აჭარის გეოლოგიური სამსახურის უფროსი: თხილვანაში მაღალი რისკის შემცველი პროცესები მიმდინარეობს

სოფელ ქვედა თხილვანაში, ადგილობრივების თქმით, ბოლო ორი დღეა მდინარის კალაპოტში წყლის მასამ იმატა, რასაც მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყრული კერების გააქტიურება მოჰყვა. მოსახლეობა ამბობს, რომ მთაზე, რომელიც სოფელს ემუქრება, თოვლმა  დნობა დაიწყო. 

აჭარის გეოლოგიური სამსახურის უფროსის, მამუკა ფუტკარაძის თქმით, მეწყრის გააქტიურება თხილვანაში მოსალოდნელი იყო:„დასკვნაში, რომელიც სოფელ ქვედა თხილვანაზე იანვრის თვეში დავწერეთ, მითითებულია, რომ პროცესები გააქტიურდება ჭარბი ნალექის მოსვლისა და თოვლის დნობის დროს, შესაბამისად მაშინ გაიცა რეკომენდაცია მოსახლეობის გამოყვანასთან დაკავშირებით. ახლა არის ყველაზე მაღალი რისკის შემცველი პროცესები იქ.“

მიუხედავად მაღალი რისკისა, რის შესახებაც 2017 წლის იანვრიდან ცნობილია, მოსახლეობის ნაწილი დღემდე სოფელში რჩება.

ხულოს გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე ამბობს, რომ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ 28 ოჯახთან დაკავშირებით სამთავრობო კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო და ისინი ჩაერთვნენ 25 000-ლარიან პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობა საცხოვრებელი სახლის სხვა ადგილას შეძენას შეძლებს.

„თანხა ჩაერიცხებათ, როგორც კი საცხოვრებელ სახლს ნახავენ, რაც შეეხება სოფელში დარჩენილ 32 ოჯახს, მათი მდგომარეობა კიდევ ერთხელ შევისწავლეთ და დამატებით დოკუმენტაციას,  რაც აკლდა სამთავრობო კომისიას, ორშაბათს გადავუგზავნით. სამთავრობო სხდომა, რომელმაც 32 ოჯახთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მომავალ კვირას გაიმართება. რაც შეეხება რისკ-ფაქტორებს, ჩვენ მოსახლეობას შევთავაზეთ ქირით გაყვანა, თუმცა ამაზე მოსახლეობა არ დაგვთანხმდა,“ – ამბობს ხულოს გამგებელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი