მთავარი,სიახლეები

ქედაში 1 ლარად გადაცემულ მიწაზე საპატრიარქო ტაძრის მშენებლობას იწყებს

02.05.2017 • 2497
ქედაში 1 ლარად გადაცემულ მიწაზე საპატრიარქო ტაძრის მშენებლობას იწყებს

დაბა ქედაში, შერვაშიძის ქუჩაზე, სადაც საბჭოთა კავშირის დროს სამხედრო ბაზა იყო განთავსებული, სანგრების გასაწმენდად რამდენიმე ადამიანი მუშაობს. მათი თქმით, ტერიტორიას ეკლესიის ასაშენებლად ასუფთავებენ. აქ მცხოვრებთა ინფორმაციით კი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილ ტერიტორიაზე სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი სპირიდონი რეზიდენციის მოწყობას გეგმავს. მეორე ვერსიით, აქ საპატრიარქო საკათედრო ტაძრის მშენებლობას აპირებს.

ფოტო: ეკა ბარამიძე

ფოტო: ეკა ბარამიძე

ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორია 5206 კვადრატულ მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და ხუთ შენობას მოიცავს, რაც მთლიანობაში 1180,36 კვადრატული მეტრია.

დაბა ქედაში, შერვაშიძის ქუჩაზე, ყოფილი საბჭოთა სამხედრო ბაზა ე.წ. კომენდატურის შენობას, ორ საცხოვრებელ სახლს და სპეციალური დანიშნულების შენობებს აერთიანებდა. ბაზის დაშლის შემდეგ ორივე საცხოვრებელი სახლი სამხედრო პირების ოჯახებმა დაისაკუთრეს, ხოლო ე.წ. კომენდატურის შენობის გვერდით არსებული შენობები ჩამოიშალა. შენობის უკანა ნაწილში კი დღემდე შემორჩენილია სამხედროების საწვრთნელად გათხრილი სპეციალური სანგრები, ზოგან ჯერ კიდევ აწყვია სილით სავსე ტომრები.

ტერიტორია, რომელიც წლების წინ მესაზღვრეებს ეკავათ ორი საცხოვრებელი სახლის გარდა, ახლა უკვე საპატრიარქოს საკუთრებაა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრში განმარტეს, რომ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები საპატრიარქოს, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, ერთ ლარად გადაეცა.

რის გაკეთებას გეგმავს საპატრიარქო ქედაში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე? – ამ კითხვით საპატრიარქოს ტბელ აბუსერისძის სახელობის ხიჭაურის უნივერისტეტის პრესსამსახურს მივმართეთ, სადაც სხალთის ეპარქიის მეუფე სპირიდონია რექტორი, თუმცა უშედეგოდ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

ეპისკოპოსს რეზიდენციები ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში აქვს მოწყობილი…
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის დასაწყებად საჭიროა ნებართვის მიღება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის სამსახურისგან.

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ სხალთის ეპარქიას ნებართვა უკვე აქვს. მისივე ინფორმაციით, სხალთის ეპარქია ქედაში, ყოფილ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, ეკლესიის მშენებლობას გეგმავს:

„საქართველოს წმიდა სინოდის, ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის მიერ დამუშავდა გუმბათოვანი ეკლესიის პროექტი ამ ტერიტორიის შესაბამისად, რომელიც საპატრიარქოს არქიტექტურის სამსახურმა დაამტკიცა. მშენებლობის წარმოებასთან დაკავშირებით გამგეობაში წარმოადგინეს ნახაზი, როლის მიხედვითაც 26-მეტრიანი გუმბათოვანი ტაძარი უნდა აშენდეს. ეს იქნება ქედის საკათედრო ტაძარი, მშენებლობის თანხმობა მიეცა ეპარქიას – ნახაზთან და არქიტექტურასთან დაკავშირებით ჩვენ შენიშვნები არ გვქონია, რაც შეეხება ტერიტორიაზე რეზიდენციის მოწყობას, მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ“.

გუმბათოვანი ტაძრის გარდა სხვა შენობების მოსაწყობად ქედის გამგეობაში საპატრიარქოს ამ დრომდე სხვა პროექტები არ წარუდგენია.

ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორია საპატრიარქოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ნოემბრის [ N38 ] განკარგულებით გადაეცა სიმბოლურ ფასად – 1 ლარად.

18296916_1346957185399984_511372913_o

ე.წ. კომენდატურის ყოფილი შენობა ქედაში

ე.წ. კომენდატურის ყოფილი შენობა ქედაში

გადაბეჭდვის წესი