მთავარი,სიახლეები

სპეციფიკურ გარემოში გამოცდების ჩაბარების მსურველებმა ცნობა 10 მაისამდე უნდა წარადგინონ

01.05.2017 • 1592
სპეციფიკურ გარემოში გამოცდების ჩაბარების მსურველებმა ცნობა 10 მაისამდე უნდა წარადგინონ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებმა, მაგისტრანტობის კანდიდატებმა და პედაგოგობის მსურველმა, რომლებიც გამოცდების დროს საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, უნდა წარადგინონ შესაბამისი ცნობა (ფორმა #100) შეფასებისა და გამოცდის ეროვნულ ცენტრში 2017 წლის 10 მაისის ჩათვლით.

სპეციფიკური საგამოცდო გარემო გულისხმობს საჭიროების შემთხვევაში საგამოცდო დროის გახანგრძლივებას, დახმარების გაწევას გადაადგილებაში, გამოცდის მსვლელობისას საკვებითა თუ მედიკამენტებით უზრუნველყოფას და გამოცდაზე ურიგოდ შესვლას. სპეციფიკური გარემოთი შეუძლიათ სარგებლობა შშმ პირებს, ასევე, დიაბეტის დიაგნოზისა და სმენის პრობლემების მქონე ადამიანებს.

შეფასებებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის ივა მინდაძის თქმით, სპეციფიკური საგამოცდო გარემოს პირობებით საქართველოს მასშტაბით გასულ წელს 130-მდე პირმა ისარგებლა, თუმცა გაცილებით მეტმა, 590-მა ადამიანმა შეიტანა განაცხადი. ივა მინდაძის თქმით, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მსურველების უმრავლესობას უარი უთხრა, რადგან ისინი არ აკმაყოფილებდნენ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს პირობებს.

ბათუმში სპეციფიკური საგამოცდო გარემო ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: