მთავარი,სიახლეები

შსს: სამინისტროს ავტოპარკი მოძველებულია

29.04.2017 • 3712
შსს: სამინისტროს ავტოპარკი მოძველებულია

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებს დაკისრებული მოვალეობების შესრულების დროს, ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში უხდებათ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით პატრულირება, დადევნება და ა.შ. აღნიშნული მოითხოვს გამართულ ავტო-პარკს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შს სამინისტროს ავტოპარკი მოძველებულია, ამასთან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს რიგ შემთხვევაში გადაადგილება უხდებათ რთულ რელიეფურ მიდამოებში, რის გამოც აუცილებელია მათი სისტემატიური ტექნიკური მომსახურება“, – აცხადებს შსს.

მიუხედავად ამისა, „SHKODA“-ს, „TOYOTA“-ს და „LEXUS“-ის-ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე კომპანია „მათემოტორსთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ ცალმხრივად შეწყვიტა.

სამინისტროს ინფორმაციით, „შპს „მათემოტორსი“ დაგვიანებით უწევდა ტექნიკურ მომსახურებას, რამაც გამოიწვია მწყობრიდან გამოსული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაგროვება და საჭიროებს დაუყოვნებლივ რემონტს. მიმწოდებელი არაჯეროვნად არსულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, კერძოდ: გაწეული ტექნიკური მომსახურება შესრულებული იყო უხარისხოდ. ამასთან, ადგილი ჰქონდა უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტის დარღვევას. აგრეთვე მიმწოდებელი არ ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგარანტიო მოვალეობებს. ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, 2017 წლის 18 აპრილს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებები შეწყდა“.

გადაუდებელი აუცილებლობის გამო შსს-მ ხელახალი ტენდერების გამოცხადებამდე ავტომანქანების რემონტის პირდაპირი შესყიდვით განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო და მისი შეთანხმება, კანონის შესაბამისად, შესყიდვების სააგენტოს სთხოვა.

შესყიდვების სააგენტომ კი 28 აპრილს წერილით შსს-ს მთელი რიგი დეტალების დაზუსტება მოსთხოვა: „გთხოვთ, ერთი სამუშაო დღის ვადაში დააზუსტოთ წარმოდგენილი ინფორმაცია. კერძოდ, მიუთითოთ ვადა, რომელიც საჭიროა ვითარების აღმოსაფხვრელად… ამასთან, გთხოვთ დააზუსტოთ მომართვის შესაბამის ველში მითითებული მიწოდების ვადები. ასევე, გთხოვთ დააზუსტოთ კითხვარის მე­-3 ველში წარმოდგენილი ინფორმაცია. კერძოდ, მიუთითოთ ტენდერის ნომრები, რომლის საფუძველზეც გაფორმდა ის ხელშეკრულებები, რომლებიც სამინისტრომ შეწყვიტა…“.


შსს-ს ავტოპარკი მოძველებულია

11-12 მარტის მოვლენების შემდეგ, როცა პოლიციის რამდენიმე ავტომანქანა დაიწვა, „ბათუმელები“ დაინტერესდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკის მდგომარეობით, ვინაიდან გვქონდა ინფორმაცია, რომ პოლიცია ავტომანქანების დეფიციტს ისედაც განიცდიდა.

არის თუ არა ავტომანქანების საკმარისი რაოდენობა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, რამდენი ავტომანქანაა სარემონტო და რატომ ვერ ხერხდება დროულად შეკეთება?ამ კითხვებზე შსს-დან პასუხი ერთი თვის წინ „ბათუმელებმა“ ვერ მიიღო. სამინისტროს პრესსამსახურში მაშინ გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

ის, რომ „შს სამინისტროს ავტოპარკი მოძველებულია…“ და რომ „მათემოტორსის“ მიერ დაგვიანებით ხდებოდა ტექნიკური მომსახურების გაწევა, რამაც გამოიწვია მწყობრიდან გამოსული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაგროვება“ – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილის, დავით ვარდიაშვილისადმი, შსს-ს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ გაგოშიძის მიერ გაგზავნილ წერილშია აღნიშნული.

„გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამო, რიგი ქვედანაყოფები ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებული მოვალეობის სრულყოფილად შესრულებას“ – ეს უკვე შსს-ს მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაშია მითითებული.

შსს-ს ტენდერები და „მათემოტორსი“

2017 წელს ერთობლივი ტენდერი სისტემაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების [აზიური] და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა. პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება იყო 4 898 320 ლარი. ხელშეკრულება კი 2017 წლის იანვარში სამინისტრომ „მათემოტორსთან“ გააფორმა  1 087 937 ლარზე.  ამ ხელშეკრულებაში ორჯერ შეცდომა გასწორდა, 13-ჯერ ცვლილება შევიდა, საბოლოო თანხად კი 1 067 937 ლარი განისაზღვრა; აქედან 50 ათას ლარამდე გადაერიცხა კომპანიას [2017 წლის მარტის თვის მონაცემებით] .

შინაგან საქმეთა სამინისტროს TOYOTA-ს და LEXUS-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე ხელშეკრულება ასევე „მათემოტორსთან“ ჰქონდა გაფორმებული 2017 წლის იანვარში – 1 340 000 ლარზე. ამ ხელშეკრულების ფარგლებში კი კომპანიისთვის მიმდინარე წლის მარტში, უკვე გადარიცხულიიყო 234 ათასი ლარი.

„მათემოტორსთან“ ჰქონდა ხელშეკრულება სამინისტროს გაფორმებული წელს, SHKODA-ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზეც. ამ ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიისთვის 154 ათას ლარამდე იყო გადარიცხული.

„მათემოტორსის“ მფლობელი ბიზნესმენი გელა ბარკალაია სამართალდამცავებმა 2017 წლის 5 მარტს დააკავეს. მას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი.

„მათემოტორსთან“ ხელშეკრულებების შეწყვეტის შემდეგ კი სამინისტრომ კომპანიას ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ერთ შემთხვევაში დააკისრა ჯარიმა – ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით – 5 ათასი ლარი; ხოლო მეორე ხელშეკრულების შემთხვევაში – 134 ათასი ლარი.

„ბათუმელები“ ტელეფონით დაუკავშირდა „მათემოტორსს“, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, გვითხრა, რომ კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გააკეთებდა და ვერც კომპანიის სხვა წარმომადგენელს დაგვაკავშირებდა.

პოლიციის ავტომანქანები „მათემოტორსის“ სერვისცენტრში / 18.03.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე

პოლიციის ავტომანქანები „მათემოტორსის“ სერვისცენტრში, ჩაქვი / 18.03.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: