მთავარი,სიახლეები

როგორ გადავარჩინოთ ისტორიული არქიტექტურა -ირაკლი ჟვანიას ამერიკული გამოცდილება

25.04.2017 • 2060
როგორ გადავარჩინოთ ისტორიული არქიტექტურა -ირაკლი ჟვანიას ამერიკული გამოცდილება

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ქალაქმშენებლობის ისტორია არც ისე ძველია, იქაც დასჭირდათ ბრძოლა ძველი უბნების იერსახის შესანარჩუნებლად. ეს ბრძოლა მას შემდეგ გახდა უფრო მასშტაბური და ორგანიზებული, როცა ამსტერდამში განსხვავებული არქიტექტურით ცნობილი სადგური დაანგრიეს. არქიტექტორები ამბობენ, რომ ეს იყო დანაკარგი, რომლის შემდეგაც ამერიკაში ხალხმა ძველი შენობების დასაცავად გაერთიანების საჭიროება გააცნობიერა.

როგორ უნდა გადავარჩინოთ ქალაქის ძველი უბნების არქიტექტურა, როცა ინვესტორს ახლის აშენება მისი დანგრევის ხარჯზე სურს და ქალაქის მმართველებისგან ამაზე თანხმობას იღებს? – როგორია ამ მხრივ სხვა ქვეყნების გამოცდილება და როგორ მოახერხეს ეს ამერიკაში? – ამ თემებზე „ბათუმელების“ კითხვებს არქიტექტორმა ირაკლი ჟვანიამ უპასუხა, რომელიც წლების განმავლობაში ნიუ იორკის მერიაში მუშაობდა.

ბატონო ირაკლი, თქვენ ამერიკული დღეების ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრეთ კერძო სექტორის ჩართულობაზე კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად; ისაუბრეთ დეველოპერებზე, მშენებლებზე, რომლებმაც ფული ჩადეს ამაში. ამერიკაში დეველოპერებსაც აქვთ ძველის შენარჩუნების ინტერესი, თუ კანონმდებლობამ უზრუნველყო ეს?

ამას ორი პასუხი აქვს. პირველი ისაა, რომ, მაგალითად, ამსტერდამში, სამოციან წლებში შეიქმნა ფონდი, რომელშიც გაერთიანდა სახელმწიფო და მდიდარი ამსტერდამელები. მათი მიზანი იყო ძველი უბნების რეაბილიტაცია. თანდათან ამ ფონდში კერძო სექტორმა მოიმატა და როდესაც სახელმწიფომ დაინახა, რომ კერძო სექტორიდან საკმარისი თანხები შედიოდა, ნელ-ნელა უკან დაიხია და გამოვიდა ფონდიდან. მიდგომა ამ შემთხვევაში არის ის, რომ თუკი ქვეყანაში სუსტია კერძო სექტორი ან არ არის მოწოდებული ძველი შენობების, ძველი უბნების რეაბილიტაციაში ფული ჩადოს, სახელმწიფომ საგადასახადო მექანიზმებით უნდა შეუწყოს ხელი, რომ ისინი დაინტერესდნენ აი ამ საქმეში ფულის ჩადებით.

როგორ?

ძველი შენობის აღდგენის შემთხვევაში ინვესტორს დაბალ გადასახადებს უწესებენ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდ როლს თამაშობს მოტივაციაც – ქალაქი უნდა გიყვარდეს, სხვანაირად წარმოუდგენელია. იქ, მდიდარი ხალხი, რომლებმაც ფულის ჩადება დაიწყეს, მოტივირებულები იყვნენ, რომ გადაერჩინათ ძველი ამსტერდამი, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ იყო მთლიანად ქველმოქმედება. ეს იყო მოტივაციისა და ფინანსური დაინტერესების სინთეზი.
ამას ყველა ქვეყანაში ხელს უწყობს სახელმწიფო – თუ თქვენ ახორციელებთ აღდგენით ჩარევას ძველ სახლზე, ძველ უბანში, თქვენი გადასახადები ბევრად დაბალია. დღეს ჩვენთან ასეთი შეღავათები არ არსებობს.

ასეთი გზა ბევრს აქვს არჩეული?

ყველა ქალაქში ასეა. ქალაქის ისტორიულ ნაწილში შეძლებული ფენა ცხოვრობს, გაცილებით ძვირი ღირს კვადრატული მეტრი ისტორიულ შენობაში, ვიდრე ახალაშენებულში, ისტორიული შენობის მხოლოდ სტატუსი ასამმაგებს მის ფასს. ბევრად უფრო ძვირი ღირს ისტორიულ უბანში მიწის ყიდვაც, შესაბამისად, საგადასახადო შეღავათების დაწესება სერიოზული ფინანსური მოგებაა ინვესტორისთვის…
კულტურული მემკვიდრეობა არის შემოსავლის წყარო, რადგან მსოფლიოში ტურისტების 55 პროცენტი ძველი ქალაქის სანახავად მიდის. ბათუმი ტურისტული ქალაქია, ტურიზმის წარმატება კი გადის კულტურულ მემკვიდრეობაზე. არის ქალაქები, რომლებსაც შეუძლია ჰქონდეს ესეც და ზღვის ტურიზმიც. ბათუმი სწორედ ასეთია.

ასევე ცნობილია, რომ უფრო მეტი სამუშაო ადგილი იქმნება აღდგენა-რეაბილიტაციით, ვიდრე ახლის აშენებით: არქიტექტორი მონაწილეობს, რესტავრატორი მონაწილეობს, მონაწილეობენ სამშენებლო კომპანიები… და ამას ემატება სახელობო ცოდნის გადაცემაც – როგორ უნდა აღადგინო, როგორ უნდა გამოკვეთო ქვაში და ასე შემდეგ. საქართველოში ეს დაკარგულია, რადგან ამას აღარ ვაკეთებთ დიდი ხანია. შესაბამისად, ეს [აღდგენა-რეაბილიტაცია] არის ბევრად უფრო ხანგრძლივი პროცესი, მით უფრო, რომ ადგილობრივ სამშენებლო მასალებს იყენებ და, შესაბამისად, ადგილობრივ ეკონომიკას ბევრად ახალისებ.

ეს ყველაფერი რეგულირდება საგადასახადო შეღავათებიდან დაწყებული, ძეგლთა დაცვის კანონით დამთავრებული.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა თქვენ გითხრათ, რომ ბათუმში, ძეგლებში მცხოვრები ადამიანები თავად ეძებენ ინვესტორს…

ეს სერიოზული პრობლემაა. ქვეყანაში ეკონომიკური განვითარება, საშუალო შემოსავალი ძალიან დაბალია, შესაბამისად, მოსახლეობას, რომელიც სტატუსის მატარებელ შენობაში ცხოვრობს, არ აქვს შესაძლებლობა სახლს ჩაუტაროს რეაბილიტაცია. ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის აქტიურობა მნიშვნელოვანია – უნდა ითვალისწინებდნენ პროფესიონალების აზრს და ყველა შენობის შენარჩუნება უნდა ხდებოდეს მაღალპროფესიულ დონეზე.
მეორე მხრივ, არსად არ ხდება ის, რაც ჩვენთან ძალიან ხშირად მოხდა – ძეგლს ჩამოართვეს სტატუსი. ასეთი პრაქტიკა არსად არ არსებობს, თუ ეს სახლი თავისით არ დაინგრა ან სტიქიამ არ დაანგრია. ამიტომაც ვერ იპოვის იქ [უცხოეთში] მცხოვრები ინვესტორს, როცა კანონი ამბობს, რომ ეს ძეგლია.
თუ ადამიანს სჭირდება საბინაო პირობების გაუმჯობესება, ამაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს. უნდა დაეხმაროს მუნიციპალიტეტი სრულად ან თანამონაწილეობთ. ამ შემთხვევაში გაჩნდებიან ინვესტორები, რომლებიც დაინტერესდებიან აღდგენით და არა დანგრევით. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, როცა ასეთ შენობებს გამოისყიდიან ფულიანი ინვესტორები და იქ აკეთებენ სასტუმროებს, ანუ იქ აღარ არის საცხოვრებელი ზონა…
დგება მომენტი, როცა კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ კონკრეტული გადაწყვეტილება რა შედეგს მოგვცემს და რა არის გამოსავალი, თუ დგას საკითხი, რომ შენობა უნდა დაინგრეს, უნდა ჩაერთოს ან სახელმწიფო, ან მოსახლეობა.

მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივები დღემდე ყოფილა საქართველოში? – თუ არა, ვინ უნდა დააყენოს ეს საკითხი, ანუ მდიდრებს რომ მოუნდეთ კულტურული თუ ურბანული პროექტების დაფინანსება?

მე არ გამიგია მსგავსზე – ამის შესახებ გვისაუბრია, მაგრამ რაიმე სერიოზული ინიციატივა აუცილებლად გვჭირდება. თბილისში, მაგალითად, გვაქვს თბილისის განვითარების ფონდი, მაგრამ ეს სხვა რამეა. რომ შემოიყვანო ბიზნესმენები, მათ რაღაც შეღავათები სჭირდებათ, ამაში მოგება რომ დაინახონ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: