„ევროპულმა საქართველომ“ ბათუმში ოფისი გახსნა

„დრო ძალიან ცოტა გვაქვს, ჩვენ უნდა მოვასწროთ საკუთარი სახის დამკვიდრება,“ – მიმართა მხარდამჭერებს დავით ბაქრაძემ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა. ამ პარტიამ დღეს, 3 მაისს, ბათუმში პარტიული ოფისი გახსნა.

შეხვედრაზე პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მთავარი ამოცანებიც გააჟღერა: „პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ამომრჩეველი, რომ შეგვიძლია შევცალოთ ხელისუფლება მშვიდად, რყევების გარეშე და მეორე: ხალხს უნდა დავანახოთ, რას ვიზამთ მერე. ესაა მთავარი“.

გიგა ბოკერიასთან და დავით ბაქრაძესთან ერთად, მხარდამჭერებს მიმართეს რაულ თავართქილაძემ და პეტრე ზამბახიძემ. ისინი ამ პარტიის სახეებად უკვე მოიაზრებიან რეგიონში.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ვინ იქნება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი აჭარაში, დავით ბაქრაძემ გვიპასუხა: „იქნება ის, ვისაც ხალხი გადაწყვეტს… ამ ეტაპზე ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის.“

როგორ მიიღებენ პარტიაში ახალ წევრებს? – რაულ თავართქილაძემ გვითხრა, რომ პარტიისთვის „წითელი ზოლი“ რუსეთი იქნება: „თუკი ადამიანი არ აღიარებს, რომ რუსეთი ოკუპანტია და პუტინის მოტრფიალეა, ის ჩვენს რიგებში ვერ ჩადგება“.

შეხვედრის დაწყებამდე, „ბათუმელები“ ეცადა გაერკვია, რა ტიპის მხარდამჭერები დახვდნენ  დღეს ლიდერებს. შეკრებილებმა თქვეს, რომ ისინი, ძირითადად, ლიდერების გამო მივიდნენ „ევროპულ საქართველოსთან“ და არა რომელიმე ღირებულების გამო.

„მიმაჩნია, რომ ეს არის ნათელი სხივი… ამ პარტიის ლიდერები იზრუნებენ საქართველოზე და იმაზე, რაც საზოგადოებას სჭირდება. თავის დროზე, როცა ხელეწიფებოდათ, აკეთებდნენ საქმეს. ამიტომაც ვენდობი… დანარჩენი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ“, – გვითხრა ქალაბატონმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი მხარდამჭერი, ქეთი გოდელაძე ამბობს, რომ პროფესიონალიზმის გამო ენდობა ამ პარტიას: „ჩემი დაქალის მამაა ამ პარტიაში, ვენდობი და მეც წამოვედი შეხვედრაზე. ყოველთვის დავუჭერ მხარს ასეთ ადამიანებს“.

დავით ბაქრაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა იმაზეც, რომ ლიდერების ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები არიან. იმედი აქვს, რომ პარტია სხვა, ახალი სახეების დაინტერესებასაც შეძლებს.

„ჩვენი მიდგომა არის ის, რომ ხელისუფლებაში კი არ უნდა დავბრუნდეთ, არამედ უნდა მოვიდეთ ხელახლა. ხალხს უნდა გაუჩნეს განცდა, რომ ჩვენ ისევ საჭირო ვართ პოლიტიკაში. ეს არის მნიშვნელოვანი სხვაობა იგივე „ნაციონალური მოძრაობისგან“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველო“ გათვლას ელექტორატის იმ ნაწილზე აკეთებს, რომელიც „ქართული ოცნების“ საქმიანობით უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ არჩევანი არ აქვს.

პარტიის ლიდერები მთავარ აქცენტს გადასახადების შემცირებასა და სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე აკეთებენ, თუმცა რა ფინანსური რესურით მოხერხდება სოციალური პროგრამების გაუმჯობესება, ამის შესახებ ჯერ არაფერი წერია პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ გამოცემულ ბუკლეტში. ლიდერებს შეხვედრაზე არც იმაზე უსაბრიათ, თუ რით იქნებიან ისინი უპირატესი სხვა პარტიებისგან, ვისაც ანალოგიური დაპირებები აქვთ ამომრჩეველთან.

განსხვავებული დაპირება, რაც „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში მოცემულ ბუკლეტში ამოვიკითხეთ, არის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრული ამოქმედება და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, ანუ სუს-ის გაუქმება.

EVROPULI

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი