მთავარი,სიახლეები

რატომ არ უნდა შემოუშვან „პუტინის ბაიკერები“ საქართველოში

01.05.2017 • 2106
რატომ არ უნდა შემოუშვან „პუტინის ბაიკერები“ საქართველოში

9 მაისს რუსი ბაიკერების ჯგუფი – „ღამის მგლები“ საქართველოში შემოსვლას ისევ გეგმავენ. „ღამის მგლები“ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ლობირებული ჯგუფია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აცხადებს, რომ „ღამის მგლების“ საქართველოში ყოფნას გააკონტროლებენ. ამ ჯგუფს თავიანთ ქვეყნებში შესვლის უფლება არ მისცეს ისეთმა სახელმწიფოებმაც კი, რომლებიც რუსეთთან საომარ მდგომარეობაში არ იმყოფებიან. რატომ არ უნდა შემოუშვან ყველაზე ცნობილი რუსული ულტრანაციონალისტური ჯგუფი, „ღამის მგლები“ საქართველოში? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ისტორიკოსმა გრიგოლ გეგელიამ ისაუბრა.

ბატონო გრიგოლ, როგორ ფიქრობთ, რატომ არ უნდა შემოვიდნენ „ღამის მგლები“ საქართველოში?

დავიწყოთ იქედან, რომ არც ერთი ნათელი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ „ღამის მგლები“ საქართველოში შემოვუშვათ, ხოლო ბევრია მიზეზი, თუ რატომ არ უნდა შემოვუშვათ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს თავისი ისტორიული მეხსიერება და ღირსება. 2015 წელს პოლონეთმა არ მისცა პუტინის ბაიკერებს უფლება, გაევლოთ თავიანთ სუვერენულ ტერიტორიაზე, გერმანიამ კი ვიზები გაუუქმა.

იმ ქვეყნებშიც კი, სადაც თავისუფალი მიმოსვლა არსებობს, მათ შეზღუდვები დაუწესეს. ჩვენს ქვეყანასთან კი, როცა რუსეთს არ აქვს თავისუფალი მიმოსვლა, გვბომბავდნენ წლების წინ, ოთხი საუკუნეა გვმტრობენ და ყველანაირი ქართულის, – კულტურის, რწმენის, დამოუკიდებლობის მოსპობა უნდათ, ჩვენი ხელისუფლება ამას არ იმჩნევს, რაც არის ძალიან კომიკური.

როგორც ცნობილია „ღამის მგლები“  პუტინთან დაახლოებული პირები არიან.  შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ რა დააშავა რუსმა? ზოგადად რუსს არაფერი დაუშავებია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ეს „ორი რუსეთის“ ცნება ძალიან მატყუარაა, რადგან ბევრი რუსი სწორედ იმ აზრზეა, რომელზეც არის პუტინი. ჩვენ საზღვრებზე დეტექტორებს ვერ დავაყენებთ, რომ გავარჩიოთ რა პოლიტიკური აზრების არიან  ადამიანები, მაგრამ  ეს ბაიკერები სრულიად გაცხადებულად არიან პუტინის იმპერიული პოლიტიკის გამტარებლები.

თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება თავს არიდებს „ღამის მგლების“  მიმართ მკაცრი ზომების მიღებას, როგორ ფიქრობთ, რატომ?

არ ვიცი არც ერთი მიზეზი, რითი შეიძლება აიხსნას ხელისუფლების ასეთი ქცევა. ესენი არ არიან უბრალო ადამიანები, პუტინის მეგობრები და მის მიერ ღირსების ორდენით არიან დაჯილდოებულები. ისინი მსგავსად დუგინისა და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილისა, ულტრანაციონალისტები არიან,  რომელთა საბოლოო მიზანი არის საქართველოსა და სხვა პატარა ერების აღგვა პირისაგან მიწისა. ჩვენ დღეს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ვართ პერმანენტული ტერორის ქვეშ. ყოველდღიურად იწევა საზღვრები, მოკლეს გიგა ოთხოზორია, შეიფარეს მკვლელი და ამ წუთებშიც გატაცებულია 52 წლის ადამიანი. თუ ჩვენ ამასთან პრობლემა არ გვაქვს, მაშინ არ ვიცი, საერთოდ რა ეროვნულობაზე, სახელმწიფოებრიობაზე გვაქვს პრეტენზია.

სამოქალაქო საზოგადოებას თუ უნდა ჰქონდეს ამაზე რეაქცია და რა ფორმით?

სამოქალაქო საზოგადოებას აქვს კიდეც რეაქცია ნაწილობრივ, რადგან ხალხში ეს პროტესტი შეიმჩნევა. ოღონდ ეს უნდა დარჩეს მშვიდობიანი პროტესტის დონეზე და არ უნდა იქცეს შეტაკებად, თუკი ამ ხალხს მაინც შემოუშვებენ.

ხელისუფლებამ თქვა, რომ „ღამის მგლების“ საქართველოში ყოფნას გააკონტროლებენ. რას ნიშნავს ეს?

კომიკური და გაუგებარია საერთოდ  რა კონტროლზეა საუბარი. თუ მათ მაინც შემოუშვებენ, ჩვენ ჩვენი სახელმწიფოს მიმართ უნდა გვქონდეს პრეტენზია და არა, პირველყოფილი ფორმებით გამოვიდეთ და ამ ხალხს დავუპირისპირდეთ, რადგან ნებისმიერი კონფრონტაციის შემთხვევაში მაინც ჩვენ დავზარალდებით.

რა ჰქვია ქართულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში და რატომ უჭირს ხელისუფლებას  უფრო მკვეთრი პოზიციის გამოხატვა თუნდაც „ღამის მგლებთან“ მიმართებაში? 

მიჭირს სახელი დავარქვა. სავარაუდოდ, ამით ცდილობენ, რომ მათთვის საყვარელი რუსეთთან დეესკალაციის თუ პოლიტიკის დათბობის პროცესს  ხელი შეუწყონ, თუ ამის მცდელობაა, მაშინ ეს უნიჭო პოლიტიკაა. მე ვემხრობი რუსეთთან შედარებით დეესკალაციას, საუბარსაც, ოღონდაც საუბარს სჭირდება ორი თანასწორი მხარე. საქართველომ არ უნდა დათმოს თავისი სახელმწიფოებრივი მახასიათებლები ამ საუბრის და ე.წ. შედარებით მშვიდობიანი პოლიტიკის წარმოება იმ ფონზე, როცა პერმანენტულ მცოცავ ოკუპაციას აქვს ადგილი, როდესაც იტაცებენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ა.შ.  ილუზორულ დამოკიდებულებაში ყოფნა, თითქოს რაღაც უკეთესობისკენ იცვლება, არის თავის მოტყუება.

კანონით საბჭოთა სიმბოლოების გამოყენება იკრძალება ქვეყანაში. „ღამის მგლები“, როგორც ვიცით, იმპერიული სიმბოლოების გარდა, საბჭოთა სიმბოლოებსაც ატარებენ. თუკი მათ საქართველოში შემოუშვებენ, მსგავსი სიმბოლოების გამოყენება უნდა აეკრძალოთ?

ზოგადად, სიმბოლოების აკრძალვა რაიმეს არ შველის, რადგან საბჭოთა კავშირი, სამწუხაროდ, ისევ გრძელდება პოლიტიკურ ცხოვრებაში და აზროვნებაში. ყველაზე კარგი დესოვიეტიზაცია არის კრიტიკული აზროვნება, კრიტიკული პოლიტიკა ცხოვრება და ეს შედეგიც აუცილებლად დადგება.

რაც შეეხება „ღამის მგლების“ სიმბოლოებს, ისინი ავრცელებენ აზრს, რომ გეორგიევსკის ლენტი თურმე დაკავშირებულია მე-2 მსოფლიო ომთან და ეს აზრი მასობრივად არის გავრცელებული. გეორგიევსკის ლენტი 1801 წლის საქართველოს ანექსიასთან და  ყოველგვარი ქართულის მოსპობასთან ასოცირდება.  რუსეთი ამ სიმბოლოს იყენებს ირონიულად სხვა ანექსიების დროსაც, მაგალითად, ყირიმის ოკუპაციის დროსაც იყო გამოყენებული ეს ლენტი, როგორც გეოპოლიტიკის სიმბოლო. დღეს ცდილობენ სიმბოლოებიც გაგვიყალბონ, რადგან ეს ლენტი ეხება არა ფაშიზმის დამარცხებას, არამედ რუსული ფაშიზმის გამარჯვებას ისტორიულად საქართველოში, მაგრამ ჩვენ ეს მოვიტოვეთ.

რუსი ბაიკერი ალექსანდრ ზალდასტანოვი ფოტო: EPA

რუსი ბაიკერი ალექსანდრ ზალდასტანოვი. ფოტო: EPA

გადაბეჭდვის წესი


ასევე: