მთავარი,სიახლეები

კლიენტი ბანკს და ბანკი კლიენტს სასამართლოში უჩივის – უარი სესხის გალარებაზე

26.04.2017 • 2945
კლიენტი ბანკს და ბანკი კლიენტს სასამართლოში უჩივის – უარი სესხის გალარებაზე

მოქალაქე ნანა ღვინჯილიას დოლარში აღებული სესხის გალარებაზე „ვითიბი ბანკი ჯორჯიამ“ უარი უთხრა. სესხი დოლარში ნანა ღვინჯილიამ 2013 წელს აიღო. მას შემდეგ, რაც მთავრობამ დოლარში აღებული სესხის გალარებაზე დაიწყო საუბარი და დადგენილებასაც მოაწერა ხელი – მიმდინარე წლის 11 იანვარს მოქალაქემ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ მიმართა, სადაც სესხი ჰქონდა აღებული. ამბობს, რომ ბანკისგან პასუხი საერთოდ არ მიუღია. პირიქით, ნანას შეტყობინება მიუვიდა, რომ მისი ქონება აუქციონზე იყიდება… რეაგირებისთვის მოქალაქემ წერილი ეროვნულ ბანკს მისწერა, საიდანაც 31 მარტს გამოგზავნილ პასუხში ვკითხულობთ:

„გაცნობებთ, რომ „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ბანკი უარს აცხადებს თქვენი ვალდებულების გალარებაზე…“ – ეროვნული ბანკისგან გამოგზავნილ წერილში არაფერია ნათქვამი მიზეზზე, რის გამო უთხრა კომერციულმა ბანკმა უარი მოქალაქეს, ან ბანკისგან პასუხის მიღების შემდეგ მოიკვლია თუ არა ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა, რატომ ვერ ისარგებლა მოქალაქემ გალარებით, რაშიც ბიუჯეტის ფულიც დაიხარჯა.

„ეს არის პრობლემური სესხი, ამიტომ ვუთხარით მას უარი გალარებაზე… დეტალებს ვერ გაგაცნობთ, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა,“- გვითხრა ნინო ბენდელიანმა, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.

„სესხის გადახდა რომ იყო პრობლემა, ამიტომაც სურდა ნანას გალარება. მთავრობაც ამაზე აქცენტირებდა, რომ მოქალაქეებს უჭირდათ დოლარში აღებული სესხის დაფარვა და გალარება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნებოდა მათთვის,“ – ამბობს რუსლან ბერიძე. ის ნანა ღვინჯილიას ინტერესებს დაიცავს სასამართლოში. ნანა ღვინჯილია აპირებს სამოქალაქო სარჩელით სასამართლოს მიმართოს, ასევე პროკურატურას – საცხოვრებელი სახლის უკანონოდ აუქციონზე გატანის გამო. რუსლან ბერიძე სახლის გაყიდვის მცდელობას ბანკის მხრიდან განხორციელებულ მუქარად აფასებს.

მთავრობის დადგენილებით განსაზრულია კრიტერიუმები, რა შემთხვევაში უნდა მოხდეს დოლარში აღებული სესხის გალარება. განკარგულებაში არაფერი წერია ე.წ. „პრობლემურ სესხზე“, ანუ როცა მოქალაქე სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს არღვევს.

რა სამართლებრივი აქტის საფუძველზე უთხრა ბანკმა უარი მოქალაქეს სესხის გალარებაზე და რა უფლებით გაიტანა ბანკმა აუქციონზე კლიენტის ქონება? – კითხვები ბანკის წარმომადგენელს დავუსვით.

ნინო ბენდელიანის თქმით, საკითხი მრავალ ნიუანსს მოიცავს და პასუხის გაცემას დრო სჭირდება. რაც შეეხება აუქციონს, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ წარმომადგენელმა გვითხრა, რომ აუქციონზე ქონება აღარ არის გატანილი, ხოლო აუქციონის შეწყვეტის მიზეზებზე ვერაფერს გვეტყვის. მოგვიანებით, ნინო ბენდელიანი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ყველა კითხვას პასუხს საარბიტრაჟო სასამართლო გასცემს: „ჩვენ გადავწყვიტეთ, სასამართლოს მივმართოთ. ყველა დეტალი იქ გახდება ცნობილი. მეტს ამ საქმეზე ვეღარაფერს გეტყვით“.

ეროვნულ ბანკში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კომერციულ ბანკს სესხის გალარებას ვერ მოსთხოვდნენ. ბანკისგან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში არ წერია, რა ინფორმაცია მოიკვლია ბანკმა, როცა მოქალაქეს გალარებაზე უარი უთხრეს:

„გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას სცილდება, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკს მოსთხოვოს ვალდებულების გალარება, თუ აღნიშნული ბანკი საკუთარი რისკების შეფასების შემდეგ კრედიტის გალარებაზე უარს აცხადებს. ამასთან, მომხმარებლის მხრიდან პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში საკითხი განიხილება დეტალურად, როგორც ბანკთან, ასევე მომხმარებელთან. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომელიც მხოლოდ უშუალოდ მომხმარებლისთვისაა ხელმისაწვდომი. თავად  მოქალაქე ნინო ღვინჯილიამ, როგორც კომერციული ბანკისგან, ასევე ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებიდან პირადად მიიღო დეტალური ინფორმაცია და ახსნა-განმარტება ამ შემთხვევასთან დაკავშრებით,“ – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოგზავნილ წერილში.

ფინანსისტი გიორგი ქათამაძე მიიჩნევს, რომ პრობლემაა თავად მთავრობის დადგენილება, რომელიც გალარების პირობებს განსაზღვრავს, არ ახლავს კონკრეტიკა, ასევე არ არის დაწესებული სანქცია, თუკი ბანკი უსაფუძვლოდ ეტყვის უარს კლიენტს სესხის გალარებაზე. ის ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე გაკეთებულ განმარტებას იხსენებს, სადაც ეწერა, რომ „არასტანდარტული კლიენტის“ შემთხვევაში, ბანკს შეეძლო უარი ეთქვა გალარებაზე.

„ამ შემთხვევაშიც, ეროვნულ ბანკს არ დაუკონკრეტებია, ვინ უნდა მიიჩნეოდეს არასტანდარტულ კლიენტად, ვინც საერთოდ ვერ ახერხებს სესხის გადახდას და უკვე დაწყებული სამართლებრივი პროცედურები, თუ ვისაც ერთ-ორდღიანი დავალიანება აქვს. კომერციულ ბანკს თავისუფლად შეეძლო ეროვნული ბანკის ამ განმარტების ინტერპრეტირება იმის მიუხედავად, რომ თავის დროზე მთავრობამ ეს გადაწყვეტილება დოლარში აღებული სესხის მქონე მოქალაქეებისთვის მიიღო,“ – ამბობს ფინანსისტი გიორგი ქათამაძე.

რაც შეეხება აუქციონს, ამის შესახებ ნანა ღვინჯილიამ წერილობითი შეტყობინება შპს „ემჯი ჰოლდინგისგან“ მიიღო. წერილის მიხედვით, აუქციონი კომერციული ბანკის დაკვეთით ამ კომპანიას უნდა განეხორციელებინა.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ „ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან“. ამ ბანკისგან მივიღეთ წინადადება, რომ ჩაგვეტარებია აუქციონი. გამოცხადდა და შემდეგ შევწყვიტეთ. ასეთი იყო მოთხოვნა. რატომ შეწყდა, ვერ გეტყვით, ეს ბანკმა უნდა გითხრათ,“ – გვითხრა მამუკა ღვინიაშვილმა, კომპანია „ემჯი ჰოლდინგის“ დირექტორმა. მისი განმარტებით, სამოქალაქო კოდექსი აძლევდა უფლებას გამოეცხადებინა აუქციონი იმ პირის ქონებაზე, ვინც სესხის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება დაარღვია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით აღებული სესხების მხოლოდ 25 პროცენტის გალარება მოხერხდა. უცნობია, რა შემთხვევებში უთხრეს უარი მოქალაქეებს დოლარში აღებული სესხების ლარში გადატანაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: