უფასო ტრანსპორტი ხულოდან იალაღებისკენ

ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა საზაფხულო იალაღებზე – ბეშუმში, ზორტიყელში, ლეკნარში, სარიჩარიზე, მაჭარელაზე, ვაშლოვანისა და დიდაჭარის მთებზე გადაადგილებას პირველი ივნისიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით უფასოდ შეძლებს. ხულოს გამგეობამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა 21 186 ლარზე.

შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია, რომელსაც ხულოს გამგეობა ხელშეკრულებას გაუფორმებს, ბეშუმის მიმართულებით მიმავალ მგზავრებს ხულოს ცენტრიდან უნდა მოემსახუროს. რაც შეეხება ზორტიყელსა და ლეკნარს, იალაღებზე მიმავალ მგზავრებს ტრანსპორტი ღორჯომიდან მოემსახურება, სარიჩარიზე – სხალთიდან, მაჭარელაზე – ხიხაძირიდან, ხოლო ვაშლოვანისა და დიდაჭარის მთების მიმართულებით უფასო ტრანსპორტი სოფელ ვაშლოვანიდან და დიდაჭარიდან გავა.

დასახელებული სოფლებიდან იალაღების მიმართულებით ორმხრივად სულ 60 რეისი შესრულდება. ხულოდან იალაღების მიმართულებით მიკროავტობუსი დილის 9 საათზე გავა და ხულოს მიმართულებით 6 საათზე დაბრუნდება.

სატენდერო პორობების თანხმად, ხულოს გამგეობის მიერ იალაღებზე მგზავრთა უფასოდ გადაადგილებისთვის გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი 8 მაისს დასრულდება, ხელშეკრულებას გამგეობა კი მხოლოდ იმ მიმწოდებელს გაუფორმებს, რომელსაც საკუთრებაში ან ხელშეკრულებით მინიმუმ ოთხი, არანაკლებ 15-ადგილიანი, ტექნიკურად გამართული მიკროავტობუსი გააჩნია, ხოლო მძღოლს, რომელიც მოსახლეობას უფასოდ უნდა მოემსახუროს, „DD“ კატეგორიის მართვის მოწმობა და სატრანსპორტო საშუალების მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი