მთავარი,სიახლეები

როგორ უნდა მოგვარდეს თვითმარქვია გიდების პრობლემა

26.04.2017 • 3422
როგორ უნდა მოგვარდეს თვითმარქვია გიდების პრობლემა

თვითმარქვია გიდების პრობლემაზე და არა მხოლოდ ამ საკითხზე, დღეს, 26 აპრილს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა შეხვედრა გამართეს.

„გამოკითხვები აჩვენებს, რომ იზრდება იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებსაც ბათუმში გიდები არასწორ ინფორმაციას აწვდიან,“ – ამბობს თეო ზოიძე, „აჭარის გიდების ასოციაციის“ ხელმძღვანელი. მისი თქმით, ტურიზმის ამ  მიმართულებას აუცილებლად სჭირდება საკანონმდებლო რეგულირება.

თეო ზოიძის ინფორმაციით, ხშირია შემთხვევა, როცა ქვეყნიდან წასული ტურისტი უკვე ინტერნეტში სხვა მონაცემებს ეცნობა საქართველოზე. ასევე უცხოელი გიდები ხშირად ამახინჯებენ ისტორიულ მონაცემებს. ცალკე პრობლემაა ტაქსის მძღოლები, რომლებიც ასევე კონკრეტული საფასურის სანაცვლოდ, გიდობას სთავაზობენ ტურისტებს.

ზვიად ელიზიანს, „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ცენტრის“ თავმჯდომარეს, უცხო ქვეყნების, მაგალითად, თურქეთის მაგალითი მოჰყავს, სადაც უცხო ქვეყნიდან ჩასულ ადამიანს არ აქვს გიდობის უფლება და მას სანქცია დაუწესდება, თუკი რომელიმე ობიექტზე გიდის ფუნქციას შეასრულებს. „ძირითადად სხვა ქვეყნებში ეს საკითხი არის დარეგულირებული ლიცენზიით და სპეციალური მოწმობებით, რასაც კონკრეტული დაწესებულება უწევს ადმინისტრირებას. ჩვენ ახალი ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება ამ კუთხით,“ – აღნიშნა ზვიად ელიზიანმა.

კითხვაზე, გიდების ასოციაცია რამდენად უზრუნველყოფს გიდების მომზადებას და რა ადასტურებს მათ კვალიფიკაციას, თეო ზოიძემ, გიდების ასოციაცის ხელმძღვანელმა გვიპასუხა, რომ ტურისტები ავსებენ კითხვარს და ჩანს, რომ ისინი გადამზადებული გიდების მომზადებით კმაყოფილნი არიან.

„ჩვენი მიზანია გაუმჯობესდეს ტურისტული სერვისი, რაც მეტი გადამზადებული გიდი გვეყოლება, მით უკეთესი იქნება… ტურისტულ სააგენტოებს ძირითადად კვალიფიციური გიდები ჰყავთ. პრობლემა უფრო კერძო გიდების შემთხვევაა, რომლებსაც ქუჩაში,  შესაძლოა, ყველგან შეხვდეთ,“ – გვითხრა თეო ზოიძემ.

შეხვედრას ესწრებოდა ტურიზმის მრჩეველთა საბჭოს კიდევ ერთი წევრი, აკაკი ბერიძე. ის ტურისტული სააგენტო „აკარტურის“ დირექტორია. მისი თქმით, პრობლემაა უსისტემოდ მომუშავე ტაქსებიც და შესაძლებელია ამ საკითხის მოგვარებაც პარკირების სისტემის მოწესრიგებით.

დღევანდელ შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ტურიზმის საკანონმდებლო რეგულაციებზე საკანონმდებლო ინიციატივა უკვე არსებობს, თუმცა მისი განხილვა და დამტკიცება დროში გაიწელა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: