სიახლეები

ბულვარის ადმინისტრაცია მერიის მართვაში დაბრუნების წინააღმდეგ

13.05.2014 • 1892
ბულვარის ადმინისტრაცია მერიის მართვაში დაბრუნების წინააღმდეგ

ბატონო გიორგი, რა არგუმენტი გაქვთ „ბულვარის ადმინისტრაციაში“, როცა ბულვარის ბათუმის მერიის მართვაში დაბრუნების წინააღმდეგ გამოდიხართ?

კონტექსტიდან ამოგლეჯილი რომ არ იყოს თემა, დავიწყოთ თავიდან. 2009 წელს მერიას ჰქონდა აიპი „ბათუმის პარკებისა და სკვერების გაერთიანება“. ამის შემდეგ, 2009 წლის 24 ნოემბერს, აჭარის მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლითაც ბათუმის საკრებულოს სთხოვა ბულვარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემა. გამოვიდა ისე, რომ მერიამ ვერ მოუარა ამ ტერიტორიას და მიზანშეწონილად ჩათვალა, სამინისტროსთვის გადაეცა.

 

მხოლოდ იმიტომ წაართვა მერიას ბულვარი, რომ ვერ მოუარა, თუ იმიტომ, რომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ზედმეტი ხმაურის გარეშე შეძლებოდა იქ ტერიტორიების გასხვისება, მაგალითად, ეგრეთ წოდებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის?


არ მიმაჩნია სწორად ასეთი მსჯელობა, მე ვერ ვივარაუდებ ამას. როდესაც სიპი „ბათუმის ბულვარი“ სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ვერ ვხედავ პრობლემას თანხასთან მიმართებაში. ბულვარი თავისი შემოსავლით ვერ ირჩენს თავს, ყოველწლიურად სჭირდება ხუთი ან ექვსი მილიონი ლარის დამატება, რომ განვითარდეს, მოხერხდეს შენახვა იმის, რაც

არის და ახლის დამატება. ბათუმის მერიას კი, თავის დროზე, როგორც ჩანს, ან თანხა არ ჰქონდა, ან სურვილი, მე ამაზე ვერ გიპასუხებთ. მაშინ ბულვარში ყველაფერი იყო დანაგვიანებული, არეული და ყურადღება არ ექცეოდა, როცა გადაეცა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ჩამოყალიბდა სიპი „ბათუმის ბულვარი“, კეთდება ის, რაც უნდა გაკეთებულიყო ამდენი წლის განმავლობაში და არ კეთდებოდა.  რაც შეეხება ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობას, ის ადგილი არ იყო ბულვარის ტერიტორია.


თქვენი ინფორმაციით,  ის ხუთი ან ექვსი მილიონი, რაც ბულვარისთვის იხარჯება, საიდან მოაქვს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს?

ეს საკითხი ჩემთან არ არის გასარკვევი.

 

ცენტრალური მთავრობა ხომ აძლევს სწორედ იმისთვის, რომ ბულვარი დააფინანსოს?

კი ბატონო, მესმის.

 

 თქვენი აზრით, მერიას არ მისცემს ამ თანხას იმისთვის, რომ ბულვარი დააფინანსოს?

არ ვიცი, ვერ გეტყვით. მე ვხედავ ფაქტს, რა იყო და რა კეთდება ახლა. ძალიან ცუდი სიტუაცია იყო მანამდე. ეს ყველაფერი ჩემი მოგონილი არ არის, მეც დავდიოდი ბულვარში და მესმოდა, რომ ხალხი უკმაყოფილო იყო. გამომდინარე აქედან მომხრე ვარ, რომ დავრჩეთ სამინისტროს დაქვემდებარებაში.

 

იმ შემთხვევაში, თუ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო საინვესტიციო წინადადების მომხიბვლელობიდან გამომდინარე მოინდომებს ბულვარში ტერიტორიების გასხვისებას ან მართვაში გადაცემას, თქვენ რა პოზიცია გექნებათ?

თქვენ ამბობთ ინვესტორი რომ მოვიდეს?

 

დიახ, ამისი საშიშროება არ არსებობს? 


ვხვდები, რასაც ამბობთ, მაგრამ არა მგონია. ამ დრომდე არ ყოფილა ასეთი პრობლემა და ახლა რატომ უნდა წამოიჭრას. თუ დააკვირდებით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ასევე აჭარის მთავრობის პოზიციაა, რომ ბულვარის იერსახე უნდა შენარჩუნდეს.

 

ცოტა ხნის წინ ბათუმის ბულვარში მშენებლობის წამოწყებას აქციები მოჰყვა, წვიმიან ამინდში იდგა ხალხი ბულვარში და ითხოვდა არ განხორციელებულიყო იქ სამშენებლო სამუშაოები…

ის ტერიტორია ბულვარს არ ეკუთვნოდა და როგორც მახსოვს, ხის მოჭრაზე იყო პრობლემა.

 

ხის მოჭრაზე ისევ იქნება პრობლემა… ცოტა ხნის წინ თქვენ თქვით, რომ აპირებთ ინვესტიციები მოიძიოთ. ვიცით, რომ ე.წ. საშინელებათა ოთახის მოსაწყობად მასიური შენობის დადგმაზე უკვე გაცემულია ნებართვა…


არსებობს კაპიტალური და არაკაპიტალური შენობა. კაპიტალური რკინა-ბეტონით ჩამოსხმული კონსტრუქციაა, რომლის დაშლა და გადაადგილებაც არ შეიძლება. ბულვარში ასეთი ბევრი ობიექტია. ეს ყველა ობიექტი მერიის საკუთრებაა. საშინელებათა ოთახთან დაკავშირებით ინვესტიცია იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენთვის მთავარი მაინც ის არის, რომ ბულვარის იერსახე არ შეიცვალოს. ე.წ საშინელებათა ოთახი არ იქნება კაპიტალური კონსტრუქცია.

 

წელს რა სიახლეებია ბულვარში, ახალი რა დახვდება დამსვენებელს?


მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ტენდერში გამარჯვებულები ტერიტორიების გრანიტით მოპირკეთების სამუშაოებს ასრულებენ. განახლდება 26 მაისის, ვაჟა-ფშაველას, დუმბაძისა და თავდადებულის ქუჩები. ეს სამუშაოები ბულვარს 996 776 ლარი დაუჯდება. ინტურისტების გასწვრივ კოლონადებამდე ტერიტორიის მოპირკეთებისათვის კი 342 333 ლარი დაიხარჯება, აქედან გარკვეული ნაწილი იქნება მოზაიკით მოპირკეთებული. მოზაიკით იქნება ასევე მოპირკეთებული კოლონადების მისასვლელი. ახალ ბულვარში ჩინური რესტორნის მიმდებარედ შენდება სკეიტპარკი. ვგეგმავთ ასევე ე.წ. გამყოფი ზოლის შეცვლას, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ვაპირებთ გედების ტბის მოაჯირის გაკეთებას და მის გაგრძელებას, რადგან მატება გვაქვს.  დაგეგმილია მელიქიშვილის ქუჩის გასწვრივ ბულვარის შესასვლელის მოპირკეთებაც, თუმცა ეს სეზონამდე ვერ მოესწრება. იგეგმება ასევე ახალი საშხაპეების მოწყობა. შევიძინეთ ჭადრაკის ახალ ფიგურებსაც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: