მთავარი,სიახლეები

ბათუმის ორ სკოლაში აუდიტის სამსახური მოქალაქეების საჩივრებს იკვლევს

03.05.2017 • 3955
ბათუმის ორ სკოლაში აუდიტის სამსახური მოქალაქეების საჩივრებს იკვლევს

ბათუმის ორ  – პირველ და მე-11 საჯარო სკოლაში აჭარის განათლების სამინისტროს აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური შევიდა. სამსახურის უფროსის განმარტებით, სკოლებში შესვლის საფუძველი საჩივრები იყო.

ბათუმის მე-11 საჯარო სკოლაში აუდიტის სამსახური რამდენიმე საჩივარს იკვლევს. ერთ-ერთი საჩივარი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისგან არის.

„მოქალაქეების თქმით, სკოლის ირგვლივ არსებული გარევაჭრობა სასწავლო პროცესზე ცუდ გავლენას ახდენს, სკოლის ადმინისტრაცია კი ვერ აკონტროლებს სკოლის ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლას. იყო თამბაქოს მოხმარების და სკოლის ტუალეტის გამოყენების ფაქტები უცხო პირების მიერ“ – გვითხრეს აუდიტის სამსახურში.

შემდეგი საჩივარი უკავშირდებოდა სასწავლო პროცესს და ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებს.

„სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტები არ გამოკვეთილა, თუმცა იყო სახელმწიფო შესყიდვებთან და ხელფასებთან დაკავშირებული ხარვეზები. სახელმწიფო შესყიდვებში იყო ხელშეკრულების ვადებთან დაკავშირებული ხარვეზები, ასევე ხელფასების გამოწერაში – გამოწერილი იყო კუთვნილზე მეტი ხელფასი. ეს ყველაფერი დაფიქსირებულია დასკვნაში და გადაგზავნილია სამინისტროში,“ – ამბობს სამინისტროს აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსი ალექსანდრე მჟავანაძე.

რაც შეეხება პირველ საჯარო სკოლას, აქ შესვლის საფუძველი ცხელ ხაზზე შესული შეტყობინებები იყო.

„მოსწავლის მშობელმა დარეკა ცხელ ხაზზე და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, მეორე მიზეზი კი იყო სკოლის თანამშრომლის საჩივარი“-ამბობს აუდიტის სამსახურის უფროსი. მისივე თქმით, ამ ფაქტებთან დაკავშირებით მოკვლევა ჯერ არ დასრულებულა: „მოკვლევას ალბათ დასჭირდება 1-2 კვირა, ამის შემდეგ გავახმაურებთ დეტალებს“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: