მერიამ 19 912 ლარით განსაზღვრა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე შესყიდვების სააგენტომ მერიას თანხმობა მისცა იმ პირობით, რომ „დარჩენილი მოცულობის შესყიდვის განხორციელების მიზნით დროულად უზრუნველყოფს ხელახალი სატენდერო პროცედურების დაწყებას“.

„შპს „აჯაროღლუს“  მიღებული აქვს მიმდინარე წლის იანვრისა და თებერვალის შესრულება [ანაზღაურება] 13 275 ლარის ოდენობით. მარტისა და აპრილის თვეებში სამუშაოები წარმოებდა ხელშეკრულების პირობების სრული და უხეში დარღვევით, რადგან ნაგავი იყრებოდა მისასვლელი გზების მიდამოებში, რამაც გამოიწვია აღნიშნული გზის ჩახერგვა. ნაგავსაყრელის შემდგომი ნორნალური ექსპლუატაციისათვის საჭიროა გზის სავალი ნაწილიდან ნაგავის ხელმეორედ უტილიზაცია [გატანა საუტილიზაციო მოქმედ მოედანზე, რაც დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან]“ – აღნიშნულია მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის მიერ ბათუმის მერთან გაგზავნილ წერილში.

„აღნიშნული მომსახურების [უტილიზაცია] სისტემატურად შეუსრულებლობის შემთხვევაში საფრთხე ექმნება მიმდებარე ტერიტორიას, ნაგავსაყრელზე მისასვლელ გზას [რომელიც ამ პერიოდისათვის ჩახერგილია], რადგანაც სამუშაოები შეჩერებულია საყოფაცხროვრებო ნარჩენები იყრება არა დანიშნულების ადგილას, არ ხდება უტილიზაცია და აღნიშნული იწვეს გარემოს დაბინძურებას“- ასე ასაბუთებდა მერია ერთთვიანი ხელშეკრულების დადების აუცილებლობას.

როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურში გვითხრეს, ხელშეკრულება „სერვისი-2016“-თან დღეს, 8 მაისს, გაფორმდება და კომპანია დღესვე დაიწყებს სამუშაოებს ნაგავსაყრელზე. დღეიდან ერთი თვის განმავლობაში კი, ბათუმის მერია გეგმავს ახალი ტენდერის ჩატარებას ბათუმის ნაგავსაყრელის ექსპლუატაციაზე.

ბათუმის ნაგავსაყრელი / მერიის ფოტო

ბათუმის ნაგავსაყრელი / ფოტოები შესყიდვების სააგენტოს ელ.ტენდერის ვებგვერდიდან

ამავე თემაზე:

ახალი ნაგავსაყრელი და მითვისებული მილიონები

ირაკლი ცეცხლაძე „5 მილიონის საქმეზე“: თავს დამნაშავედ ვცნობ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: