მთავარი,სიახლეები

ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხის განხილვას უმაღლესი საბჭო თავს არიდებს

02.05.2017 • 2354
ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხის განხილვას უმაღლესი საბჭო თავს არიდებს

აჭარის უმაღლეს საბჭოს ამ დრომდე არ განუხილავს დეპუტატების ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხი, მაგალითად, დავით თედორაძის, რომელიც „აჭარის მწერალთა სახლში“ ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქტორის მოადგილის პოზიციას იკავებს. ასევე ილია ვერძაძის შემთხვევა. ის პროფესიული კავშირების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

თებერვალში, როცა „ბათუმელები“ ინტერესთა შესაძლოა შეუთავსებლობის ფაქტებზე წერდა, უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ ამ საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავდნენ. თებერვალში დეპუტების ბიზნესინტერესებსა და ინტერესთა შეუთავსებლობაზე კვლევა მოამზადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომაც“. უმაღლეს საბჭოს არც ამ კვლევაზე მოუხდენია რეაგირება.

„როგორც ჩანს, უმაღლეს საბჭოს ამ საკითხის განხილვის პოლიტიკური ნება არ აქვს,“ – ასეთია მალხაზ ჭკადუას აზრი უმაღლესი საბჭოს უმოქმედობაზე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერს მოლოდინი ჰქონდა, რომ საკანონმდებლო ორგანო რაღაც ფორმით მაინც გამოეხმაურებოდა ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხს და გადაწყვეტილებას მიიღებდა.

„კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მწერალთა სახლიდანაც გამოვითხოვეთ დოკუმენტაცია. მოგვწერეს, რომ დავით თედორაძე არ ასრულებს ადმინისტრაციულ საქმიანობას, თუმცა აქაც ჩნდება საფუძვლიანი კითხვები. ჩვენ ამოვდივართ კანონის იმ დათქმიდან, რომლის მიხედვითაც დეპუტატი არ უნდა იღებდეს ანაზღაურებას სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციისგან. „აჭარის მწერალთა სახლი“ კი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამ საკითხების განხილვა თავად უმაღლესი საბჭოს ინტერესებში უნდა შედიოდეს. პრაქტიკულად ვსაუბრობთ პარლამენტზე ავტონომიურ დონეზე და პირდაპირი წესით არჩეულ 21 დეპუტატზე. ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი, თუ არა საბჭოს?“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

„მაქსიმუმ მაისის ბოლომდე განვიხილავთ ამ საკითხს,“ – გვითხრა ნინო ჩხეტიამ, უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ. მისი თქმით, უმაღლესი საბჭო ცალკეული დეპუტატის შემთხვევას ვერ განიხილავდა და დეკლარაციების წარდგენას დაელოდა. ნინო ჩხეტიას კითხვები აღარ აქვს ილია ვერძაძესთან. „კანონი „ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ“ საკამათოს ხდიდა საზოგადოებრივი ორგანიზაციიდან ანაზღაურების მიღებას. ილია ვერძაძე არ იღებს ანაზღაურებას პროფესიულ კავშირებში“, – ამბობს ნინო ჩხეტია.

წარმოადგინა თუ არა ილია ვერძაძემ დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა იმას, რომ ის მართლაც უსასყიდლოდ მუშაობს პროფესიულ კავშირებში? – ნინო ჩხეტიამ გვიპასუხა, რომ მას ეს კითხვა ვერძაძესთან არ გასჩენია და თუ მან ხელფასი მაინც აიღო, ეს მომავალი წლის დეკლარაციაში გამოჩნდება. ილია ვერძაძის ანაზღაურება უმაღლეს საბჭოში თვეში 5170 ლარია.

რაც შეეხება დავით თედორაძეს, იურიდიული კომისიის ხელმძღვანელი მასთან დაკავშირებით „მწერალთა სახლის“ ორგანიზაციულ-სამართლებრივი საკითხის გამორკვევას აპირებს. „ასევე უნდა დადგინდეს, დავით თედორაძის საქმიანობა შემოქმედებითია, თუ ის ადმინისტრაციულ ფუნქციას ასრულებს. ამ კუთხით კითხვები ბუნებრივია არსებობს,“ – განმარტა ნინო ჩხეტიამ.

უმაღლესი საბჭოს წევრობამდე დავით თედორაძე ბათუმის საკრებულოს წევრი იყო „პატრიოტთა ალიანსიდან“. ამჟამად იგი „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს და მისი, როგორც დეპუტატის ანაზღაურება თვეში 4652 ლარს შეადგენს. დავით თედორაძე დამატებით ანაზღაურებას იღებს „აჭარის მწერალთა სახლიდან“ თვეში – 554 ლარის ოდენობით. თანამდებობის პირთა დეკლარაციის მიხედვით, დავით თედორაძეს გასულ წელს ასევე მიუღია 3887 ლარი, როგორც სს „გამომცემლობა აჭარას“ რედაქტორს. ამ გამომცემლობის მფლობელი მისი მეუღლეა, მადონა ფალავანდიშვილი. დავით თედორაძის სიძე კი, ირაკლი ერისთავი, სუს-ის უფროსია აჭარაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: