მთავარი,სიახლეები

ქალები ცხენით და გუთნით ყანაში – ფოტოამბავი სოფელ ზოტიდან

28.04.2017 • 8586
ქალები ცხენით და გუთნით ყანაში – ფოტოამბავი სოფელ ზოტიდან

გურიის მაღალმთიანეთში,  სოფელ ზოტში, მოსახლეობა მიწის დასამუშავებლად დღემდე ცხენს იყენებს. შრომობენ კაცებიც, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით უფრო ქალები არიან დაკავებულნი. ქალები ხნავენ ყანას, თესავენ, თოხნიან, მიდიან მთაში და მოჰყავთ კარტოფილი. კაცები სამუშაოდ თურქეთში დადიან.

“მთელი წელი გვიწევს მუშაობა, ყანას რომ დავთესავთ და პირველ-მეორე თოხს ჩავუტარებთ, მთაში მივდივართ. იაილებზე საქონელი მიგვყავს. იქაც კარტოფილს ვთესავთ და მოგვყავს. იმის გამო, რომ კაცები თურქეთში მიდიან სამუშაოდ, მთელი ტვირთი ჩვენზე მოდის. ჩვენც მივეჩვიეთ უკვე ასე შრომას. ზამთარი გვიყვარს, სამუშაო არაფერი არაა და ცოტას  ვისვენებთ,” – ამბობს “ბათუმელებთან”  ზოტის მცხოვრები ქეთევან ირემაძე.

 

 

ქეთევან ირემაძე ყანას ცხენით ხნავს

ქეთევან ირემაძის თქმით, როცა კაცები თურქეთში მიდიან სამუშაოდ, ოჯახს ქალები უძღვებიან.

 

სოფელში პატარა გოგონებს ადრიდანვე აჩვევენ შრომას. 9-10 წლის გოგონები დედებთან ერთად თოხნიან ყანას. ირინა 15 წლისაა. საკუთარ საყანე მიწას მეზობელთან ერთად ამუშავებს. ხან ცხენს მიუძღვის, ხან გუთანს იჭერს.

“10 წლის ვიყავი, როცა ყანაში მუშაობა დავიწყე. ყველა ასე ვიწყებთ აქ. თავიდან ცხენს ვუძღვებოდი და ასე ვეხმარებოდი, ახლა გუთნის დაჭერაც შემიძლია. მიწა ჩვენი შემოსავლის  ერთ-ერთი  წყაროა. მიწაზე რაც მოდის, ყველაფერს ვყიდით,” – ამბობს ირინა ანთაძე.

ქალების თქმით, სოფელში ქალს უფრო მეტი შრომა უწევს, ვიდრე კაცს – გარდა იმისა, რომ მიწაზე მუშაობენ, სახლის საქმეები მთლიანად ქალზეა მინდობილი.

 

15 წლის ირინა ყანას ხნავს

15 წლის ირინა ყანას ხნავს.

IMG_0343 (Copy)

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: