მთავარი,სიახლეები

მოსამართლეებმა ბულვარში ნერგები უნებართვოდ დარგეს

04.05.2017 • 8395
მოსამართლეებმა ბულვარში ნერგები უნებართვოდ დარგეს

წითელი ნეკერჩხლის, კამელიისა და მაგნოლიის ნერგები ბათუმის ძველ ბულვარში მოსამართლეებმა დარგეს. გამწვანების აქციაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძე და მისი მოადგილე – თეიმურაზ ტუღუში უშუალოდ მონაწილეობდნენ. ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ნებისმიერი სამუშაოს წარმოებას, რაც ბულვარს ეხება, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვა სჭირდება. ნერგები მოსამართლეებმა ბულვარში უნებართვოდ დარგეს.

„ნერგების დარგვა ბულვარში სააგენტოსთან შეთანხმებული არ ყოფილა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მირზა ცეცხლაძემ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს იურისტმა. მისი თქმით, ნეკერჩხლების დარგვის შესახებ სააგენტო ინფორმირებულია, თუმცა წერილობითი მოთხოვნა ბულვარის ადმინისტრაციისგან ნებართვის მიღებაზე არ მიუღიათ. გამწვანების აქციის ორგანიზატორი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაა. სწორედ ამ აქციაში ჩაერთო დღეს საკონსტიტუციო სასამართლო.

სააგენტოს იურისტი განმარტავს, რომ უნებართვოდ განხორციელებული სამუშაო დარღვევას წარმოადგენს, თუმცა ვერ გვითხრა, რატომ არ რეაგირებს დარღვევაზე სააგენტო. „ჩვენ ვამზადებთ გაფრთხლების წერილს. საკითხის გამოკვლევა მიდის, ჩვენ ველოდებით მათგან დოკუმენტაციის წარმოდგენას…“ – გვითხრა მირზა ცეცხლაძემ.

რატომ არ მიიღო ნებართვა სააგენტოსგან ბულვარის ადმინისტრაციამ? – „სააგენტოსთან სიტყვიერად შეთანხმებული ვიყავი, დაგეგმარების პროექტი ვერ მოესწრო და ნერგები უკვე მიღებული მქონდა, ამიტომ აღარ დავლოდებივარ ნებართვას. დარგვის შესაბამისად ხდება პროექტის დაგეგმარება. შესაძლოა, ისე არ გამოვიდეს კარგი, როგორც თეორიულად ფიქრობ. ასე რომ, ამ დოკუმენტს უახლოეს დღეებში წარვადგენ სააგენტოში“, – აღნიშნა ეთერ მაჭუტაძემ, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის უფროსმა.

მოსამართლეებმა და აპარატის თანამშრომლებმა დარგულ მცენარეებს სიმბოლურად სასამართლოს გერბიანი ლენტებიც შეაბეს.

 

zaza tavadze

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და მისი მოადგილე თეიმურაზ ტუღუში ბათუმის ძველ ბულვარში ნერგებს რგავენ.

zazaz

tugushi

თეიმურაზ ტუღუში – საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე

sasamartlo

 

mosamartleebi saerto

 

ფოტოები: საკონსტიტუციო სასამართლოს ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: