მთავარი,სიახლეები

გიორგი ერმაკოვი ბათუმში უკანონო მშენებლობების შესაძლო დაკანონებაზე

26.04.2017 • 3500
გიორგი ერმაკოვი ბათუმში უკანონო მშენებლობების შესაძლო დაკანონებაზე

ბათუმის მერიის ინიციატივით, ბათუმში უკანონოდ აშენებული მაღლივი სართულების დაკანონებას მერია ერთი პირობით აპირებს – მენაშენემ 1 კვადრატულ მეტრზე 400 ლარი უნდა გადაიხადოს. ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის თქმით, უკანონოდ აშენებული ფართობის დაკანონებაზე მენაშენემ ასევე უნდა წარუდგინოს მათ აჭარის მთავრობის შუამდგომლობა. გავრცელდება თუ არა ეს ცვლილება აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის გადაცემულ საქმეებზე? – ამ და სხვა კითხვებს გიორგი ერმაკოვმა უპასუხა.

ბატონო გიორგი, მინდა გკითხოთ არქიტექტურის სამსახურის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც მენაშენეებს უკანონოდ აშენებული ფართობის დაკანონების საშუალება მიეცემათ. თქვენ რას ფიქრობთ?

როგორც მე ვიცი, ეს პროექტი ითვალისწინებს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების გადახედვას გარკვეულ პერიოდამდე, რომლებზეც სანქცია გაატარა მუნიციპალიტეტმა. ეს შეიძლება იყოს ჯარიმა, სააღსრულებლოში გადაცემა, აღსრულება… ეს გულისხმობს მოსაკრებლის დადგენას, თუკი ისინი მიიღებენ შუამდგომლობას მთავრობისგან.

ანუ მენაშენეები კვადრატული მეტრში გადაიხდიან 400 ლარს?

ასე ნუ აყენებთ საკითხს. ამ ცვლილებით ჩვენ ვაძლევთ საშუალებას [მენაშენეს] მოსაკრებელი გადაიხადოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მას მიეცემა შუამდგომლობა. ეს კი არის მთავრობის პრეროგატივა.

მთავრობის პრეროგატივა ხომ მხოლოდ შუამდგომლობაა და საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მერია იღებს?

შუამდგომლობის მოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ მიზანშეწონილად მიგვაჩნია თუ არა ეს.

ჩვენ ვიცით კომპანიები, რომლებმაც დაარღვიეს თქვენ მიერ გაცემული სანებართვო პირობები და შეთანხმებული 12 სართულის ნაცვლად ააშენეს – 15. ეს ინიციატივა სწორედ მსგავს დარღვევებზე ხომ არ არის მორგებული?

კიდევ ერთხელ გეუბნებით, თუკი იქნება შუამდგომლობა და ჩვენ ჩავთვლით მიზანშეწონილად, რომ აღნიშნული პროექტი იქნას სისრულეში მოყვანილი, რა თქმა უნდა, დარღვევით გაკეთებული, მაგრამ თუკი ის ნორმების შესაბამისია… აქ ისეთ შემთხვევებზეა საუბარი, როდესაც ჩვენ ზომები გვაქვს მიღებული ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებაზე. თუკი იქნება შუამდგომლობა, გარკვეულ დრომდე შემთხვევებს ვგულისხმობ, ამას განვიხილავთ, მივიღებთ თუ არ მივიღებთ, ეს მეორე საკითხია.

იმ ფონზე, როდესაც აღმასრულებელმა უკანონოდ აშენებული ერთი სართულის დემონტაჟიც კი ვერ მოახერხა, ეს ხომ არ წაახალისებს მენაშენეებს გააგრძელონ სართულების უკანონოდ დამატება?

სხვის კომპეტენციაზე ნუ მასაუბრებთ. მე ვსაუბრობ იმ მოქმედებებზე, რასაც მუნიციპალიტეტი ატარებს და ახორციელებს კანონით მინიჭებული უფლებით, სხვა დანარჩენზე – ვინ აღასრულა და ვინ ვერ აღასრულა, ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ ამით გარკვეულ დრომდე ვაძლევთ საშუალებას მენაშენეებს, რომ თუკი მშენებლობა არქიტექტურულად, ტექნიკურად გამართულია, თუკი ეს დასაშვებია, ამ შემთხვევაში განვიხილავთ. მე არ ვარ სპეციალისტი.

ბოდიში ბატონო გია, მაგრამ ვერ მივიღე კითხვაზე პასუხი, ეს ხომ არ წაახალისებს კანონდამრღვევ მენაშენეს?

მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს არის გარკვეულ დრომდე [2017 წლის პირველ აპრილამდე]. თქვენ უშვებთ მთავარ მომენტს, რასაც მე გეუბნებით – მე კი არ ვაძლევ უფლებას უკანონოდ ააშენოს. ეს კი არ არის შეთავაზება ააშენე უკანონოდ და მერე დაგიმტკიცებთო. ასე არ ხდება. თუკი მთავრობა ჩათვლის საჭიროდ და გასცემს შუამდგომლობას, ეს მხოლოდ მაშინ ამოქმედდება.

მაგრამ მთავრობა მხოლოდ სარეკომენდაციო შუამდგომლობას გასცემს, გადაწყვეტილებას კი თქვენ იღებთ. ხომ ასეა?

ჰოდა, ამ შუამდგომლობას განვიხილავ, როცა მოვა მერიაში. წინასწარ რატომ ვისაუბრო. თუკი იქნება სარეკომენდაციო წერილი, ჩვენ შევისწავლით მას და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ჩვენ შეიძლება ვისარგებლოთ ამით და არ ნიშნავს, რომ ყოველთვის გაკეთდება ეს. თუ არ გასცემს მთავრობა შუამდგომლობას, ასეთ შემთხვევებს ჩვენ საერთოდ არ განვიხილავთ.

არჩილ ხაბაძეც გიგზავნიდათ შუამდგომლობის წერილებს ხშირად. ახლახან კი მისმა მრჩეველმა თქვა, რომ ქალაქში მშენებლობების მხრივ მდგომარეობა საგანგაშოა. შესაბამისად, მაინტერესებს – ამ შემთხვევაში მთავრობა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს?

ეს შეკითხვა დაუსვით იმას, ვისზეც თქვენ საუბრობთ. ნუ მაკეთებინებთ კომენტარს სხვის გამონათქვამებზე.

მივმართეთ და მისგან მივიღეთ ასეთი პასუხი, რომ ქალაქმა მიიღო კასკადური შენობები, რაზეც პასუხისმგებლობა თქვენ დაგაკისრათ, რადგან ოფიციალურად გადაწყვეტილების მიმღები პირი თქვენ ხართ.

ამ პოლემიკაში ვერ შემიყვანთ. მე დამაბრალა თუ არ დამაბრალა. მე გავარკვევ მაგას, რა დამაბრალეს და რა არა. შუამდგომლობის გამცემს ჰკითხეთ. ძალიან გთხოვთ, დაუსვით ეს კითხვა თვით შუამდგომლობის გამცემს და მე ნუ მთხოვთ მაგ შეკითხვაზე პასუხს.

მაშინ სხვა რამეს გკითხავთ – ეს ცვლილება დაუშვებს იმას, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის გადაცემული საქმეები უკან შემოვიდეს მერიაში, კანონის ჩარჩოში მოსაქცევად?

თუ შეიძლება ლოგიკას მიჰყევით: თუკი შუამდგომლობა იქნება, თუკი ამ შუამდგომლობას დათანხმდება მუნიციპალიტეტი, თუკი ტექნიკურად, არსობრივად შესაძლებელია იყოს ამ სახით, რასაც შუამდგომლობა ითვალისწინებს და თუკი ის გადაცემულია აღსრულებაში, რასაკვირველია აღსრულებიდან მობრუნდება და დამთავრდება ამით საკითხი.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: