ბათუმში მასწავლებლებისთვის მასტერკლასი ტარდება

ორი დღეა ბათუმში ისტორიის პედაგოგებისთვის ბათუმის მასწავლებელთა სახლის მიერ ორგანიზებული მასტერკლასი ტარდება. პედაგოგებთან ისტორიკოსი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი ლევან ახვლედიანი მუშაობს. „ბათუმელებმა“ მასთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა.

ბატონო ლევან, რა ინტენსივობით ახერხებთ მასტერკლასების ჩატარებას ბათუმელი მასწავლებლებისთვის და რამდენად აინტერესებთ მსგავსი აქტივობა მათ?

ინტენსივობა ბათუმში არ არის დიდი, რადგან ჩვენ თბილისის მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები ვართ, მაგრამ წელიწადში ერთხელ გვაქვს საშუალება, ჩამოვიდეთ და კოლეგებს გავუზიაროთ სწავლების ახალი სტრატეგიები.

მინდა გითხრათ, რომ მასწავლებელთა მხრიდან დაინტერესება ძალიან დიდია. მოგეხსენებათ, მასტერკლასში არ შეიძლება  ბევრი ადამიანის მონაწილეობა, 25 მონაწილით არის განსაზღვრულ. ჩემს მასტერკლასს დღეს ესწრებოდა სრული შემადგენლობა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

შეიძლება გვითხრათ, რა ახალ სტრატეგიებზე ისაუბრეთ  ბათუმელ კოლეგებთან?

ის მეთოდოლოგია, რომელსაც ჩვენი მასწავლებლები, ჯერჯერობით, არ იყენებენ და რომელიც აუმჯობესებს სწავლა სწავლების პროცესს.

მაგალითად, არის ასეთი სტრატეგი – ანბანური გონებრივი იერიში, რომელიც შედარებით ახალია.  გონებრივი იერიში, ზოგადად, ცნობილია, მაგრამ ანბანური გონებრივი იერიში მაინც ახალია და ის იდეების გენერირებას უწყობს ხელს. ასევე არის მსჯელობა, კრიტიკული აზროვნების განვითარება მოსწავლეებში. აი, ამ ტიპის სტრატეგიები შეისწავლება.

მასწავლებლებს რა ნიშნის მიხედვით არჩევენ?

მე არ ვიცი, ამას ბათუმის მასწავლებელთა სახლი აკეთებს.

სხვა რეგიონებში რა ინტენსივობით ახერხებთ გასვლას?

რეგიონებში ტრენერები მუშაობენ – ჩვენ, ძირითადად, გვიწვევენ როგორც კონსულტანტებს. მე ადრე ვიყავი ტრენერი, მაგრამ ახლა ნაკლებად გვევალება ტრენინგების ჩატარება. ჩვენ უფრო სატრენინგო მასალებს ვამზადებთ. ბათუმში და მთელ აჭარაშიც, ბათუმის მასწავლებელთა სახლს ჰყავს თავისი ტრენერები, მათ შერჩევაში ჩვენც ვიღებდით მონაწილეობას, რამდენიმე წლის წინ.

მომავალი ორი წლის განმავლობაში ახალი სახელმძღვანელოები უნდა შევიდეს სკოლებში, გრიფირებას ვგულისხმობ. თუ გაქვთ შენიშვნები ისტორიის სახელმძღვანელოებთან მიმართებაში. ამ სახელმძღვანელოებში ხშირად გვხვდება ისლამოფობიური განწყობები. ასევე შოვინისტური შეფასებები, ძირითადად, მონღოლების, თურქების მიმართ. თქვენი რეკომენდაცია თუ იქნება, რომ მსგავსი ტერმინები არ იყოს გამოყენებული ახალ სახელმძღვანელოებში?

ეს ჩვენს მუშაობას არ ეხება, მაგრამ, ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ რაც უფრო კორექტული იქნება სახელმძღვანელო, ნაკლებად იქნება რაღაცა ეპითეტების გამოყენება, რომელიც სხვა ეროვნების წარმომადგენლებს ეხება, ცუდად ახასიათებს, ნამდვილად კარგია.

სხვათა შორის, მე ვერ გეტყვით, რომ ძალიან ბევრია ასეთი ტერმინოლოგია ქართულ სახელმძღვანელოებში. მეზობელი ქვეყნების სახელმძღვანელოებში უფრო მძიმე მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. ქართულ სახელმძღვანელოებში კატასტროფული მდგომარეობა ნამდვილად არ არის.

მეზობელი ქვეყნების სახელმძღვანელოებში რას შეხვედრიხართ შოვინისტურს?

ნუ, იქ არის… მოგეხსენებათ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი. მე არ დავასახელებდი..

ძალიან ხშირად ქართულ მედიაში ხდება იმის ტირაჟირება, რომ თურქეთის ისტორიის სახელმძღვანელოებში თითქოს აჭარა განიხილება, როგორც  თურქეთის შემადგენელი. თქვენ ამას შეხვედრიხართ?

სამწუხაროდ, მე თურქულ სახელმძღვანელოებს არ ვიცნობ და რაც არ ვიცი, იმას ვერ გეტყვით.

ასევე მინდა გკითხოთ ისტორიის სახელმძღვანელოებში რუსეთთან მიმართებით პოზიტიურ პათოსზზე, უფრო პრორუსულ განწყობებზე – მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, ორ საუკუნეზე მეტი ხნით დაკარგა დამოუკიდებლობა  რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის შედეგად და ასევე მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია. თქვენი აზრით, თუ შეინიშნება ისტორიის სახელმძღვანელოებში მსგავსი პათოსი?

მართალი გითხრათ პირიქით, მე ნეგატიური პათოსი უფრო შემიმჩნევია, ვიდრე პოზიტიური. მე თვითონ პედაგოგი ვარ, სკოლაშიც ვასწავლი და ინტენსიურად მაქვს კავშირი სახელმძღვანელოებთან. პოზიტიური პრაქტიკულად არ მახსენდება.

რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, რუსეთის არსებობა საქართველოსთვის ნეგატიური მომენტი იყო, მაგრამ ასევე იყო რეალობა, რომელიც უნდა ვაღიაროთ: საქართველო იყო დაქუცმაცებული ქვეყანა მე-18 საუკუნეში. არ ვიცით დამოუკიდებელი რომ ყოფილიყო, ეს სამეფოები გაერთიანდებოდა თუ არა. მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის ფარგლებში მოხდა გაერთიანება. ეს არ არის პოზიტივი, ეს რეალობაა. ამას ვერ გავექცევით. ტაში არ უნდა ვუკრათ, მაგრამ რეალობა უნდა ავსახოთ.

ისტორია მეცნიერებაა და ჩვენ ის პროპაგანდისტულად არ უნდა გამოვიყენოთ. არ შეიძლება სახელმძღვანელოში ლანძღვა. სახელმძღვანელოში არც პოზიტიური უნდა ვთქვათ და არც ნეგატიური.  ისტორიაში ასე არ საზღვრავენ – ეს სიკეთეა და ეს ბოროტება. ისტორია ცუდს და კარგს არ უნდა არკვევდეს. მართალია, ჩვენ სახელმძღვანელოში არის სიკეთესა და ბოროტებაზე საუბარი, მაგრამ იშვიათად. წესით, ჩვენს სახელმძღვანელოებში ეს პრობლემა აღმოფხვრილია.

თქვენ თქვით, რომ პროპაგანდისგან დაცლილი უნდა იყოს ისტორიის სახელმძღვანელოები. თქვენი დაკვირვებით,  ისტორიის მასწავლებლები თუ ახერხებენ პროპაგანდისგან დაცლას, როცა კლასში შედიან?

რაც შეეხება მასწავლებლებს – ისინიც ახერხებენ მეტ-ნაკლებად ბავშვებისთვის ფაქტების ობიექტურად მიწოდებას.

მასტერკალსს და ტრენინგებს რომ დავუბრუნდეთ, მასწავლებლებს ბოლო წლებში ბევრი აკრიტიკებს, თუნდაც გამოცდების შედეგები რომ გავიხსენოთ. ისტორიის მასწავლებლები რამდენად ახერხებენ იმის გამოყენებას, რასაც თქვენ სთავაზობთ?

გამოცდების  შემთხვევში მასწავლებელს მხოლოდ ტრენინგი ვერ უშველის. თუ მასწავლებელს არ აქვს განათლება ისტორიული, რაც არ უნდა ტრენინგი ჩაუტარო, გამოცდას ვერ ჩააბარებს. მას უნდა ჰქონდეს ეს უნივერსიტეტში ნასწავლი. როცა რაღაც ისტორიულ ფაქტზეა ლაპარაკი, იმას როგორ ისწავლის ტრენინგზე. ტრენინგზე უნდა ასწავლო ზოგადი მიდგომები, როგორ ასწავლოს, მაგრამ ცოდნა მისცე ტრენინგზე – ეს არ გამოვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან