ფერიდე ნიჟარაძე – პირველი მუსლიმი ქალი აჭარაში უმაღლესი განათლებით

დღეს, პირველ მაისს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პირველი აჭარელი იურისტი ქალის, ფერიდე ნიჟარაძის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრა საქველმოქმედო ორგანიზაცია „აფალინას“ ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ფერიდე ნიჟარაძის ოჯახის მეგობრები ესწრებოდნენ.

ქალაქის მერის თქმით, ფერიდე ნიჟარაძე ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, ვინც სარწმუნოებრივი შეზღუდვების თუ იმ დროინდელ საზოგადოებაში არსებული  სტერეოტიპების მიუხედავად, აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთო და ქალების ე.წ. კარჩაკეტილობის სტიგმა დაარღვია.

„მის შესახებ ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ ბევრი ახალიც გავიგე. აქამდე არ ვიცოდი, თუ ის პირველი ქალი იყო, რომელმაც უმაღლესი განათლება მიიღო და იბრძოდა სხვა ქალების უფლებრივი მდგომარეობისთვისაც“, -ამბობს გიორგი ერმაკოვი.

შეხვედრა ორგანიზაცია „აფალინას“ ხელშეწყობით გაიმართა, რომელიც ფერიდე ნიჟარაძის შვილმა დააფუძნა.

შეხვედრა ორგანიზაცია „აფალინას“ ხელშეწყობით გაიმართა, რომელიც ფერიდე ნიჟარაძის შვილმა დააფუძნა.

საზოგადოება „აფალინა“ ფერიდე ნიჟარაძის შვილმა ეთერ მანელიშვილმა დააარსა. „ორგანიზაცია ახალი დაარსებულია და პირველი აქტივობა დედაჩემს მივუძღვენი. ის ძალიან განათლებული  ადამიანი იყო. პატარა გოგო იყო, მაგრამ ჩადრის ახდის პროცესში აქტიურად მონაწილეობდა. ყველას, ვისაც სწავლა უნდოდა, ეხმარებოდა და ხელს უწყობდა.

იმ პერიოდში ქალები ყველაზე ნაკლებად სწავლობდნენ და ეს დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, რადგან საზოგადოებრივი აზრი, რომ   – „ქალს სწავლა არ სჭირდება“ – მაინც გავლენას ახდენდა.  დედაჩემმა კი თავისი ცხოვრების წესით ეს სტერეოტიპები დაანგრია. ამაში მას ეხმარებოდა მამის ოჯახიც“, – ამბობს ეთერ მანელიშვილი.

ეთერ ნიჟარაძის თქმით, ფერიდე ნიჟარაძე 1912 წელს დაიბადა, მისი მამა, ალი დედეს ძე ნიჟარაძე, აჭარაში გამორჩეული იყო ევროპული განათლებითა და ცხოვრების წესით.

ფერიდე ნიჟარაძე, აქტივისტ აჭარელ ქალებთან ერთად

ფერიდე ნიჟარაძე, აქტივისტ აჭარელ ქალებთან ერთად

„მის ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ცნობილი ადამიანები – პეტრე უმიკაშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი, ზაქარია ჭიჭინაძე, თედო სახოკია, დავით კლდიაშვილი და სხვა ცნობილი ადამიანები, სწორედ ასეთ გარემოში აღიზარდა ფერიდე“.

ფერიდე ნიჟარაძე ქალთა სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი – მაშინდელ ბათუმის ინსტიტუტში. იურისტის განათლება კი მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტში მიიღო. ის იყო პირველი პროკურორი ქალი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე. წლების განმავლობაში ბათუმის მიუსაფარ ბავშვთა სახლის დირექტორიც იყო.

შეხვედრის მონაწილეებმა ფერიდე ნიჟარაძესთან დაკავშირებული სხვა ისტორიებიც გაიხსენეს.

 

DSCN5344

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com