მთავარი,სიახლეები

განაჩენი ქურდული სამყაროს წევრობისთვის

24.04.2017 • 2761
განაჩენი ქურდული სამყაროს წევრობისთვის

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა რუსლან ჩიქოვანს, ხოლო 8 წლით – კაკო ტუღუშს. ორივეს ქურდული სამყაროს წევრობას ედავებოდა გამოძიება. კაკო ტუღუშის ადგილსამყოფელი უცნობია, მას დღემდე ეძებენ, ხოლო რუსლან ჩიქოვანი გასული წლის აგვისტოდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

საქმეში მთავარი მტკიცებულება Skype-ის ჩანაწერები იყო, რითაც პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მსჯავრდებულები, დაახლოებით 300 ათასი ლარის გამოძალვას ცდილობდნენ ბათუმში მცხოვრები ორი ბიზნესმენისგან.

„თქვენ მთავარ ხერხემალს წარმოადგენდით ქურდული სამყაროს… ამაში დავრწმუნდი, როცა დაზარალებულების ჩვენებები მოვისმინე,“ – მიმართა რუსლან ჩიქოვანს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა, ვიდრე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს გამოაცხადებდა.

რუსლან ჩიქოვანს ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაც ედებოდა ბრალად. პროკურატურის მიერ საქმეზე მინიჭებული კვალიფიკაცია ამ შემთხვევაში სრულად გაიზიარა სასამართლომ.

სასამართლოს წინა სხდომაზე რუსლან ჩიქოვანმა ჩვენების მიცემის დროს  მოსამართლეს უთხრა, რომ ის ქურდული სამყაროს წევრი არ არის, თუმცა დაადასტურა, რომ მისთვის მანამდე უცნობი ქართველი და თურქი ბიზნესმენი ერთმანეთს თვითონ შეახვედრა. „იმისთვის გავაკეთე ეს, რომ დაპირისპირება და ჩხუბი არ მომხდარიყო, მე მათ საუბარში საერთოდ არ ჩავრეულვარ,“- თქვა მსჯავრდებულმა რუსლან ჩიქოვანმა.

ჩიქოვანი წინა წლებშიც იხდიდა სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობისთვის. ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, როცა გასული წლის აგვისტოში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დააკავეს.

რაც შეეხება კაკო ტუღუშს, რომელიც მიიმალა და ამისთვის მას უფრო მძიმე სასჯელი შეეფარდა, ის რუსლან ჩიქოვანის მეგობრის შვილია. სკაიპით ჩანაწერში უშუალოდ კაკო ტუღუშის საუბრებია დაფიქსირებული დაზარალებულ ბიზნესმენებთან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: