მთავარი,სიახლეები

13 ველოსიპედი, 20 მოზარდი და პირველი ველოკლუბი ქედაში

01.05.2017 • 2828
13 ველოსიპედი, 20 მოზარდი და პირველი ველოკლუბი ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში ველოკლუბი ჩამოყალიბდა. კლუბის ჩამოყალიბების იდეა არასამთავრობო ორგანზაცია  „ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრსა“ და ამ ორგანიზაციაში „მშვიდობის კორპუსის“ ეგიდით მომუშავე მოხალისეს, ამერიკელ  დენიელ სპარკმენს ეკუთვნის.

პროექტი, რომელიც  ველოკლუბის ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა, არასამთავრობო ორგანიზაციამ მოხალისესთან ერთად მშვიდობის კორპუსის მიერ გამოცხადებულ კონკურსში – „ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის – შეიტანა და 2 000-დოლარიანი გრანტიც მიიღო.

„ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ დირექტორი დავით ანანიძე ამბობს, რომ პროექტი სექტემბრამდე გაგრძელდება, ამ დროის განმავლობაში კი ორგანიზაცია ქედაში ველოსიპედის მომხმარებელთა რაოდენობას დაითვლის და იმ შემთხვევაში, თუ ველოსიპედზე მოთხოვნა მზარდი იქნება, ორგანიზაცია კლუბის გაფართოებაზეც იფიქრებს.

„დენიელთან ერთად მოვიფიქრეთ ჩამოგვეყალიბებინა ველოკლუბი. პროექტი წარვადგინეთ და დაფინანსება მოვიპოვეთ, 2 500-დოლარიანი პროექტი იყო, რაც გამგეობის 13%-იან თანადაფინანსებას გულისხმობდა. საგრანტო პროექტის განსახორციელებლად 2 000 დოლარით „მშვიდობის კორპუსმა“ დაგვაფინანსა, დანარჩენი თანხით კი – ქედის გამგეობამ. 13 ველოსიპედი შევიძინეთ საჭირო აღჭურვილობით. პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ 20 მოსწავლეს ტრენინგებს ვუტარებთ ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ველოსიპედის უსაფრთხო მართვაზე, კლუბში გაწევრიანებულ მოსწავლეებს ველოსიპედის მართვას ჩვენს მოხალისესთან ერთად, ქედის სხვადასხვა სოფლის სკოლაში მომუშავე  „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისე მასწავლებლები: პეტრიკი, დენიელი, ჯენა და საფი ასწავლიან,“ – ამბობს დავით ანანიძე.

ქედის „ველოკლუბის“ ველოსიპედით სარგებლობა გარდა „ველოკლუბის“ 20 წევრისა, ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია, დილის 9 საათიდან საღამოს 17-საათამდე. თუმცა მათთვის ველოსიპედის სარგებლობა ფასიანია, ერთი დღით ქირაობის ფასი არასრულწლოვანისთვის – 5, ხოლო სრულწლოვანისთვის – 10 ლარი იქნება. შესული თანხა კი ორგანიზაციას ჩაერიცხება.

ქედის ველოკლუბში გაწევრიანებული მოსწავლეები 12-16 წლის არიან, მათგან ყველაზე პატარა 12 წლის გიგი მახარაძეა.

ველოკლუბმა ქედაში დღეს პირველი ველომსვლელობა მოაწყო, 15 მაისს კი ველომარათონის გამართვა იგეგმება.

ველოკლუბი ქედაში

ველომარატონი ქედაში

ველოკლუბი ქედაში

ველომარატონი ქედაში

18260865_1346875365408166_1546361053_o

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: