მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია ქალაქის სამგანზომილებიან მოდელს ვერ ქმნის

30.04.2017 • 2654
ბათუმის მერია ქალაქის სამგანზომილებიან მოდელს ვერ ქმნის

ბათუმის ტერიტორიის აეროფოტოგადაღებისა და ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის შექმნის პროექტის განხორციელება დროში გაიწელა. ბათუმის მერია შესაბამისი მომსახურების შესყიდვას, ორჯერ გამოცხადებული ტენდერის მიუხედავად, ვერ ახერხებს. პროექტის ღირებულება 365 ათასი ლარია და როგორც მერიაში აცხადებენ, ამ პროექტის შესრულებაზეა დამოკიდებული სხვა, მათ შორის საგრანტო პროექტების განხორციელებაც.

ბათუმის მერიამ გამოსავალი პირდაპირ შესყიდვაში დაინახა და აეროფოტოგადაღებისა და ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა ტენდერის გარეშე გადაწყვიტა. მერიის ამ გადაწყვეტილებას შესყიდვების სააგენტოს თანხმობა სჭირდება, რაც მერიას ამ დრომდე არ აქვს.

„2016 წლის ივნისში გამოცხადებული ტენდერი შეწყდა, ამავე წლის ნოემბერში გამოცხადებული ტენდერი კი დასრულდა უარყოფითი შედეგით… მორიგი ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში, კვლავ არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ ტენდერი დასრულდეს უარყოფითი შედეგით. ამასთანავე, ძალზე განხანგრძლივდა პროექტის შესრულების ვადები. აღნიშნული პროექტის დროულად და შეზღუდულ ვადებში განხორციელებას ელოდება სხვა მნიშვნელოვანი მუნიციპალური პროექტები:

[checklist]

  • გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საგრანტო პროექტი,
  • ქ. ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავება,
  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმარება და სხვა.

[/checklist]

ელ. ტენდერის მეშვეობით აღნიშნული მომსახურების შესყიდვა გამოიწვევს ამ ღონისძიების არსებით შეფერხებით ჩატარებას,“ – ასე ასაბუთებს ბათუმის მერია ტენდერის მესამედ გამოცხადების მიზანშეუწონლობას.

მერიის დასაბუთება არასაკმარისი აღმოჩნდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის, საიდანაც მერიას მიუთითეს, რომ მისი გადაწყვეტილება უფრო დამაჯერებელი და კანონთან შესაბამისი გახადოს.

„…გთხოვთ, დააზუსტოთ თუ რამ გამოიწვია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა, რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვები წინასწარ დაგეგმილი, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული შესყიდვის განხორციელების მიზნით გამოცხადებული ბოლო ელექტრონული ტენდერი დასრულდა 2017 წლის 16 მარტს და რატომ გამოიწვევს ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებული შესყიდვის ობიექტების ელექტრონული პროცედურების მეშვეობით შესყიდვა ამ ღონისძიების არსებითი შეფერხებით ჩატარებას, ჩაშლას ან/და მისი უწყვეტად ჩატარების ხელშეშლას,“ – აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოსგან ბათუმის მერიაში გაგზავნილ წერილში.


ბათუმის მერიის სატენდერო კომისიისთვის 4 თეთრის უზუსტობა ერთ-ერთი მიზეზი აღმოჩნდა იმისა, რომ კომპანია „გეოგრაფიკი“ [გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი] ბათუმის ტერიტორიის აეროფოტოგადაღებისა და ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის შექმნაზე გამოცხადებული ტენდერისთვის ჩამოეშორებინა.

მერიის სატენდერო კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება „გეოგრაფიკმა“ დავების საბჭოში გაასაჩივრა, თუმცა საბჭომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ეს იყო სწორედ ის მეორე ტენდერი, რომელიც საბოლოოდ უარყოფითი შედეგით დასრულდა.

ბათუმის ტერიტორიის აეროფოტოგადაღებისა და ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის შექმნის პროექტი მოიცავს:

[checklist]

  • ქ. ბათუმის ტერიტორიის (65 კვ.კმ.) გეოდეზიური ქსელის რუკის შექმნა (მოსამზადებელი სამუშაოები – 3 კარკასული გეოდეზიური ქსელის და 10 პირველი კლასის საქალაქო გეოდეზიური ქსელის პუნქტების მომზადება;
  • აეროფოტოგადაღების სამუშაოებისთვის გეგმიური მომზადება – დაახლოებით 200 საკონტროლო პუნქტის მონიშვნა);
  • აეროფოტოგადაღების სამუშაოების განხორციელება ქ. ბათუმის სააზღვრებში 65,0 კვ. კილომეტრზე სამოქალაქო საფრენი (მათ შორის შესაძლებელია უპილოტო) აპარატების გამოყენებით;
  • ორთოფოტოგეგმის, რელიეფური ციფრული მოდელის (3D მოდელის), სიმაღლეების ციფრული მატრიცის შექმნა, საკადასტრო საზღვრების დამუშავება – არსებული საკადასტრო ბაზის დაზუსტება;
  • პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემების ინტეგრაცია-ადაპტაციას პროგრამულ უზრუნველყოფაში და მათი ერთიან პლატფორმაში მოქცევას შემდგომი სისტემური მართვის უზრუნველყოფის მიზნით;
  • პერსონალის გადამზადება აღნიშნული პროგრამის მუშაობის უზრუნველსაყოფად.

[/checklist]

„ჩვენ ვყიდულობთ რაკეტას, რომლის გაშვებაც არ ვიცით“, – ასე შეაფასა ზემოაღნიშნული 346 ათასლარიანი პროგრამა ბათუმის საკრებულოს წევრმა კობა ჩხეიძემ   დაახლოებით ერთი წლის წინ. საკრებულოს უმრავლესობას კი მაშინ გაუჭირდა დასაბუთება, რატომ იყო საჭირო ბათუმის ვერტმფრენიდან გადაღება ე.წ. 3D ეფექტით, მით უფრო, როცა ქალაქგეგმარებისთვის საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით მსგავსი ელექტრონული პროგრამა უკვე არსებობს.

ბათუმი / ფოტო: თედო ჯორბენაძე

ბათუმი / ფოტო: თედო ჯორბენაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: