მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ზემო აჭარაში 50 ათასამდე მოქალაქე მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსით სარგებლობს

03.05.2017 • 3078
ზემო აჭარაში 50 ათასამდე მოქალაქე მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსით სარგებლობს

აჭარაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, 48 262 მოქალაქეს აქვს. „მთის კანონს“ აჭარის მთაში ყველაზე მეტი ბენეფიციარი ხულოს მუნიციპალიტეტში ჰყავს, ამ დროისთვის აქ აღნიშნული სტატუსით 21 257 მოქალაქე  სარგებლობს.

პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე, მთაში მცხოვრებთა სტატუსი ავტომატურად  ხულოს მუნიციპალიტეტში 20 444 მოქალაქეს მიანიჭეს, ხოლო სტატუსის მისაღებად პირადი განცხადებით მუნიციპალიტეტს 1 976-მა მოქალაქემ მიმართა განცხადებით. აქედან მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით სტატუსი 1 766-ს მიენიჭა. კანონის ამოქმედებიდან ხულოში, მთაში მცხოვრებთა სტატუსი 525 მოქალაქეს შეუჩერდა, 428-ს კი შეუწყდა.

„კანონით, სტატუსი სტუდენტს ავტომატურად უჩერდება. იმ შემთხვევაში კი, თუ [ყოფილი] სტუდენტი მოიტანს შესაბამის ცნობას, რომელიც დააკმაყოფილებს კანონით გაწერილ მოთხოვნებს, მთის სტატუსი მაქსიმუმ ერთ თვეში აღუდგება. რაც შეეხება სტატუსის შეწყვეტას, შეწყვეტის მიზეზი გარდაცვალება, ან რეგისტრაციის ადგილის ცვლილებაა,“ – ამბობს ხულოს გამგეობაში მოქმედი „მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ წევრი თამილა დეკანაძე.

2 მაისის მონაცემებით ქედის მუნიცპალიტეტში მთის სტატუსით 14 399 მოქალაქე სარგებლობს, კანონის ამოქმედებიდან დღემდე აქ სტატუსი სულ 203 მოქალაქეს შეუჩერდა, ხოლო 451-ს შეუწყდა, შეწყვეტის მიზეზად 264 შემთხვევაში გარდაცვალება, ხოლო 187 შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილის მონაცვლეობა ფიქსირდება.

ქედის მუნიციპალიტეტში „მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ თავმჯდომარის, მერაბ ტაკიძის თქმით, სტატუსით მოსარგებლე მოქალაქეთა მაჩვენებელი ქედაში იზრდება, რასაც მისი განმარტებით, ძირითადად, რეგისტრაციის ადგილის ცვლილება განაპირობებს.

„მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეები წლებია  ქედაში ცხოვრობენ, მათი რეგისტრაციის ადგილად ქალაქი იყო მითითებული, კანონით გაწერილი შეღავათის მისაღებად შეცვალეს რეგისტრაციის ადგილი და დღეს სტატუსით სარგებლობენ, გარდა იმ მონაცემებისა, რომლებიც სხვადასხვა უწყებებმა გადმოგვიგზავნეს, მთის სტატუსი აქ 907 მოქალაქეს პირადი განცხადების საფუძველზე მიენიჭა,“ – ამბობს მერაბ ტაკიძე.

რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს, აქ მთის სტატუსით 12 612 მოქალაქე სარგებლობს, პირველადი რეგისტრაციის დროს სტატუსი 12 576 მოქალაქეს მიენიჭა, ხოლო 2016 წლის 14 იანვრიდან დღემდე სტატუსი 508 მოქალაქეს შეუწყდა, 408-ს – შეუჩერდა.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის, იურიდიულ და საკადრო საკითხთა განყოფილების უფროსი, ჯიმშერ აბაშიძე: „მას შემდეგ, რაც პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე მოქალაქეებს ავტომატურად მიენიჭათ სტატუსი, დაიწყო მონიტორინგი. აღმოჩნდა, რომ ბევრი რეგისტრირებულ ადგილზე არ ცხოვრობდა, სტატუსის შეწყვეტის მიზეზი – საცხოვრებელი ადგილის მონაცვლეობა და გარდაცვალება, 508 შემთხვევაში, თითქმის თანაბარია“.


მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მქონე მოქალაქეები, საქართველოს კანონმდებლობით, გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ, მათ შორის მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გადახდის დროს.

აჭარაში მაღალმთიანი დასახლებებია: ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტები [დაბებისა და ყველა სოფლის ჩათვლით], ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა ქოქოლეთი და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: დიდვაკე და ხინო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: