მთავარი,სიახლეები

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ახალი პროექტი ეთნიკურ უმცირესობებზე

25.04.2017 • 2850
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ახალი პროექტი ეთნიკურ უმცირესობებზე

დღეს, 25 აპრილს, 18:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურალისტთა სახლი“ ახალი პროექტის – „საქართველო ჩვენი სამშობლოა-ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“ პრეზენტაციას გამართავს.

პროექტი რვათვიანია და მისი მიზანია აჭარაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მოტივაციის ამაღლება, მათი წვლილის წარმოჩენა ქალაქის განვითარებაში და აქტიური ჩართვა მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელის, ასლან ჭანიძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რვა სატელევიზიო და ამდენივე ონლაინმასალის მომზადება.

გადაცემა „ჰეშთეგის“ ფორმატში გაკეთდება გადაცემები, „ბათუმელებში“, ელექტრონულ ფორმატში კი მომზადდება სტატიები დიასპორების წარმომადგენელთა შესახებ. ესენი შეიძლება იყვნენ დღეს ან წარსულში მოღვაწე ადამიანები, რომლებმაც გარკვეული წვლილი შეიტანეს ჩვენი ქალაქის განვითარებაში.

პროექტის ფარგლებში მომზადებული სტატიები ჩანართის სახით დაიბეჭდება  ჟურნალ „ბათუმელებში“.

„შეიქმნება ახალგაზრდების კლუბი, სადაც ეთნიკური უმცირესობები იქნებიან გაერთიანებული და მათ მოუწევთ ოთხი საჯარო აქციის ჩატარება. მაგალითად, ტოლერანტობის, სიტყვის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, მოუწევთ ოთხი ინტერნეტგადაცემის გაკეთებაც, დიასპორებზე ერთი სიუჟეტის მომზადება. 31 ივლისს კი ვგეგმავთ ეროვნული უმცირესობების ფესტივალის ჩატარებას ბათუმის ბულვარში, სადაც ეროვნულ და ეთნიკურ უმცირესობებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი სამზარეულო, ნივთები, რომლებიც მათ ეროვნულობასთან ასოცირდება ან ვთქვათ, ძველი ფოტოსურათები გამოიტანონ,“- ამბობს ასლან ჭანიძე.

მისივე თქმით, ფესტივალზე არ გამოიფინება უცხო ქვეყნის დროშები „რადგან ამ ფესტივალზე აქცენტი გაკეთდება მხოლოდ იმაზე, რაც ამ ქალაქთან იქნება კავშირში“.

პროექტი ასევე ითვალისწინებს თვითმმართველობის არჩევნებზე უმცირესობების გააქტიურებას.

„რადგან ბათუმის საკრებულოში არც ერთი ეროვნული უმცირესობა არ არის წარმოდგენილი, გვინდა შევთავაზოთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ შეხვდნენ უმცირესობების წარმომადგენლებს და წარუდგინონ თავიანთი პროგრამები, რადგან მოხდეს ამ ადამიანების ჩართვა საარჩევნო პროცესებში“.

ასლან ჭანიძის თქმით, პროექტი დაფინანსებულია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ. მედიაპარტნიორები არიან „ბათუმელები“ და აჭარის საზოგადეობრივი მაუწყებელი.

ასევე, პარტნიორები არიან: ბათუმის მერია, ტურიზმის დეპარტამენტი, რომელიც ფესტივალის შესახებ 11 ქვეყანაში გაავრცელებს ინფორმაციას. „ასევე, ანბანის კოშკი, რომელიც დღეს პრეზენტაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: