სიახლეები

საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრი: „ზოგჯერ მღვდლები ვერ იგებენ რეკომენდაციებს“

14.05.2014 • 1680
საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრი: „ზოგჯერ მღვდლები ვერ იგებენ რეკომენდაციებს“

 

ახალსოფელში ეკლესიის ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა, 07/05/2014
ახალსოფელში ეკლესიის ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა, 07/05/2014

 

ქალბატონო თამარ, როგორც ვიცით, საპატრიარქოში არსებობს ხუროთმოძღვრების ცენტრი, რომელთანაც თანხმდება სამშენებლო პროექტები. ახალსოფელში ჩამონგრეული ეკლესიის პროექტი იყო ამ ცენტრთან შეთანხმებული?

 

 

არ ყოფილა შეთანხმებული. ცენტრთან არსებობს სამეცნიერო საბჭო, რომელიც იხილავს იმ პროექტებს, რომლებიც არის წარმოდგენილი. საბჭოს წევრები მუშაობენ ენთუზიაზმზე, კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით მოდიან და განიხილავენ პროექტებს.

 

 

პროექტების წარდგენის ვალდებულება არ აქვთ იმ პირებს, რომლებიც მშენებლობას აწარმოებენ?

 

 

ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვითხოვთ, რომ პროექტის ავტორებმა წარმოადგინონ პროექტები. ზოგჯერ პროექტები მოაქვთ მღვდლებს, რომლებიც ვერ იგებენ რეკომენდაციებს, რადგან არ არიან არქიტექტორები. ამიტომ უნდა წარმოადგინონ   პროექტი ავტორებმა. 

 

 

ჩამონგრეული ეკლესიის მშენებლობას, როგორც თქვეს, მღვდელი ხელმძღვანელობდა. მათ არ აქვთ ინფორმაცია ხუროთმოძღვრების ცენტრზე?

 

 

ცენტრის არსებობის შესახებ ყველა სასულიერო პირმა იცის. ცენტრი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მისი ბრძანებით არსებობს. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მშენებლობა კი არა, ნებისმიერი საეკლესიო ნივთის შექმნა ამ სამეცნიერო საბჭოსთან უნდა შეთანხმდეს. პროექტს უნდა ახლდეს კონსტრუქციული ნაწილი. თუ შენდება დიდი ტაძარი ან ჯვარგუმბათოვანი, რომელიც რთული ფორმაა, აუცილებლად შესათანხმებელია. მინიმუმ დარგის სპეციალისტებს მაინც ხომ უნდა მიაკითხონ. 

 

 

რატომ არ ემორჩილებიან სასულიერო პირები ამ ბრძანებას?

 

 

ეს მათ უნდა ჰკითხოთ. რეკომენდაციები გაგზავნილია ეპარქიებში. ორი წლის წინ ხელმეორედ გავუგზავნეთ ეპარქიებს წერილი თხოვნით, რომ პროექტები შეთანხმდეს ცენტრთან.

 

 

თუ გაქვთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რამდენი მშენებლობა მიმდინარეობს დღეს ისეთი, რომლის პროექტი თქვენთან არ შეთანხმებულა?

 

 

 ამას ვინ დაითვლის? ამისთვის უნდა არსებობდეს რაღაც სამსახური, რომელიც ჩვენ არ გვაქვს. მონიტორინგის სამსახური გულისხმობს მიმოსვლას საქართველოს ტერიტორიაზე, ტრანსპორტის, საწვავის ხარჯებს…

 

 

ხელვაჩაურის გამგებელმა განაცხადა, რომ ეს იყო უკანონო მშენებლობა. რატომ უშვებს საპატრიარქო იმას, რომ თუნდაც საზოგადოების მცირე ნაწილმა თქვას, რომ ეკლესია უკანონოდ შენდება? აპირებთ თუ არა სხვა დროს სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქციოთ ეკლესიების მშენებლობები და შეუთანხმოთ არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურებს?

 

 

არქიტექტურის სამსახურთან რომც არ იყოს შეთანხმება, საპატრიარქოსთან მაინც უნდა შეთანხმდეს. გამგეობის სამსახურებს აქვთ კომპეტენცია და საშუალება გააკონტროლონ მშენებლობა, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი მათ უნდა გასცენ. როცა თბილისში რაღაც ხდება, ზედამხედველობის სამსახური მირეკავს და არკვევს თუ არის ჩვენთან შეთანხმება. ახალსოფლის ეკლესიის მშენებლობის თაობაზე არავის მოუმართავს. ისიც ითქვა, რომ საძირკვლის გარეშე შენდებოდა და ამიტომ ჩამოინგრა გუმბათი.

 

 

მშენებლობებზე ძირითადად მრევლის წევრები არიან დასაქმებული, მათ უსაფრთხოებაზე ვინ არის პასუხისმგებელი?

 

 

ყველა, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა. თუ ვინმეს არ უფიქრია იმაზე, რომ შეიძლება მოძღვარს არ შეეთანხმებინა შესაბამის უწყებასთან, გასაგებია, რომ ის არაფერ შუაშია, მაგრამ მოძღვარს კურთხევა ხომ უნდა მიეღო? არის ისეთი შემთხვევებიც, როცა აშენებულ ტაძარს აბარებენ მღვდელმთავარს, რომელიც ამბობს, რომ მშენებლობის შესახებ არაფერი იცოდა. ზოგჯერ ადამიანები ბინას ყიდიან, აშენებენ ტაძარს და შემდეგ როცა ეუბნები, ეს ტაძარი არ არის და ღვთისმსახურება არ გაიმართება, უკვირს და ბრაზობს. ტაძარი კანონიკურად უნდა გაიმართოს.

 

 

ახალსოფლის ტრაგედიის შემდეგ, ალბათ, შეიცვლება მიდგომები, თუ მიდის ამაზე საუბარი?

 

 

მიდგომები არ შეიცვლება, სწორია, რადგან ყველა სასულიერო პირმა იცის, თუ ვის უნდა მიაკითხოს მშენებლობის დროს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: