unnamed (1)

122 დევნილ ოჯახს აჭარაში საცხოვრებელი 1 ლარად გადაეცა

დღეს, 28 აპრილს, აჭარაში მცხოვრებ 122 დევნილ ოჯახს 8 დასახლებაში საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცათ. ამ მიზნით დღეს აჭარაში იმყოფებოდა საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი. დევნილებისთვის საცხოვრებლის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციითვე, ამ ოჯახებს საცხოვრებელი სახლები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცათ.

„ახლა უკვე დევნილებს აქვთ ჭერი და რაც ყველაზე მთავარია, შენობები ტექნიკურად მძიმე მდგომარეობაშია და დღემდე სანამ არ გაირკვეოდა მფლობელის ვინაობა, თვითმმართველობას არ ჰქონდა საშუალება დახმარება გაეწია რემონტის ჩატარების კუთხით. დღეიდან, როგორც კი საკუთრების ფურცლებს მოქალაქეები ხელში დაიკავებენ, შესაძლებელი გახდება გარემონტდეს არსებული ფართები და საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა ოჯახებთან შეხვედრისას.

საცხოვრებლის გადაცემის პროცედურას ასევე ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რომელმაც განაცხადა: „ეს სწორი მენეჯმენტი, სწორი მუშაობა და სწრაფი რეაგირებაა ცენტრალური ხელისუფლებისა და აჭარის მთავრობის. თქვენ იცით, რომ სულ ეხლახანს აჭარის მთავრობას ეს ტერიტორია საკუთრებაში გადმოგვეცა. განკარგულება არსებობს და უახლოეს დღეებში სიმბოლურ ფასად ჩვენს დევნილებს ეს ფართები გადაეცემათ. უახლოეს დღეებში ორგანიზებულად ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მოხდება ამ ფართების დაკანონება. შემდგომში მოეწყობა ტერიტორია“.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.